ინტერვიუ ნინო ჩუბინიშვილთან
ავტორი: რუსკა გიორგაძე
ფოტო: ანა ბოკო
ნინო ჩუბინიშვილი, ჩუბიკა ოთხმოცდაათიანი წლებიდან თანამედროვე ქართული არტ სცენის ნაწილია. ნინო ჩუბინიშვილი ხელოვანია, შემოქმედებაში ხშირად იყენებს გრაფიკას, ქმნის სკულპტურებს, სცენისა და კოსტუმების დიზაინს. ჩუბიკას ინსტალაციები და არტ ობიექტები მსოფლიოს სხვადასხვა პრეტიჟულ საგამოფენო სივრცეებში იფინება. მისი სამოსი მოდისა და ხელოვნების იდეალური სინთეზია. უნიკალური ხელწერით იქმნება ჩუბიკას აქსესუარები. დიზაინერის შემოქმედება მისი სამყაროს პროექციაა. თითოულ გამოფენასა თუ კოლექციის ჩვენებაზე ჩუბიკა მნახველს საკუთარ წარმოსახვაში ეპატიჟება. ახლა დიზაინერს საკუთარი ხელწერა ახალ სამყაროში გადააქვს-ინტერიერის დიზაინი ჩუბიკას ახალი აღმოჩენაა, პროფესია, რომლის შესწავლასაც საფუძვლიანად აპირებს. „მინდოდა, რომ ეს არ ყოფილიყო ჩემი შინაგანი სამყაროს ამსახველი გარემო, ეს სივრცე არაა ჩემი გამოფენა. არ მინდოდა ასე გამოსულიყო, ეს უნდა ყოფილიყო ჩემი აღქმისა და გარესამყაროს ისეთი სინთეზი, რომელიც სხვა ადამიანისთვის შექმნიდა სასიამოვნო გარემოს. ამის დაბალანსება იყო ყველაზე საინტერესო პროცესი“ ‒ ამბობს დიზაინერი და კახეთში, ყვარლის ტბაზე ახლადაშენებულ სასტუმროში გვმასპინძლობს. სასტუმროს ლობის დიზაინი ჩუბიკას ეკუთვნის.
ავეჯის დიზაინზე მუშაობა პირველად ათი წლის წინ სცადა, მაშინ მიხვდა რომ საზოგადოების ცნობიერება და მისეული ხედვები ერთმანეთს იმ დროისთვის არ ემთხვეოდა. წლების შემდეგ კი ფიქრობს, რომ მზადაა ახალი სივრცეების გასაჩენად, ადგილების, რომელიც ერთდროულად იქნება მისი შინაგანი სამყაროსა და სხვა ადამიანების წარმოსახვითი რეალობის სინთეზი. „ეს კინოა, სადაც ბევრი გმირი გყავს და ერთდროულად რამდენიმე სცენარს არგებ, ესთეტიკა კი ყველა ჯერზე სხვადასხვაა“ ‒ ფიქრობს დიზაინერი. „საქმის სიყვარულით კეთებას მოაქვს ხარისხი და ქმნის წარმატებულ ბიზნესს“ ‒ ამბობს ჩუბიკა და ინტერვიუში ახალი პროფესიის გამოწვევებზე, სირთულეებსა და ძიების პროცესზე გვიამობობს.
სად ვართ ახლა?
ახლა ვიმყოფებით ახლადაშენებულ სასტუმროს ლობიში და ამ ლობის დიზაინი მე მეკუთვნის. ეს არის ყვარლის ტბაზე არსებული “Kvareli Lake Resort”. ამ ტერიტორიაზე მეორე სასტუმროა.
ინტერიერის დიზაინზე პირველად იმუშავეთ. როგორ მიიღეთ ეს შეთავაზება და რამდენად მარტივად დათანხმდით ამ წინადადებას? იყო ეს ერთგვარი გამოწვევა თქვენთვის?
