„ლიდერობა 21-ე საუკუნეში არის დიალოგი და არა მონოლოგი“ – TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ცირა კემულარია ლონდონიდან Forbes Woman Georgia-ს კლუბისა და TBC STATUS-ის ერთობლივი შეხვედრისთვის ჩამოვიდა.
შეხვედრაზე “წარმატების ისტორია”, მან ისაუბრა 21-ე საუკუნეში ლიდერობისთვის საჭირო თანდაყოლილ თუ შეძენილ უნარებზე და განათლების სისტემის როლზე ამ უნარების ჩამოყალიბებაში.
ცირა კემულარია 200-მდე სტუმარს თავისი კარიერისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული რჩევები მისცა.
მისი თქმით დღეს ბიზნესში წარმატების მისაღწევად საჭიროა საკუთარი თავის შეფასების უნარის განვითარება, განსაზღვრა რა ვიცით და რისი ცოდნა გვაკლია, რა არის ჩვენი ღირებულებები. საუბრისას მან ხაზი გაუსვა ადაპტაციისა და ტრანფორმაციის უნარის არსებობის მნიშვნელობას: „ყოველი ორგანიზაცია არის ცოცხალი ორგანიზმი, ლიდერი ამას უნდა ხედავდეს და კომპანიას მხოლოდ შიგნიდან არ მართავდეს“.
სტუმარმა ასევე ისაუბრა გუნდთან ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გუნდის წევრების ცოდნის სწორად შეფასება, რადგან მათი საუკეთესო უნარების გამოყენება მიზნის მიღწევის პროცესს ბევრად უფრო სწრაფსა და ეფექტურს ხდის.
ცირა კემულარია შეეხო გენდერული თანასწორობის საკითხსაც: „მე 20 წელი გავატარე ენერგო სფეროში, სადაც დომინანტური სქესი მამრობითია. ეს გახდა შესანიშნავი მდგომარეობა ჩემთვის საკუთარი თავის გამოსაცდელად. ამ სფეროში მამაკაცებთან მუდმივად შეჯიბრება არ ყოფილა ადვილი, თუმცა არც შეუძლებელი, როგორც ხედავთ“.
“Vision without action is beauty and dream, action without vision is only passing time, vision and action together can change the world” – ცირა კემულარიამ შეხვედრა ამ სიტყვებით დაასრულა და აღნიშნა, რომ ნამდვილ ლიდერს ყოველთვის აქვს ხედვა, სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ, რათა მუდმივად იყოს კონკურენციის რეჟიმში და არა კომფორტის ზონაში.
ცირა კემულარიამ 1999 წელს დაამთავრა ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების სპეციალობით. 2019 წლის თებერვლიდან კი იკავებს “შელის” გლობალური სავაჭრო კომპანიების მთავარი შიდა აუდიტორის პოზიციას. 2018 წლის სექტემბერში ცირა კემულარია დაინიშნა სს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.