ხიდი ძალაუფლებასა და ცოდნას შორის

ინტერვიუ ნინო ევგენიძესთან

ფოტო: ანა ბოკო

ნინო ევგენიძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორია. 2004 წლიდან 2010 წლამდე ცენტრში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა და ამ საქმიანობის პარალელურად, ის მუდმივად იღრმავებდა პროფესიულ ცოდნას, აგროვებდა საერთაშორისო ასპარეზზე მიღებულ გამოცდილებას, რათა საქართველოში დაბრუნებულს ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა. 2010 წლიდან ნინო ევგენიძე თავის გუნდთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად მონაწილეობს.

ეკონომიკური კვლევის ცენტრის (EPRC) შექმნის ისტორია

„ეკონომიკური კვლევის ცენტრი (EPRC) 2002 წელს დაარსდა და მიზნად ისახავდა ორგანიზაციის ირგვლივ შემოეკრიბა ახალგაზრდა ეკონომისტები, ფინანსისტები და ამ მიმართულებით მომუშავე ის ანალიტიკოსები, ვისაც უცხოეთში ჰქონდა განათლება მიღებული. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს და ე.წ. “Failed state”-ად მოგვიხსენიებს მსოფლიო. შესაბამისად, ორგანიზაციის შექმნის მიზანი იყო მსოფლიო გამოცდილებაზე დამყარებული, ობიექტური კვლევებით განმტკიცებული და ქვეყნის რეალობაზე მორგებული რეკომენდაციების წარმოება ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში.

ორგანიზაცია დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლებამიღებულმა ახალგაზრდა ეკონომისტებმა დავით ჭკადუამ, კახა უგულავამ და გიორგი ჭილაძემ დააარსეს. მანამდე ანტიკორუფციულ საბჭოში ვმუშაობდით, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაცია იყო და ფინანსდებოდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და სხვა დონორების მიერ და მუშაობდა სისტემური კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. 2003 წლიდან, ახალი ხელისუფლების მოსვლისა და სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ კოურფციის წინააღმდეგ ბრძოლის გადანაცვლების შემდეგ, საბჭომ თავისი სარეკომენდაციო ფუნქცია ამოწურა. ახალმა ხელისუფლებამ საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შემუშავებული სხვადასხვა რეკომენდაციები რეფორმებისთვის. ამის შემდეგ, ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში გავაგრძელეთ მუშაობა. ნებისმიერ წარმატებულ და განვითარებულ ქვეყანაში, სწორედ ასეთი ცენტრები და, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხიდი ცოდნასა და ძალაუფლებას შორის და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო და არის დღესაც.

2005 წელს ეკონომიკური ლიბერალიზაციის რეფორმების ახალი ტალღა დაიწყო. სწორედ მაშინ მიმდინარეობდა აქტიური განხილვები თუ რა უარყოფითი ან დადებითი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ რეფორმებს და რა გავლენას მოახდენდა ეს პროცესები ეკონომიკურ ზრდაზე. მაშინ აბსოლუტური უმრავლესობა აპოკალიპტურ სურათს ხატავდა და ამბობდა, რომ ეს რეფორმები დაანგრევდა ქვეყანას. ჩვენ შევძელით საპირისპიროს დამტკიცება ეკონომიკური პროგნოზირების მოდელზე დაფუძნებული არგუმენტებით, რომ ეს რეფორმები ბიძგს მისცემდა შემდგომ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.