ყველაზე მეტად გამოწვევები მიყვარს. ყოველთვის მსიამოვნებს ახლის კეთება, ამიტომ ამ წინადადებას მარტივად დავთანხმდი. როცა ინტერიერის დიზაინზე დავიწყე მუშაობა მივხვდი, რომ იმაზე რთული ამოცანა იყო, ვიდრე მეგონა. დავიბენი კიდეც, მაგრამ ჩემი მეუღლე, არქიტექტორი დავით გიორგაძე, დამეხმარა და ძალიან საინტერესო ლექცია ჩამიტარა. ერთგვარი „გასაღები“ მომცა ამ სამყაროში შემოსასვლელად. ამიხსნა, რომ თამამი უნდა ვყოფილიყავი და დამარწმუნა, რომ რაც არ უნდა სპეციფიკური იყოს დავალება და რასაც არ უნდა ითხოვდეს დამკვეთი, მე თავად უნდა გავყვე პროცესს, რომელიც თავისთავად რაღაცამდე მიმიყვანს. ძალიან ბევრი პროფესიული ნიუანსი მითხრა, რისი დახმარებითაც მიმართულება ადვილად ჩამომიყალიბდა.
რთული იყო სივრცის განაწილება, რომ ამ სივრცეში საკუთარი სამყაროც შეგექმნათ და, ამავდროულად, იმ ადამიანებზეც გეფიქრათ, ვინც არ დასასვენებლად მოვა?
სწორედ ამის გარკვევა იყო ყველაზე საინტერესო, ჩემი მეუღლეც ძალიან დამეხმარა. მითხრა, რომ არაფერს მოვრგებოდი და გავყოლოდი ძიების პროცესს. ძიების ამ პროცესში დამკვეთიც მენდო. მივხვდი, რომ ინტერიერის და ავეჯის დიზაინიც ისევე იქმნება, როგორც ნახატი ან კაბა. მიუხედავად იმისა, ინტერიერი ადამიანზე მორგებული ფუნქციური ადგილია, მისი შექმნის შემოქმედებითი პროცესი, ისევ შენში „იხარშება“, რა თქმა უნდა, ამ პროცესში სხვა გმირებიც გყავს. საკუთარ თავში ბევრი სხვადასხვა მომენტის გაერთიანება და გათვალისწინება გიწევს, ამ დროს ცდილობ ჰარმონიულად მოერგო გარემოს. ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას ყველაზე საინტერესოა, რომ თავად აჩენ კონკრეტულ ადგილზე არსებულ სრულიად ახალ სივრცეს.
ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ადგილი კახეთი იყო, რომელიც უამრავი არაჩვეულებრივი კომპონენტისგან შედგება და ეს ყველაფერი ამ სივრცეში „პოეტურად“ უნდა შემომეყვანა. მუშაობისას ვფიქრობდი, მე თავად როგორი ადგილი მიყვარს, რა გარემოში მენდომებოდა დასვენება. ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. მსურს, აქ ადამიანმა თავი სამყაროსა და ბუნების ნაწილად იგრძნოს. დამსვენებელს ინტერიერთან აბსოლუტური სიმშვიდე და ჰარმონია უნდა ჰქონდეს. არ მინდოდა გადატვირთული დიზაინი შემექმნა, ისეთი გარემო, რომელიც თავად გკარნახობს. როგორ მოიქცე.
არის ეს სივრცე სრული თავისუფლებისთვის და სიმშვიდისთვის?
დიახ. აქ სულიერი სიმშვიდის განცდა მაქვს. ბედნიერი ვიქნები თუ სხვაც ასე იგრძნობს თავს.
დიზაინში თიხის დეტალები დომინირებს, რა იყო შთაგონების წყარო მუშაობისას?
როცა ყვარლის ტბას და ალაზნის ველს გადავხედე, ბევრი რამ თავისთავად მოხდა. ამ ადგილს გენიალური ლოკაცია აქვს, სრულიად უნიკალური. ალაზნის ველი სამყაროში ერთადერთია, რომ უყურებ და გაფრენა გინდება. ეს ტბა საოცრებაა. ბევრი ფიქრი არც იყო საჭირო, უბრალოდ ამ ყველაფრის სწორად დანახვა იყო აუცილებელი. გონებაშიც აქაურობის პოეტური ენა თავისთავად ტივტივდებოდა, უბრალოდ მე ამ პოეტური ენის პირდაპირ თარგმნა არ მიყვარს. ყველაფერი რაღაც ერთ სცენარში უნდა ჩაწერილიყო. ამ დიზაინში ჩემი სკულპტურებია და ჩემ მიერ არჩეული ნივთები, ეს ყველაფერი ერთად რაღაც ამბავს ჰყვება. ატმოსფეროს შექმნისას ბავშვობის მეხსიერება გადმოვიტანე, დავურთე მითოლოგიური ასპექტები, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველაფერი სიმარტივესთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, მე მიყვარს მარტივად ცხოვრება და, მით უმეტეს, დასვენება.
