ხელოვნებითი თერაპია – სტრესის დაძლევისა და პროდუქტიულობის ხარისხის გაზრდის საუკეთესო საშუალება

 Steve Johnson
Steve Johnson

იმისათვის, რომ თანამედროვე ცხოვრება სტრესულად შევაფასოთ, ალბათ, არასაკმარისი იქნებოდა მხოლოდ გლობალური პანდემიის ვითარების გათვალისწინება. მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მოხმარება ტოტალურად გაიზარდა, ონლაინსივრცეში მუდმივად შუქდება სამყაროს აღსასრულის შესახებ ახალი ამბები. ამასთანავე, საზოგადოება ჩვენზე განუწყვეტლივ ახდენს ზეწოლას, რათა ყველა სფეროში თანაბარი მიღწევები გვქონდეს: ვიყოთ წარმატებული კარიერაში, გვქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები კოლეგებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, გვყავდეს შვილები, ამავდროულად, მუდმივად ვიყოთ ფორმაში და გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ. გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ გვეუფლება არასრულფასოვნების განცდა, გვიქვეითდება თვითშეფასება და შედეგად, გვივითარდება დეპრესია. 

დიდ ბრიტანეთში HSE-ის ბოლო კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, 35-54 წლის ასაკობრივი კატეგორიის დასაქმებულ ქალებში სტრესის დონე 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში, რადგან ქალები სამსახურეობრივ პასუხისმგებლობებთან ერთად, არაფორმალურ უსასყიდლო საშინაო, ემოციურ და დედობრივ შრომასაც ასრულებენ. ქალების ამგვარი ქცევა გამომდინარეობს საზოგადოებრივი წნეხიდან, რომელიც მათ ავალდებულებს, ერთდროულად აკეთონ „ყველაფერი“, რაც იწვევს იმის განცდას, რომ ისინი თავს შეუმდგარად გრძნობენ.  ეს ყოველივე უფრო მეტ სტრესს უქმნის ქალებს, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე ადვილია.

გარდა იმისა, რომ სტრესი ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს, ამავდროულად, ის აქვეითებს შემოქმედებითობის უნარს, რაც არ გვაძლევს საშუალებას, მუდმივად ვიყოთ პროდუქტიულები, გაგვაჩნდეს ახალი იდეები და საკუთარი საქმისგან სიამოვნებას ვიღებდეთ. 

Jon Tyson

„დასაქმებული ქალები ყველანაირად ვცდილობთ, ბალანსი გამოვნახოთ კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის. თუ გასულმა წელმა რაიმე გვასწავლა, ეს იყო თავის მოვლის მნიშვნელობა და ის, რომ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირდაპირპროპორციულია სამუშაოს ნაყოფიერად შესრულებასთან“, – აღნიშნავს კრეატიულობის ექსპერტი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევარი ხელოვანი, ჯესიკა ჰიუზი.

შვიდი შვილის მარტოხელა დედა, ჯესიკა ჰიუზი, 20 წელზე მეტია, ხელოვნების ინდუსტრიას ემსახურება. მას გახსნილი აქვს სახელოსნოები, სადაც საკუთარ შედევრებს ყიდის. ამავდროულად, ჯესიკა მუშაობს ბავშვთა საავადმყოფოებშიც და პაციენტებს ხატვის გაკვეთილებს უტარებს. გარდა ამ საქმიანობისა, ჯესიკა ჰიუზი ამჟამად ხელოვნების პრაქტიკული თერაპიული მეთოდით მეწარმეებს ეხმარება, თავიანთ თავებში გააღვიძონ კრეატიულობა, გაძლიერდნენ, აიმაღლონ თვითშეფასება და განივითარონ შემოქმედებითი უნარები. ჯესიკას ბიზნესის ეს იდეა მაშინ დაებადა, როდესაც გააანალიზა, თუ რამდენად დადებითი გავლენა მოახდინა მასზე და მის გარშემომყოფებზე ხელოვნებით თერაპიამ: 

„საკუთარი ფსიქიკური ჰიგიენის დასაცავად მე დიდწილად ვეყრდნობოდი ხელოვნებას, როგორც ინსტრუმენტს, რომლითაც კეთილგონიერადაა შესაძლებელი საკუთარი ემოციური გამოცდილების გამოხატვა. ხელოვნება არის მექანიზმი, რომელიც მმატებს ძალას, გახსნილი გონებითა და სიფრთხილით დავძლიო ჩემს გარშემო არსებული ცხოვრებისეული სტრესი“. 

როდესაც ვეძიებთ გზებს, თუ როგორ გავათავისუფლოთ დახშული გონება, ეს უკვე საკუთარ თავზე ზრუნვაა. ხატვის პროცესში ჩვენ ვააქტიურებთ ტვინს და დროებით ვწყდებით სამყაროს, სადაც ყველაფერი ვადებზე, ე.წ. დედლაინებზეა დამოკიდებული და წარმატება სამუშაოს დროული შესრულებით იზომება. 