EPRC-ის მიმდინარე პროექტები და მათი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის

EPRC ბევრ პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის რამდენიმე ყველაზე დიდ და მსხვილ პროექტს გამოვყოფდი. ერთ-ერთი ასეთი პროექტია შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინტერნაციონალიზაციას სერვისების სექტორში, განსაკუთრებით კი, ინტელექტუალური ბიზნესის სექტორში. უფრო კონკრეტულად, ამ პროექტის მიზანია, შერჩეულ სფეროებში (არქიტექტურა & დიზაინი; ე.წ Business Consulting და კომპიუტერული ტექნოლოგიები) 100 ქართული კომპანიის ევროპულ ბაზრებზე ინტერნაციონალიზაციას შეუწყოს ხელი, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით იქმნება საშუალო ფენა; ქვეყნის კრიტიკული მასა, რომელიც სვამს კითხვებს და აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში. მცირე და საშუალო ბიზნესების წახალისებით იქმნება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას ანგარიშვალდებულს ხდის დაასაბუთოს სად, როგორ და რატომ მიდის გადასახადების გადამხდელთა ფული. სწორედ ეს საშუალო ფენა არის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი.

ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ახალი ინიციატივაა „ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი,“ რომელიც თბილისში წელს გაიხსნა. ამ ცენტრს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი უხელმძღვანელებენ. ცენტრის მიზანია ამიერკავკასიაში, თურქეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუსეთში დემოკრატიის მხარდაჭერა. საქართველო ყოველთვის იყო ტონის მიმცემი ამ ქვეყნებისთვის ‒ თუ რუსეთი აქ, საქართველოში, ვერ გაიმარჯვებს ‒ ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებშიც მოხდება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

EPRC ყოველდღე ქმნის რაღაც ახალს, რითაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საქმიანობა ვერ იქნებოდა წარმატებული, ვერ იქნებოდა შედეგიანი, რომ არა ქვეყნისთვის მნიშვენლოვანი პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება და ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული მიდგომა. ცენტრი ბევრ პროექტს ახორციელებს, რომლებშიც ჩვენი გუნდის წევრები მოხალისეობრივად მუშაობენ, რადგან თითოეულ მათგანს აქვს მოტივაცია, მკაფიო მიზეზი და მიზანი, თუ რატომ აკეთებენ ამ საქმეს. მიზანი კი საქართველოს როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებაა. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა ხელი შეუწყოს ძლიერი ინსტიტუტების შენებას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის მაღალ ხარისხს. ცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელი და მთლიანი გუნდი, მუდმივად ცდილობს თავისი საქმით მაღალი სტანდარტი დაამკვიდროს, ბიძგი და მოტივაცია მისცეს სხვებს, დაანახოს მათ, რომ წარმოუდგენლად ბევრი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგად კონკრეტული შედეგების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის 5 წლისთავი – მიღწევები და გამოწვევები

ამ კონფერენციის შექმნის იდეა დევიდ კრამერთან კომუნიკაციისას დაიბადა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი იყო. კონფერენციის იდეა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, კურტ ვოლკერს გავაცანით. მოგეხსენებათ, ჯონ მაკკეინისთვის საქართველო განსაკუთრებული ადგილი იყო. თავისუფლების მოყვარული ქვეყანა, რომელიც მზად არის ამ თავისუფლების დასაცავად იბრძოლოს. არცერთ მის ვიზიტს საქართველოში არ ჩაუვლია საოკუპაციო ხაზთან მისვლისა და ამ ომის შედეგად სახლდაკარგულ საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრის გარეშე. მას უყვარდა საქართველო და ეს სიყვარული ღირებულებების, ღირსებისა და თავისუფლების მოყვარული ერების მიმართ იმდენად ძლიერი იყო, რომ გვინდოდა ერთობლივი ძალისხმევით შეგვექმნა მუდმივი პლატფორმა, რომელიც შეძლებდა საქართველოს წარდგენას საერთაშორისო პოლიტიკის მაღალ წრეებში, პლატფორმა, რომელიც ქართულ პოლიტიკას გლობალურ აქტუალობას შეუნარჩუნებდა. ჩვენი მიზანი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიგვეპყრო, ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რუსული ოკუპაცია და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან დემოკრატიული პროცესების ხელშეშლა. გვსურდა, მასშტაბური დისკუსიის გენერირება, თუ როგორ უნდა გადარჩეს ასეთი პატარა ქვეყანა გლობალურ კატაკლიზმებში და ამასთანავე, დანარჩენ მსოფლიოს შესთავაზოს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საომარ ვითარებაშიც კი, რეფორმების გაგრძელების შედეგად, მუდმივად შეძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ყოფნა. ეს კონფერენცია ინტელექტუალური შერკინების ზეიმად იქცა, რომელიც მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელ პოლიტიკურ საკითხებზე, რეკომენდაციების მაგენერირებელ დისკუსიებს წარმოშობს.