ძალაინ ბევრი საინტერესო ნივთია, როგორ იქმნებოდა ეს დეტალები?
მინდოდა, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ ჩემი შინაგანი სამყაროს ამსახველი გარემო და ამის ბალანსი იყო საინტერესო პროცესი. არის რაღაც ნივთები ჩვენი კოლექტიური მეხსიერებიდან, რომელიც ყველა ადამიანს ეცნობა, რომელსაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია ან ამ კულტურასთან ჰქონია შეხება. ეს სივრცე არაა ჩემი გამოფენა. არ მინდოდა ასე გამოსულიყო, თორემ ნამდვილი კოშმარი იქნებოდა, წარმოიდგინეთ როგორია სხვის კინოში ცხოვრება და დასვენება. მე არ მენდომებოდა. მუშაობისას წარმოვიდგინე სივრცე, სადაც ხარ სრულიად თავისუფლად და მშვიდად.
თქვენთვის რა არის ტენდენცია? ის, რასაც ფეხი უნდა ავუწყოთ თუ სტერეოტიპი, რომელიც უნდა დაანგრიოთ?
არ მიყვარს ტენდენციები, ჩემთვის ამოსავალი წერტილი დროის და ადგილის სულია. ვთვლი, რომ დიზაინერმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, ტენდენციების მიუხედავად.
რა პერიოდი დგას მსოფლიო მოდაში?
დიდი ხანია არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც თვალში მხვდება, დემნას ნამუშევრებია და მომწონს, ყველა სტერეოტიპი დაანგრია, სინამდვილე გამოამჟღავნა. თანამედროვე სამყაროში აღარ არის ძალიან ლამაზი ქალების დრო. მიუხედავად იმისა, რომ მე “Haute Couture” (მაღალი მოდა) მიყვარს და მე თავადაც “Haute Couture”-ს ვაკეთებ, ლამაზი ქალების დრო დასრულდა. თანამედროვე ქალები ძალიან დაღლილები ვართ და დრო ძალიან ჩქარა გადის, სამყარო ძალიან სწრაფია და დემნამ თავის შემოქმედებაში ეს ძალიან დრამატულად და საინტერესოდ გამოავლინა.
როგორია ინტერიერის დიზაინის სამყარო?
ძალიან საინტერესო, ესაა ჩემი ახალი და საყვარელი პროფესია, რომელიც მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რაც აქამდე გამიკეთებია. ინტერიერის დიზაინი აღმოჩნდა ის სივრცე, სადაც მომეცა საოცარი საშუალება იმის, რომ ინტეგრირება გავაკეთო ყველაფრის, რაც გამიკეთებია და მისწავლია.
შევამჩნიე, რომ ფილმებთან პარალელების გავლება გიყვართ… რომელი რეჟისორის შემოქმედებას გაგონებთ თქვენ მიერ შექმნილი სივრცე?
მიქელანჯელო ანტონიონის ფილმები მახსენდება. მას უყვარს თავის ფილმებში არადეტერმინირებული ადგილების და ინტერიერების შექმნა.
ინტერიერის დიზაინის კეთებით თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო?
ესაა პროფესია. სკულპტურის კეთებას ვერ დავარქმევ პროფესიას, ეს უფრო სულის გამოძახიალია. გრაფიკოსობა და მოდის დიზაინიც არაა პროფესია. ინტერიერის დიზაინია ნამდვილი პროფესია და სწორედ ახლა შევეჭიდე რაღაც ახალს და საინტერესოს. ზოგადად, მეძებარი ტიპი ვარ. სულ ძიებაში ვარ.
იყო ეს ერთგვარი რისკი თქვენი მხრიდან?
დიდი რისკი იყო. გამიმართლა იმაში, რომ მენდნენ. დამკვეთმა რამდენიმე სიტყვით მითხრა, რა მიმართულებით წავსულიყავი. წარმოსახვის დონეზე შევთანხმდით, რა სივრცე შეიძლებოდა ყოფილიყო. აბსოლუტური თავისუფლება მომცეს.