რა თქმა უნდა, ბევრმა ჩვენგანმა იცის ის, რომ დაძაბული გრაფიკის მიუხედავად დროის დათმობა მცირედი შემოქმედებითობისთვის სასარგებლოა, თუმცა ამას რამდენად  შეუძლია ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება, ნაკლებადაა გააზრებული საზოგადოებაში.

„ხელოვნების ნიმუშის შექმნის დროს ჩვენი ცნობიერი გონება ითრგუნება, რის გამოც, ქვეცნობიერ გონებას უფრო მეტი თავისუფლება ეძლევა საკუთარი თავის გამოხატვისთვის“, – განმარტავს ჯესიკა. „ქვეცნობიერი გონება გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, გვათავისუფლებს სტრესისგან, გვმატებს თავდაჯერებულობას, გვახალისებს და გვგვრის თავისუფლების განცდას. გარდა ამისა, ხელოვნება გვთავაზობს კომუნიკაციის ალტერნატიულ გზას და გვეხმარება უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ ჩვენი ხასიათის თავისებურებები“.

ჯესიკას თქმით, ამგვარი ექსპერიმენტები კრეატივის უნარების დახვეწასაც უზრუნველყოფს. „სამყაროში ძალიან ცოტა შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ექსპერიმენტები უსაფრთხო გარემოში განვახორციელოთ, სადაც არავინ გვეტყვის თუ რა არის „სწორი ან არასწორი“. „ხელოვნება ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა“, – განმარტავს ჯესიკა. „ნებისმიერ დროს, როდესაც საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ, აღტაცება და სიამოვნება განვიცადოთ, ვითამაშოთ ბავშვივით, ვიყოთ ცნობისმოყვარეები და გულღიები სიახლეებისადმი, ჩვენ სიმშვიდის, სილაღისა და სრულყოფილების განცდა გვეუფლება“.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების უპირატესობები აშკარაა, გასაკვირია, თუ რატომ არ იყენებს ამ პრაქტიკას ადამიანების უმეტესობა. ჯესიკას თქმით, შიში ყველაზე დიდი ბარიერია ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მათთვის, ვისი შემოქმედებითი უნარებიც იგნორირებული ან სათანადოდ დაფასებული  არ იქნა მცირე ასაკში.

„დღეს, როდესაც საზოგადოება გვიწესებს ზღვრებს და მუდმივად გვასწავლის, თუ რა არის სწორი და არასწორი, ხელოვნების ნიმუშების შექმნა ისეთ გარემოში, სადაც თავისუფალნი ვართ კრიტიკისა და გაკილვისგან, გვეხმარება იმაში, რომ პრობლემები მარტივად გადავჭრათ, აღმოვაჩინოთ საქმის კეთების ახალი ხერხები, რომლებიც ჩვენთვისაა მისაღები“.

ჯესიკა განმარტავს, რომ ხელოვნება არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც ამ სფეროში ნიჭიერებად და ოსტატებად მიიჩნევიან. სინამდვილეში, კვლევებმა აჩვენა, რომ მხატვრები და არამხატვრები, რომლებიც შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან, ორგანიზმში სტრესის მაღალი დონის დროს წარმოქმნილი ჰორმონის, კორტიზოლის ვარდნას ერთნაირად განიცდიან, განურჩევლად გამოცდილებისა და ნიჭისა.

თუ თქვენ ჯერ კიდევ გიჭირთ ხელოვნებით დაკავება, მაშინ ეს წარმოიდგინეთ როგორც შანსი, შეიძინოთ ის უნარ-ჩვევა, რომელიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება სამსახურში. 

„ტექნოლოგიები აჩქარებს სამყაროს განვითარების ტემპს და ახლებურ ელფერს სძენს ყველაფერს. აღმასრულებელ დირექტორებსა და მეწარმეებს სჭირდებათ კრეატიული ლიდერობის უნარ-ჩვევები, რათა თანამშრომლები შთააგონონ, იყვნენ პროდუქტიულები და ინოვაციურები. მათ შორის ყველაზე კრეატიულებს კი ექნებათ შესაძლებლობა, შექმნან ატმოსფერო, რომელიც უსაფრთხოა ექსპერიმენტებისთვის, იმისათვის, რომ სცადონ პრობლემის გადაჭრის ყველა შესაძლო ვარიანტი, მიუხედავად იმისა, მოიტანს თუ არა ისინი რეალურ შედეგს“.

ქვემოთ მოცემულია ჯესიკას მიერ რეგულარულად გამოყენებული ორი ტექნიკა კლიენტებთან, რომლებიც ცდილობენ, გააუმჯობესონ თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეამცირონ სტრესი და გამოიყენონ კრეატიულობა.