უნდა ითქვას, რომ მაკკეინის ინსტიტუტის და სხვა საქართველოს ერთგული მეგობრების მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო და არის დღესაც. ასევე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რომლის გარეშეც ეს კონფერენცია ვერ შედგებოდა; თანადგომა ისეთი კომპანიების მხრიდან, როგორიცაა, მაგალითად, „აჭარა ჯგუფი“, „საქართველოს ბანკი“ „თიბისი ბანკი“ და სხვა კომპანიები, რომლებსაც ესმით, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

კონფერენციაში მონაწილე და ჩართული ადამიანების რიცხვი და არეალი ყოველწლიურად იზრდება. კონფერენციას არაერთხელ ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივნები, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები.

წლევანდელი კონფერენციაც, როგორც ყოველთვის, პირდაპირი ანარეკლი იყო იმ პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშია. ვფიქრობ, კონფერენციამ ზუსტად ასახა რუსული აგრესიის კიდევ უფრო მზარდი საფრთხეები ჩვენი ქვეყნის მიმართ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარება და შემაფერხებელი გარემოებები

დემოკრატიული გარემო არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა ეკონომიკური განვითარებისთვის. პრობლემაა არაფორმალური მმართველობა. პრობლემაა ინვესტიციების კლება, რასაც ძალიან ბევრი წინაპირობა აქვს, ინფრასტურტურული პროექტების განხორციელების დაბალი ტემპი და ა.შ. შემაფერხებელი გარემოება, არის ის სისტემა, რომელიც ვერ მუშაობს. რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება გარე ფაქტორებიცაა, გლობალური კატაკლიზმები და ეკონომიკური კრიზისები. ასევე, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ტოტალური გაურკვევლობა ‒ მომავლის არცოდნის შიში საზოგადოების თუ ინვესტორების მხრიდან. მართალია, ინვესტიციების მოზიდვას წინაღობად რუსული ოკუპაცია გვევლინება, მაგრამ სხვა ჩამოთვლილი რისკებიდან უმეტესწილად ჩვენზეა დამოკიდებული.

უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლელი ინვესტორები უყურებენ ყველა იმ მაჩვენებელს, რაც ბიზნესოპერირებისას სჭირდება ‒ კორუფციის დონიდან დაწყებული, სამართლებრივი სისტემის გამართულად ფუნქციონირებით დამთავრებული. შესაბამისად, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის გარეშე, ქვეყნის პრობლემები ვერ აღმოიფხვრება. საქართველოს მთავრობამ უნდა შეძლოს საერთაშორისო ბიზნეს წრეებს დაუმტკიცოს, რომ საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა გრძელვადიანი უცხოური ინვესტიციებისთვის.“

ნინო ევგენიძე თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლის და, შესაბამისად, დემოკრატიის ხარისხის ზრდისთვის, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, რადგან სწრაფი რეფორმები არის სწორედ ის გზა, რითაც დასავლელ ინვესტორებს დავარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანაში ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი ტექნოლოგიების ჩამოტანა ნამდვილად ღირს. EPRC განაგრძნობს ლიბერალული, დემოკრატიული საზოგადოების შენებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ახალგაზრდა თაობას მეტი პოლიტიკური ჩართულობისკენ მოუწოდებს: „20 ივნისის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ თაობის გამაერთიანებელი იდეა თავისუფლებაა, რისთვის ბრძოლასაც ისინი არასდროს შეწყვეტენ. მათ ვეტყოდი, გააგრძელონ ეს ბრძოლა, რის შედეგადაც საქართველო აუცილებლად გახდება ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც სახელმწიფო მმართველობა დაეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს ‒ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.“