ჩუმი საუბრები პასტელის ფერებში

ავტორი: თამარა კაჭახიძე

ფოტო: Black Tomato/შავი პომიდორი

პირველად იყო იდეა, შემდეგ კი წარმოუდგენლად ბევრი შრომა.

მათ შემთხვევაში ასე მოხდა: უნდოდათ ჰქონოდათ ჰოსტელი, ქალაქიც კი ჰქონდათ არჩეული – ქუთაისი, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შემთხევითობამ მისცათ ბიძგი.

ტაქსით მგზავრობისას, მძღოლმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საკუთარ თავზე, ოჯახზე და ბოლოს, ქუთაისში გასაქირავებელი სახლის შესახებ უამბო. ჰოდა, სწორედ ტაქსის მძღოლის მონათხრობი გახდა მოტივაცია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად.

ცხადია, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ზღაპრებშია – ტაქსისტის შემოთავაზებული სახლი არ აღმოჩნდა ის, რასაც ელოდნენ, მაგრამ უკან დახევა უკვე აღარ შეიძლებოდა. ბევრი ძებნის შემდეგ, ელენე ზამთარაძემ და მარიამ რამიშვილმა იპოვეს ძველისძველი ქუთაისური სახლი, რომელიც ახლა უკვე “შავი პომიდორის” სახელწოდებით არის ცნობილი.

პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა – დაუსრულებელი ფიქრი, დაგეგმვა და ბევრი შრომა დასჭირდათ. თუმცა ყველაფერი რაციონალური ხომ ცოტა მოსაწყენია, მაგარ იდეებს ყოველთვის თან უნდა ახლდეს რისკი და მღელვარება.

ბიზნესის კეთების გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ თავიანთი უშრეტი ფანტაზია და იდეები, შეიძლება ითქვას, მოსვენებას არც მაშინ და არც ახლა აძლევთ.

– აქ უნდა იყოს ღვინის ბარი.

– აქ?

– რამე სივრცე გართობისთვის.

– აქ?

– აქ კი მოეწყობა სივრცე მშვიდი და სასიამოვნო დასვენებისთვის.

ელენე: “ჩვენ გვინდოდა, რომ „შავი პომიდორი“ ყოფილიყო სოციალიზაციის სივრცე, სადაც სტუმარი არა მარტო დაიძინებდა, არამედ შეძლებდა გართობას და სხვა ადამიანების გაცნობას. ჩავთვალეთ, რომ ქუთაისს ეს ყველაფერი აკლდა. იმერეთის ტურისტული პოტენციალი ძალიან დიდია, სულ უფრო იზრდება ტურისტების რაოდენობა. ქუთაისი, ერთგვარი საქართველოს გულია”.

მარიამი: “ჩვენ მარტო ოთახს არ ვყიდით. ჩვენი მთავარი კონცეფცია საინტერესო დასვენების შეთავაზებაა“.

ასე ჩაეყარა საფუძველი ელენესა და მარიამის იდეას, თბილისიდან 230 კილომეტრის დაშორებით. „რაღაც მომენტში, – ამბობენ ისინი, – გგონია რომ არაფრის გეშინია, შენი ფიქრები ოპტიმიზმითაა სავსე, თუმცა განვითარების გზას ყოველთვის თან ახლავს სირთულეები. მით უმეტეს, როცა ბიზნესს ორი გოგო იწყებს, საქართველოში“.

„აქ, სამწუხაროდ, სტერეოტიპული აზროვნება და მიდგომა მეფობს – თუ შემდგარი კაცები იწყებენ ბიზნესს, მათ მიმართ მეტი ნდობა და მიმღებლობაა, ქალების შემთხვევაში კი სირთულეების გადალახვამდე ჯერ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი სიტყვა ფასობდეს. გამოსავალი ერთია, შენი თავის უნდა დაიჯერო და არასდროს დაიხიო უკან“.

მარიამისა და ელენეს შემთხევაში ასეც მოხდა – მათ დააჯერეს ყველა, თუ რატომ იქნებოდა მათი იდეა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ წარმატებულიც.

დღეს “შავი პომიდორი” ჰოსტელების ქსელს წარმოადგენს, რომელიც ხუთი კომპონენტის ქვეშ ერთიანდება. ესენია: კარგი ლოკაცია, ხელმისაწვდომი ფასები, საინტერესო და გამორჩეული ინტერიერი, ხარისხიანი და მეგობრული სერვისი და სოციალიზაციისთვის განკუთვნილი სივრცეები.