Anna Kolosyuk

მუსიკის, სიტყვებისა და საღებავის შერწყმა

დღიურის წარმოება დარდისგან დაცლასა და ფაქტების მნიშვნელობის მიხედვით დახარისხებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს ასევე ხელს უწყობს მუშამეხსიერების გაუმჯობესებას. როდესაც დღიურს მუსიკის თანხლებით ვწერთ, ჯესიკას თქმით, ეს პროცესი ჩვენზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს. „მუსიკას შესწევს ძალა, მოგვწყვიტოს რეალობას და როდესაც ის დღიურის წერასთანაა შერწყმული, იგი თვითგამოხატვის მძლავრ ინსტრუმენტად იქცევა“. მუსიკა გვთავაზობს მოვსინჯოთ წერა „ცნობიერების ნაკადზე“ დაყრდნობით, ანუ შეუზღუდავად და თავისუფლად ვწეროთ ყველაფერი იმის შესახებ, რაც ჩვენს ცნობიერ გონებაში წარმოიქმნება და ვრცელდება. 

დღიურში აღბეჭდილი აზრების გარშემო ხატვა, საშუალებას გვაძლევს, უფრო თავისუფლად გამოვხატოთ ისინი, რადგან ამ შემთხვევაში, არ გვექნება იმის შიში, რომ ვიღაც ჩვენს სიტყვებს წაიკითხავს. მუსიკის ფონზე წერა ასევე ააქტიურებს გონების ორივე ნაწილს და გვიწყობს ხელს, ვიკომუნიკაციოთ როგორც ვიზუალურად, ისე ვერბალურად.

სცადეთ ეს მეთოდი მაშინ, როდესაც თქვენში სტრესის დონე მაღალია, გრძნობთ შფოთვას იმის გამო, რომ რაღაცას ვერ იხსენებთ ან ცდილობთ, გადაჭრათ პრობლემა, რომელსაც სამსახურში აწყდებით.

ორმხრივი დუდლინგი

ყველას გვახსოვს ის დღეები, როდესაც გაკვეთილებზე ან ლექციებზე ვისხედით და რვეულის არეზე მექანიკურად ვხატავდით. თუმცა ეს სულაც არ მიანიშნებს იმაზე, რომ საკითხი, რომელსაც ვისმენთ, არ გვაინტერესებს, არამედ ეს არის გონების მცდელობა, ჩასწვდეს საკითხის აზრს. 

ჯესიკა გთავაზობს ორივე ხელით ვცადოთ ხატვა, როდესაც რაიმეზე ვფიქრობთ და გვსურს ღრმად გავიაზროთ რაიმე ფენომენი. ამისათვის საჭიროა, ავიღოთ ორი საწერი ან სახატავი საშუალება და ერთი მარჯვენა ხელში დავიჭიროთ, მეორე – მარცხენაში. შემდეგ, ერთი და იმავე ქაღალდზე, ერთდროულად დავიწყოთ ხაზების ან ფორმების ხატვა, ისე რომ თითოეული მხარე მეორის სარკის მიერ წარმოქმნილ გამოსახულებას ჰგავდეს. 

ჯესიკას თქმით, ეს მეთოდი ჩვეულებრივი ხატვისგან იმით განსხვავდება, რომ ამ დროს ტვინის ორივე მხარე აქტიურდება და უარყოფითი აზრებისგან ყურადღების გადატანით გუნება-განწყობილება უკეთესობისკენ გვეცვლება.

„ორმხრივი ხატვის პრაქტიკა ყველაზე ეფექტური საშუალებაა მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობისთვის. ამ დროს ჩართულია თავის ტვინის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ნახევარსფერო, მშვიდდება ნერვული სისტემა და გონება სრულად ერთვება პროცესში“. 

სცადეთ ეს მეთოდი მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ თქვენი გონება დახშულია და გიჭირთ სამსახურეობრივ პრობლემებთან გამკლავება, ან გიჭირთ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება –  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საოფისე გარემოში იმყოფებით და მხოლოდ საკანცელარიო ნივთებზე მიგიწვდებათ ხელი. 

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის გადასაჭრელად სამუშაო ადგილას ესკიზის უეცრად შექმნის იდეა უადგილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, კვირის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთის დათმობაც თქვენი კრეატიულობის გამოსახატავად, დიდ სარგებელს მოგიტანთ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საქმიანობისთვის. 

„კრეატიულად აზროვნება მაქსიმალურად ზრდის ადაპტაციის, მოქნილობისა და თავდაჯერებულობის ხარისხს და წარმოადგენს ძალას, რომელიც სიახლეებს ნერგავს ყველა სფეროში. ეს გვანიჭებს შესაძლებლობას, გავხდეთ უფრო მანევრულები და გამოვარკვიოთ ახალი იდეები, შევქმნათ ახალი პროდუქტი, აღმოვაჩინოთ ახალი ბაზარი, აუდიტორია და მათთან მისასვლელი ახალი გზები. ვიზუალური ხელოვნებისა და კრეატიულობის სავარჯიშოები ზრდის ტვინის შესაძლებლობებს გააკეთოს ეს ყველაფერი, ასე რომ, მე მჯერა, რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია, რომელიც აკავშირებს კრეატიულობას მაქსიმალურ მოგებასთან, სამუშაოს ეფექტურად შესრულებასთან და საერთო კეთილდღეობასთან“.

ჯესიკა ჰიუზისა და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მის ვებ-გვერდს.

წყარო: forbes.com

თარგმნა – სალომე აბრამიშვლი