ინტერვიუ ეკატერინე ზღულაძესთან
დავიწყოთ ბავშვობით – როგორი გახსოვთ საკუთარი თავი, რა ინტერესები ან მისწრაფებები გქონდათ?
ყოველთვის დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი, ჩემით ვთამაშობდი, ჩემით ვმეცადინეობდი, ვიყავი ძალიან ჩქარი, რაც ყოველთვის ხარისხს არ ნიშნავდა და ამაზე, ძირითადად, ბევრი საყვედური მხვდებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ რაღაც უნდა მომესწრო, დიდი დროის ერთ ადგილზე გაჩერებაში დაკარგვა ყოველთვის მენანებოდა, მათ შორის ძილშიც. მაშინაც მენანებოდა და ახლაც.
ჩემი ცხოვრების პირველი გარდამტეხი პერიოდი დადგა 1993 წელს, როცა საქართველოში პირველად შემოვიდა ამერიკული გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის. ბავშვების არჩევა კონკურსის საფუძველზე ხდებოდა. მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე პატარა მონაწილე. ალბათ ჩემს მშობლებს იმის განცდა ჰქონდათ, რომ უკეთეს მომავალში მიშვებდნენ და მართლაც ასე მოხდა. ის ამერიკული სკოლა, რომელშიც მოვხვდი – ოკლაჰომაში – ძალიან პატარა ქალაქში მდებარეობდა. გამორჩეულად მახსოვს ექსპერიმენტული ჟურნალისტიკის კლასი, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება და შესაძლებლობები მომცა. ამ კლასიდან მიღებული ცოდნის დამსახურებით, დამწყებ ჟურნალისტთა კონკურსში გავიმარჯვე, მოვიპოვე დაფინანსება და ვიმოგზაურე დაახლოებით 30 შტატში. ვიმოგზაურე, ვიცხოვრე, განვიცადე… ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით მუდმივად ვწერდი. მექსიკაშიც კი მოვხვდი 2 კვირით, უკან აბსოლუტურად შეცვლილი, სხვა ადამიანი დავბრუნდი, ბევრად უფრო დამოუკიდებელი, მიზანდასახული და დაიმედებული.
ამ ჩემი მრავალფეროვანი აქტივობების გამო, მქონდა რამდენიმე ფანტასტიკური შემოთავაზება და თუ რამეზე მწყდება გული ხანდახან, ერთ-ერთი ისაა, რომ უარი ვთქვი ჰარვარდის სრულ დაფინანსებაზე და არ გავაგრძელე სწავლა ამერიკაში. მაგრამ, ჩემი მიზეზები მქონდა… საქართველოსთვის უმძიმესი წლები იყო, პატარა ვიყავი, მშობლებიც მენატრებოდა, მუდმივ შიშში ვცხოვრობდი, რომ რაღაც მოხდებოდა და საქართველო აღარ იარსებებდა, აღარ მექნებოდა სახლი, რომელშიც დავბრუნდებოდი. მინდოდა ეს წლები ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გამეტარებინა. ჩემი მშობლებისთვის რთული იყო ხელფასიანი სამსახურის შოვნა. რეალურად, ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა საკუთარ თავზე ავიღე. მე არ ვთვლი, რომ ეს მსხვერპლი იყო, პირიქით, სხვანაირი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო ცხოვრება გამოვიარე.
თქვენი ცხოვრების მრავალმხრივ საინტერესო ერთ-ერთი ნაწილი, ალბათ ისიც იყო, რომ 2015 წელს Foreign Policy-მ დაგასახელათ Global Thinker-ად და ამით თქვენი ინდივიდუალური წვლილი აღიარა გლობალური პრობლემების აღმოფხვრაში. რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა თქვენთვის? რას ნიშნავს ამ პლატფორმაზე საქართველოს ელჩობა?