მარიამი: “შავი პომიდორის“ ქუდის ქვეშ გაერთიანებულ ჰოსტელებს ინდივიდუალური ხასიათი აქვთ. მაგალითად, ქუთაისში ჩვენი სივრცე არის მუდმივად ხალხმრავალი, ჩვენი სტუმრები საერთო სივრცეებში და ღვინის ბარში იყრიან თავს. დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების დათვალიერების შემდეგ, მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა თუ გართობის შესაძლებლობა აქვთ.”

თბილისის ჰოსტელი კი ისტორიულ, ძველ უბანში მდებარეობს. ხალხმრავალი, ხმაურიანი და აქტიური დედაქალაქის ფონზე, ჩვენი შემოთავაზება მყუდრო გარემოა. ხშირად ფიქრობენ რომ ჰოსტელი დაკავშირებულია დისკომფორტთან, თუმცა სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად ვარღვევთ ამ სტერეოტიპს და ამას ჩვენი სტუმრების შეფასებები და გამოხმაურებები ცხადყოფს. ასევე, თანამედროვე ტენდენციების ფონზე სულ უფრო და უფრო იზრდება სოლო მოგზაურების რიცხვი, რომლებიც სწორედ ჰოსტელებს ეძებენ, რათა გაიცნონ ახალი ადამიანები, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და აღმოაჩინონ რაც შეიძლება მეტი ახალი ადგილი.”

ელენე: “ჩვენი ბრენდის იდეას მართლაც საქართველოს აღმოჩენა წარმოადგენს. რეალურად, ჩვენი სახელი „შავი პომიდორია“, მაგრამ ჩვენი პირველი პომიდორი – ქუთაისის ჰოსტელი ყვითელია, თბილისის კი – ლურჯი. ეს შემთხვევითი არაა, ორივე ჰოსტელს ფერი მათი ხასიათის მიხედვით შევურჩიეთ. როგორც ცნობილია, წითლის, ყვითლისა და ლურჯის კომბინაცია ქმნის შავ ფერს. შესაბამისად, ჩვენი ბრენდიც ამ იდეაზეა აგებული. ჩვენს ყველა ობიექტს შესაბამისი ფერი აქვს, თქვენ კი უნდა გასინჯოთ ყველა პომიდორი და ამ გზით აღმოაჩინოთ საქართველო.”

“შავ პომიდორს” არც თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ინტერიერი და არც მულტიფუნქციური სივრცეები აკლია, თუმცა მისი სავიზიტო ბარათი, თამამად შეიძლება ითქვას, კარგი სერვისია.

ხშირად, შაბლონური წესების გათვალისწინებით, ონლაინ რევიუში, როგორც მომხმარებლები, პოზიტიურ შეფასებებს და ხუთიდან 5 ვარსკვლავსაც კი ვწერთ, დადებით შთადეჭდილებებს გამოვხატავთ, მაგრამ მაინც რაღაც გვაკლია, მაგალითად თბილი ოჯახური გარემო, როდესაც სახლისგან ძალიან შორს ვართ და გვინდა, რომ განსხვავებულად მოგვიარონ, იზრუნონ ჩვენზე.

თუ ერთხელ მაინც დარჩებით “შავ პომიდორში”, მეორედ აღარ გაგიკვირდევათ, თუ ჰოსტელის ადმინისტრატორი ავტობუსის გაჩერებამდე თავად მიგაცილებთ და გაგრძნობინებთ, რომ ეს არა მომსახურების, არამედ ადამიანური ურთიერთობების ნაწილია.

მარიამისა და ელენეს სამომავლო გეგმებში გაფართოება და საქართველოს რეგიონებში სხვა ლოკაციების ათვისებაც შედის. ახალი ჰოსტელის დამატება განაპირობა ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ. საყურადღებოა ისიც, რომ ბევრმა უცხოელმა სტუმარმა “შავი პომიდორის” შესახებ არა booking.com-დან არამედ საერთაშორისო მეგობრებისგან გაიგეს.

ბიზნესის გაფართოებას არამხოლოდ საერთაშორისო ხილვადობა, არამედ ლოკალური თანაგრძნობაც უწყობს ხელს, – მიაჩნიათ მათ.

