ინტერვიუ დეა პაპასკირთან
ავტორი: თამარა კაჭახიძე
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრი “დეამედი” პაციენტებს თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით მომსახურებას სთავაზობს. კლინიკის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი, პლასტიკური ქირურგი – დეა პაპასკირია. მისი მრავალწლიანი გამოცდილება ითვლის რამდენიმე წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.
როგორ გაჩნდა “დეამედის” შექმნის იდეა?
იდეები, რომლებიც მომენტალურად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, ხშირად ყველაზე საინტერესო და წარმატებულ პროექტებად ყალიბდება. “დეამედის” შემთხვევაშიც ასე იყო, შეიძლება ითქვას, რომ კლინიკა სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნა. ესთეტიკური ქირურგიის სფეროში 16 წელია რაც ვმუშაობ, 2010-ში კი დავიცავი დისერტაცია. ჩემი პირველი პროექტი საზღვარგარეთ ჩამოვაყალიბე, შემდეგ კი 8 თვით ჩამოვედი საქართველოში და სწორედ ამ დროის განმავლობაში შევქმენი მეორე პროექტი – “hairline.” ამ კლინიკაში წლების განმავლობაში ვმუშაობდი და ასევე ვამზადებდი სამედიცინო კადრებს. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების ფონზე კი, ზოგჯერ, ასეც ხდება – შენი სახელის გაგონებაზე საზოგადოებას შენი პროფესია ახსენდება. დეა? ანუ თმის გადანერგვა. სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს მესამე პროექტს “დეამედი”.
განვითარების გზა: რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ იმისათვის, რომ “დეამედი” დღეს იქ ყოფილიყო, სადაც არის?
ერთ ადგილას ვერ ვჩერდები – მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არსებობს ასეთი გლობალური არაკომერციული სამედიცინო ასოციაცია – თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება (ISHRS). ის აერთიანებს 1100-მდე წევრს 70 ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია, სამედიცინო თერაპიის სფეროში ჩატარებული კვლევების ხელშეწყობით, საუკეთესო სტარდარტებისა და ხარისხის ჩამოყალიბება. წელიწადში ერთხელ მაინც ვსტუმრობ ამ ორგანიზაციას ამერიკაში და ყოველი ვიზიტი ფასდაუდებელ გამოცდილებად რჩება. აქ ექიმები ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებებსა და მიღწევებს, ვსწავლობთ ერთმანეთისგან და შემდეგ ამ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებთ. კლინიკა “დეამედი” აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით – ყველაფრით, რაც თანამედროვე სტანდარტებისთვის არის საჭირო, თუმცა ჩემი კიდევ ერთი გამარჯვება ჩემი გუნდია, შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ქმნიან “დეამედის” წარმატებას.
თქვენ ხართ პლასტიკური ქირურგი და მედიცინის დოქტორი – ამავდროულად წარმატებული ბიზნესის მფლობელი. თქვენი აზრით, საკმარისია თუ არა მხოლოდ სამედიცინო განათლება წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად?
შენ შეიძლება იყო ძალიან ჭკვიანი და შენი საქმის პროფესიონალი ექიმი, მაგრამ როცა საქმე ბიზნესს ეხება… აქ უკვე ბიზნეს ხედვაა საჭირო. გარდა ამისა, როდესაც ესთეტიკური მედიცინის, კერძოდ კი, პლასტიკური ქირურგიის სფეროში მუშაობ, აუცილებლია გქონდეს მხატვრული ნიჭი, სხვანაირად შეუძლებელია. ჩემი მუშაობის სტანდარტი თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალური მიდგომის სტილია. ეს, რა თქმა უნდა, გამოცდილებასაც მოაქვს. ვიტყოდი, რომ სწორედ ინდივიდუალიზმი ქმნის ხარისხს. ჩემს სფეროში კი განსაკუთრებით. აქ აუცილებელია სწორად დაისვას დიაგნოზი, სწორად დაიგეგმოს და შემდეგომ კი მაღაკლვალიფიციურად ჩატარდეს ოპერაცია – ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, როცა გყავს გუნდი დიდი გამოცდილებით, რა თქმა უნდა, იღებ სასურველ შედეგსაც.