ამ ტიტულის მოპოვება, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. თვითკრიტიკულობის გამო, ხშირად მეჩვენებოდა, რომ ის რასაც მე ვაკეთებდი, არ იყო გრანდიოზული მნიშვნელობის, რადგან მე არ ვქმნიდი პროდუქტს. ყოველთვის ბევრად უფრო დიდ პატივს ვცემდი ადამიანებს, რომლებიც იგონებენ წამალს, შეუძლიათ განკურნონ სიმსივნე ან კოსმოსში გაუშვან ახალი ხომალდი. ასეთი იყო იმ წელს დაჯილდოვებული ადამიანების სრული უმრავლესობა. მეც მათ გვერდით აღმოვჩნდი, რამაც მიბიძგა გადამეფასებინა განვლილი ცხოვრება. მივხვდი, რომ შემიძლია რასაც აქამდე ვაკეთებდი და ვაკეთებ, სხვა ადამიანების წარმატებაში ვთარგმნო.
ქართული სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, ქალისთვის საკმაოდ უჩვეულო სფეროში მოღვაწეობთ. რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ კარიერულ მიღწევად?
პირველად ვარ იმ ასაკში, როცა შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს საინტერესო წარსული, რომლისგანაც ბევრი გაკვეთილი ვისწავლე. უკვე განხორციელებულ ან ხორცშესხმულ იდეებს თუ შევაფასებ, ძალიან ვამაყობ, რომ მქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო ისეთი ძირეული ცვლილებების შენებაში, რომელიც დარჩა და მომავალში ბევრად უფრო დიდი პროცესების ჩანასახი იქნება. მაგალითად, მომსახურების სააგენტოს შექმნა, რომლის ბაზაზეც შემდეგ იუსიტიციის სახლის მოდელი განვითარდა. ინდივიდუალური წარმატების თვალსაზრისით, ყველაზე დიდ მიღწევად ალბათ, მაინც უკრაინაში საპატრულო პოლიციის გაშვებას შევაფასებდი. მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური გუნდი გვყავდა, მათ შორის რამდენიმე ქართველიც, გამოწვევა ბევრად უფრო დიდი იყო, მაინც მარტო ვიყავი განსხვავებულ კონტექსტში.
რამდენად რთული იყო გენდერული თანამსწორობის იდეის შეტანა სამართალდამცავ სტრუქტურაში?
სამართალდამცავი სტრუქტურა ძალიან სპეციფიკური სექტორია ქალისთვის. ერთი მხრივ არ არის ჯანსაღი სიტუაცია, რადგან უმრავლეს თანამდებობაზე ქალი და კაცი არათანაბარ პირობებში მუშაობს. თუმცა, ის რაც მე, პირადად, დამეხმარა, იყო თავად სტრუქტურის ბუნება. როდესაც შედიხარ ხელმძღვანელის თანამდებობაზე, გარკვეული პროცესები მარტივდება, ქალი ხარ თუ კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სისტემა იერარქიას ემორჩიელება. აღსანიშნავია, რომ პატივისცემა თანამდებობასთან ერთად არ მოდის. ამაზე დიდი შრომა და დროის რესურსის დახარჯვა დამჭირდა. როცა 26-27 წლის ვიყავი, სულ ახალი დანიშნული, მქონდა მომენტები, როცა სპეციალურად არაქალურად ვიცვამდი, ხაზგასმით, რომ ამ სპეციფიკურ ყურადღებას დამატებითი პრობლემები არ შეექმნა ჩემთვის. არ ვხმარობდი მაკიაჟს, რომ ზედმეტი კომპლიმენტები, რომლებიც გარკვეული პროცესების საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო, თავიდანვე ამომეძირკვა. ეს ჩემი სისუსტის მაჩვენებელი იყო. მაშინ გამოცდილება მაკლდა და არ ვიცოდი როგორ გავმკლავებოდი დამატებით სტრესებს, მაგრამ თავის დროზე, კარგი თავდაცვის მექანიზმი აღმოჩნდა.
რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც ჩემს იდეას ეწერებოდა სხვისი სახელი და გვარი, ძირითადად, კაცის, ან ჩემი გაკეთებული საქმისთვის მადლობას ან ჯილდოს იღებდა სხვა, ძირითადად, კაცი. ხშირად ვეუბნებოდი ჩემს თავს – “ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია საქმე გაკეთდეს.” მაგრამ ასე არ არის, მოტივაცია გიქრება, გული გწყდება და ყველაზე მნიშვნელოვანი – სხვისთვის მაგალითს ვერ ტოვებ. მივხვდი, რომ ჩემი საქმე მხოლოდ მე არ მეხებოდა. ვისწავლე პატარა ხრიკები, შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირად თეთრი ფერის სამოსს ვიცვამდი, რადგან ყურადღებას მარტივად ვიპყრობდი. როცა 40 კაცის თათბირს ვესწრებოდი, ჩემი სუსტი ხმის ტემბრით, და აზრის დაფიქსირება მინდოდა, რაც ხშირად არ გამომდიოდა, მივხვდი რომ ფეხზე ადგომით ჩემეძლო ჩემი ხმისთვის სიძლიერე შემემატებინა. ჩემი საქმით და ქცევებით მუდმივად ვცდილობდი სხვებისთვის მაგალითი მიმეცა. ვფიქრობდი იმ ახალგაზრდა ქალებზე, რომლებიც მაშინ ჩემი მაგალითით შთაგონებულნი მოვიდნენ სისტემაში და ვთვლიდი, რომ მათთან ვალდებული ვიყავი დამეცვა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის სახელი.
ქალთა გაძლიერება სადავო საკითხია. საზოგადოების აზრი ხშირად იყოფა ამ პროცესის შინაარსსა და ეფექტურობაზე. უნდა არსებობდეს თუ არა განსაზღვრული სტრატეგიები და ინიციატივები, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე კერძო კომპანიების მხრიდან, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში ქალთა ეკონომიკურ თუ სოციალურ გაძლიერებას?
ვფიქრობ, ამ პროცესში ყველაზე მთავარი პრობლემა, რისი აღმოფხვრაც ძირეულ ცვლილებებს მოიტანს, არის ქალებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა და ამ კუთხით გენდერული ბალანსის დაცვა. ეს არ უნდა იყოს არანაირი დაპირისპირების საგანი, ამაზე ყველა ძალიან მარტივად უნდა ვთანხმდებოდეთ. იცით, მადლენ ოლბრაიტს აქვს ნათქვამი – ჯოჯოხეთში ცალკე ადგილი უნდა იყოს ქალებისთვის, რომლებიც არ ეხმარებიან სხვა ქალებსო. აბსოლუტურად ვეთანხმები. ძალიან ხშირად, მძიმე წნეხის ქვეშ აღმოვჩენილვარ, სწორედ ქალების არაკოლეგიარულობის გამო. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ქალებზე, როგორც ჯგუფზე, მაშინ ქალებმა უნდა აღიქვან თავი, როგორც ჯგუფი, დაიცვან თავიანთი ინტერესები, გასაჭირში სოლიდარობა გამოუცხადონ და საერთო პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარონ ერთმანეთს. ზოგადად წინააღმდეგი ვარ ჯგუფური იდენტობის, მაგრამ როცა შეგვიძლია ქალს მორალური ძალა, მოტივაცია, პერსპექტივა შევმატოთ, ცოდნა გავუზიაროთ, ეს უნდა გავაკეთოთ. ამას ბევრად მეტი შედეგი მოაქვს, ვიდრე გვგონია.
რას საქმიანობთ ახლა?
