ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის საინტერესო აღმოჩენა იქნება, თუკი თვალს მიადევნებენ რამდენიმე თვის წინ შექმნილ ანგარიშს სახელწოდებით top.girls_performance. ანგარიშის თემატიკა, ძირითადად, ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების ირგვლივ არის აგებული.
ცნობისთვის, გურამ მაცხონაშვილის რეჟისორობით 25, 26 და 28 ოქტომბერს, 21:00 საათზე ერთგვარი ფემინისტური ღონისძიებაა დაგეგმილი, რის პოპულარიზებასაც top.girls_performance ემსახურება.
„ყველაზე მაგარი გოგოები“ თეატრ Royal Court-ის 1980-იანი წლების ცნობილი პიესაა, რომლის ავტორიც ბრიტანელი დრამატურგი კერილ ჩერჩილია. მისი დადგმა საქართველოში პირველად იგეგმება. უკვე ცნობილია ისიც, რომ პერფორმანსში მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას. გამონაკლისი მხოლოდ რეჟისორი და პროდიუსერები იქნებიან.
პიესა კარიერაზე ორიენტირებული და წარმატებული ქალის ცხოვრებისეული გამოცდილებისა და სირთულეების შესახებ მოგვითხრობს და მასში ალეგორიული ხერხებით ოსტატურადაა აღწერილი, თუ რა საფასურის გადახდა უწევთ 80-იანი წლების ეპოქაში ქალებს „მამაკაცთა სამყაროში“ თავის დამკვიდრებისთვის.
შემოქმედებითი ჯგუფი ქართველ მაყურებელს საინტერესო ექსპერიმენტსაც სთავაზობს და თეატრალური წარმოდგენის გასამართად საკმაოდ ექსტრემალურ ადგილს – ლოკაციად საფეხბურთო მოედანს – ირჩევს, რაც მაყურებლისთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება.
საღამო ცოცხალი მუსიკით გაფორმდება და მას ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე გაუძღვება, რომელიც, ამავდროულად, პიესის დამდგმელი კომპოზიტორია.
პიესაში მონაწილეობენ მსახიობები – ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე და ქეთა შათირიშვილი.