ხომ არ გიფიქრიათ, რომ გამორჩეული ხელწერის გამო შეიძლება ცოტა დაიშტამპოთ?
ამაზე არ მიფიქრია. მგონია, რომ ინტერიერის დიზაინს აქვს თავისუფლება, ესაა სივრცე, რომელსაც შენ აჩენ და შენი წარმოსახვის მიხედვით ეს სივრცე ბევრნაირი შეიძლება იყოს. კინოსავითაა, შეიძლება ხვალ საერთოდ სხვა ესთეიტიკის კინო შექმნა. ეს მიკროსამყაროა, სადაც შეიძლება ყველა ჯერზე სხვადასხვა ესთეტიკა მოიტანო.
ქალისთვის კომფორტული გარემოა ეს სფერო?
ძალიან კომფორტული გარემო იყო. საოცარი დამკვეთები მყავდნენ, არაჩვეულებრივ მშენებლებთან ვითანამშრომლე და, რაც მთავარია, გუნდურად ვმუშაობდით. სწორედ ამ მაღალი რანგის პროფესიონალებით დაკომპექტებულმა გუნდურმა მუშაობამ გამიჩინა შეგრძნება, რომ საფრანგეთის წამყვან კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც სიყვარულით და მონდომებით კეთდება ყველაფერი. საქმე გენიალურად კეთდება,
როცა დამკვეთს ესმის რას აკეთებ. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ თუ შენი საქმე არ გიყვარს უბედური ხარ. როცა გიყვარს, შემოსავალიც მეტი გაქვს. საბჭოთა ადამიანმა უნდა შეცვალოს ეს დამოკიდებულება. ესაა ჩვეულებრივი საბჭოთა მენტალობა, რომ უხარისხო რაღაცის გაკეთებას მოჰქონდა ფული. დარწმუნებული ვარ, ადამიანები მიხვდებიან, რომ გულით თუ თლი ვაშლს, ის ბევრად გემრიელია. წარმატებული, ხარისხიანი და სიყვარულიანი ჩემთვის ერთი და იგივე მცნებაა. ერთმანეთის გარეშე ყოველთვის რაღაც აკლია და მართლა რამაც შეიძლება გაგაბედნიეროს, ჩემთვის ეს კომპონენტებია.
საქართველოში შეიცვალა მოთხოვნა ინტერიერის დიზაინის მიმართ?
თავისთავად მოთხოვნა საზოგადოების, მხატვრის ან დიზაინერის მიმართ იზრდება. ათი წლის წინ ერთ-ერთი ბანკისთვის დავხატე ავეჯის დიზაინი, მაგრამ ის პროექტი ვერ შედგა. მაშინ მივხვდი, რომ საზოგადოება ჯერ ამისთვის მზად არ იყო. ყველაფერი ვითარდება და ქვეყანაშიც სხვა მოთხოვნები ჩნდება. მთელი სამყარო თითქმის ათვისებულია. ჩადიხარ რომელიმე ქვეყანაში და ხედავ, რომ სივრცე თითქმის აღარაა. საქართველოში ბედნიერება ისაა, რომ ყველფერი გასაკეთებელია. შეგიძლია საკუთარი ავთენტური ბიოგრაფიით, ისტორიით, ქვეცნობიერით და მომავლის ხედვით რაღაც ახალი, სრულიად უანიკალური შექმნა. სადაა ასე ჩაკეტილი, დაკონსერვებული სივრცეები, რომელიც ახლა იღება?! ეს ფანტასტიკაა და თან დიდი გამოწვევაც.
მზად ხართ ამ ახალი სივრცეების შესაქმნელად?
მე მჯერა, რომ როცა რაღაც „ფეთქდება“ შენში, ეს ტყუილად არ ხდება. ამ დროს რაღაცები შენსკენ იწყებს წამოსვლას. ამ პროექტის შემდეგ, ახალი შეთავაზებები წამოვიდა. ეს რაღაც პროცესის ნაწილია, რომელშიც ახლა ვმონაწილეობ და თავისთავად ვითარდება და განვითარდება. ამ მიმართულებით უკვე იგეგმება რაღაცები, ასე რომ ძალიან მადლობელი ვარ სამყაროსი, რომ ეს შანსიც მომცა.