“შავი პომიდორის” შემთხვევაში, ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო ქუთაისში არსებული კლუბი – „რეფლექტორი“ აღმოჩნდა. „გასაოცარი ჟღერადობის მუსიკისა და თავგადასავლებით სავსე ღამეების შემდეგ, შენ აუცილებლად გინდა ადგილი მშვიდი ძილისთვის. ძალიან გაგვიხარდება, თუ „შავი პომიდორიც” გახდება სხვებისთვის ინსპირაცია და ბევრს მისცემს ბიძგს. ეს საბოლოო ჯამში, გვაერთიანებს, განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს და უფრო გვაძლიერებს” – ამბობენ ჰოსტელის დამფუძნებლები.

ელენესა და მარიამის მთავარი მიზანი სწორედ გარშემომყოფთა გაძლიერებაა: “ჩვენ ვცდილობთ, ყოველი ჩვენი ნაბიჯი ითვალისწინებდეს ადამიანების საჭიროებებს, მათ სურვილებს. ნებისმიერ საქმიანობაში, თუ ადამინური მიდგომა არ გვექნება, უკან არ დაგვიბრუნდება ის პოზიტიური ემოცია, რასაც საქმეში ვდებთ. ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ადამიანების პატივისცემას. ხშირად, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბევრი ქალის სურვილი იზღუდება, გაურკვეველი მიზეზების გამო. ჩვენ კი გვსურს, რომ ჩვენი გამოცდილება რაც შეიძლება მეტ ქალს გავუზიაროთ. მაგალითი მივცეთ მათ, ვისაც რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ ეშინია. ჩვენ მოგვეცა შესაძებლობა რომ ეს გაგკვეეთებინა, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა მივცეთ მოტივაცია მათ, ვისაც ეს სჭირდება.”

ახლა კი ბლიც ინტერვიუ/ვირტუალური ტური “შავ პომიდორში:”

ფერები, რომლებშიც სიმშვიდე იმალება –

პასტელური ფერების ერთობლიობა, რომელსაც ნამდვილად მოაქვს სიმშვიდე ჩვენს ობიექტებში.

დეტალი, რომელიც ხდის ამ სივრცეს თავისუფალს –

ფანჯრები – ეს გაძლევს თავისუფლებას, ბევრი შუქი გაქვს, თან მაღალი ჭერი – თითქოს შეგიძლია რომ გაიქცე…

დეტალი, რომელიც ხდის ამ სივრცეს კომფორტულს – 

ლოგინი – ზოგჯერ ასე მარტივადაც დგას საქმე. მიუხედავად დიდი იდეებისა და ფილოსოფიისა, მშვიდი ძილისთვის მხოლოდ კარგი მატრასი, ფუმფულა ბალიში და თბილი საბანიც კი საკმარისია. 

ენერგია, რომელსაც ეს სივრცე უზიარებს მის სტუმრებს –

სიკეთე და ზრუნვა.

სუნი, რომელიც ამ სივრცეს დაჰყვება –

ხის.

ხედი, რომელსაც ფანჯრიდან ვხედავთ

მანდარინები და ბროწეულები. თანაც სეზონურად.

ზაფხულში მეზობლის ბროწეულების ხათრით შეგიძლიათ ოთახის დაჯავშნა, ზამთარში კი მანდარინები გელოდებათ.

მელოდია, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს სივრცეს –

ლოგიკურად შეიძლება რაღაცები ვერ დაუკავშირო, მაგრამ აქ ყველაფერი შეგრძნებების დონეზე დადის – ეს David Bowie-ის Space Oddity-ა.

ისტორია, რომელსაც კედლები გვიყვებიან –

ოჯახების ისტორია, რადგან ორივე ობიექტი უძველეს უბანში მდებარეობს.

რაღაც, რაც არასდროს დაგვავიწყდება თუ ერთხელ მაინც მოვხვდებით „შავ პომიდორში“ –

მშვიდი აურა, კეთილგანწყობა და ჩუმი საუბრები.

დასასრულს კი ჩემი მოკრძალებული თხოვნა მკითხველს:

კარგად მოკალათდით, ჩართეთ space oddity, მიყევით ფოტოებს და რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ, იმ ფოტოზე შეჩერდით სიმღერის ბოლომდე. ინტერვიუზე მუშაობისას სწორედ ასე მოვიქეცი, წარმოუდგენლად კარგი მელოდიის თანხლებით გიამბეთ პასტელური ფერების, ფერად-ფერადი პომიდორებისა და ორი გოგოს ამბავი.