როცა უკრაინაში წავედი, ზუსტად ვიცოდი სად, რამდენი ხნით და რატომ მივდიოდი. ეს იყო საინტერესო გამოწვევა, მნიშვნელოვანი ბევრი მხრივ, როგორც საქართველოსთვის ისე უკრაინისთვის. გამოგვივიდა და ეს ცალსახად კარგია. თუმცა, როცა რაღაც გამოგივა, იმის მიტოვება და წამოსვლა არის ყველაზე რთული. კიევიდან წამოვედი 2016 წლის ბოლოსკენ. უკრაინაში სამთავრობო კრიზისი იყო. ახალი პრემიერი უნდა დანიშნულიყო. სამივე პრემიერობის კანდიდატმა შემომთავაზა ვიცე პრემიერობა. დავდექი ძალიან მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, რადგან ეს შემოთავაზება და ჩემი გადაწყვეტილება მთლიანად ცვლიდა თამაშის წესებს. ბევრი ვიფიქრე. როცა სამივე კანდიდატისგან მივიღე შემოთავაზება, გარკვეული პერიოდი ეიფორიაში ვიყავი. ვიაზრებდი, რომ ეს იქნებოდა ჩემთვის გადამწყვეტი კარიერული ნაბიჯი. თუმცა, ძალიან შეგნებულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მინდოდა. მივხვდი, რომ დიდი მსხვერპლის გაღება და პიროვნული ცვლილება დამჭირდებოდა იმისთვის, რომ ამ ახალ როლს მოვრგებოდი. ამიტომ, ძალიან მშვიდად და მიზანშეწონილად დავემშვიდობე იქაურ რეალობას, კოლეგებს, მეგობრებს და დავბრუნდი პარიზში. ცხოვრება მესამედ დავიწყე ნულიდან. ვერ ვიტყვი, რომ არ მეშინია ყოველ ჯერზე ცხოვრების თავიდან დაწყების. მაქვს წუწუნის, მელანქოლიის, ნოსტალგიის პერიოდებიც. შემდეგ ამ ყველაფერს ჩავალაგებ ხოლმე ჩემოდანში, შევინახავ სადღაც და ვიწყებ თავიდან. ახალი ცხოვრება ძალიან მომწონს, დავიწყე ლექციების კითხვა Sciences Po-ში. შეიძლება ჰარვარდში სწავლა ვერ მოვახერხე, მაგრამ სამაგიეროდ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვასწავლი არაჩვეულებრივ ბავშვებს. მეჩვენება, რომ ჩემი სტუდენტები განსაკუთრებით კარგები არიან, მაგისტრატურის მეორე დამამთავრებელ კურსს რამდენიმე საგანს ვასწავლი. დავიწყე ადამიანის უფლებებით და პოლიტიკური რეფორმებით, რომელიც დაასახელეს წლის ყველაზე საინტერესო კურსად. მათთან ერთად მეც ვსწავლობ.
და ბოლოს – ბევრი ვისაუბრეთ შთაგონების წყაროს არსებობისა და მისაბაძი მაგალითების მნიშვნელობაზე, თუნდაც თქვენი სტუდენტებთან ურთიერთობის ახალ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დაადგნენ პროფესიონალური და პიროვნული განვითარების გზას?
განზოგადებული რჩევები არ მიყვარს. საერთოდ რჩევები არავის არ უყვარს, არცერთ ასაკში, ამიტომ რჩევებს არ ვიძლევი. ვცდილობ, ახალგაზრდებს დავანახო, როგორი მაგრები არიან და რამხელა პოტენციალი აქვთ, სარკეში ჩაიხედონ და დაინახონ სხვანაირი თავი, იყვნენ უფრო თავდაჯერებულნი, წავიდნენ უფრო მეტ რისკზე და არ შეეშინდეთ არაფრის. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება, რაზეც ყველაფერი ავაგე არის შემდეგი: მთავარია არ გაიჭედო გადაწყვეტილების მიღების ფაზაში. მიიღე გადაწყვეტილება და შემდეგ ამ გადაწყეტილებაზე იმუშავე, შექმენი იქიდან მაქსიმალურად კარგი პროდუქტი. იგივე შემიძლია ვუთხრა ახალგაზრდებსაც. თავის დროზე, ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მომცა კახა ბენდუქიძემ და იგივეს გავიმეორებ: სამიზნედ 1000% აიღე და როცა 100% გამოგივა, იქნება ძალიან მაგარი. მწვერვალების დაპყრობა უნდა გინდოდეს, მაშინ ყველაფერი გამოგივა.
ფოტო: ანა ბოკო