ასევე გამოვყოფდი ინტუიციას, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნესის განსავითარებლად. ამას ჩემი ოჯახის წევრები ხშირად მეუბნებიან. გავიხსენებ ბავშვობას – როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და არ ვიცოდი, რომ სამედიცინო სფეროს ავირჩევდი, ხშირად ვერთვებოდი მამაჩემთან დისკუსიაში ეკონომიკურ საკითხებზე. ის ეკონომისტია და სულ მეუბნებოდა, რომ ამ მიმართულებით კარგი ინტუიცია მქონდა. ეს უნარი დღეს ხელს მიწყობს ვიყო კარგი ფსიქოლოგიც – მივხვდე, რა სურს პაციენტს და როგორი ფორმით. რაც შეეხება ბიზნესს – აქაც გაამართლა ინტუიციამ. დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც სხვა დანარჩენი პროექტები, “დეამედიც” წარმატებული იქნებოდა. მეტიც, წარმატებასთან ერთად ეს ჩემთვის გასაკუთრებული პროექტია – ერთი დიდი ოჯახი.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
ჩემი წარმატება ჩემი ოჯახიდან იწყება. ჩემი მეუღლე, ალექსი მახარაშვილი, რომელიც პროფესორი და ჩემი კოლეგაა, მუდმივად გვერდში მიდგას და რჩევებს მაძლევს, ასევე ჩემი შვილები. ჩემი ოჯახური ცხოვრებაც ხშირად “დეამედთან” არის დაკავშირებული. ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვფიქრობთ, თუ როგორ განვავითაროთ კლინიკა, რა შევმატოთ მას. ჩემი მეორე ოჯახი ჩემი კოლექტივია. წარმატება და წინსვლა არ მოვა, თუ არ გყავს კარგი კადრები, განსაკუთრებით კი სამედიცინო სფეროში. წარმატებაა – ერთგული და ჭკვიანი გუნდი, სპეციალისტები, რომლებიც ქმიან ხარისხს. ჩვენ ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი დანარჩენი პროექტების მსგავსად, წარმატება მომავალშიც გვეწვევა.
“დეამედის” შემთხვევაში, რას თვლით კომპანიის ყველაზე დიდ წარმატებად?
უამრავი კმაყოფილი პაციენტი – ეს ექიმისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ჩემი პაციენტები ჩემი მეგობრები არიან. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც მათ სჯერათ და აფასებენ შენს შრომას, როცა ბედნიერება ორმხრივია. როგორც ყველა კომპანია თუ ბიზნესი, ჩვენც ვზრუნავთ და ვანვითარებთ ჩვენს მარკეტინგულ მხარეს, თუმცა ჩვენი ყველაზე დიდი რეკლამა ჩვენი პაციენტები არიან. მიხარია, რომ დღეს თმის გადანერგვის მიმართ ჩვენს საზოგადოებას აღარ აქვს მკაცრი მიდგომები. ამ დარგის განვითარებამ და წინსვლამ შეცვალა აზროვნება და ხედვები. თუ 10 წლის წინ ხალხი ამას მალავდა, დღეს უკვე თამამად იკეთებენ ოპერაციას და შემდეგ წარმატებულ შედეგებს უზიარებენ მეგობრებსა და ნაცნობებს.
რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც მომავალს ამ ბიზნესში ხედავენ?
პირველ რიგში, საჭიროა კარგი განათლება, შემდეგ კი მიზანდასახულობა და შრომა. სამედიცინო სფეროში წარმატება პროფესიონალიზმის გარეშე წარმოუდგენელია. ექიმმა არასოდეს უნდა თქვას – მე ყველაფერი ვიცი. პირიქით, ჩვენ სულ უნდა ვსწავლობდეთ, ვვითარდებოდეთ და ვიზიარებდეთ კოლეგების აზრს. ყოველი ახალი დღე ახალი გამოცდილებაა. პაციენტებთან კომუნიკაციის თითოეული საათი კი ახალი პრაქტიკა და გზა განვითარებისკენ. მე, როგორც კლინიკის ხელმძღვანელი, ორიენტრირებული ვარ არა მხოლოდ ჩემს, არამედ მთელი ჩემი გუნდის განვითარებაზეც. მგონია, რომ სწორედ ასე იქმნება შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი გუნდი, რაც სამედიცინო სფეროში წარმატების საწინდარია.