ქართველი ექსპერტები, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე მომუშავე ფიგურები, ყოფილი ელჩები, დიპლომატები და წარსულში პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ღია წერილით მიმართავენ.
ღია წერილის მთავარი თხოვნა შეერთებული შტატების ჯარების ან ბაზის მუდმივი განთავსებაა. საქართველოსათვის მყისიერი საფრთხის აცილებასა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესში დასახმარებლად წერილის ავტორები მაიკ პომპეოს სთავაზობენ ჯარების განთავსებას როტაციული პრინციპით, ასევე – ლოჯისტიკური და საჰაერო პატრულირების ელემენტებს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეუფერხებელი ოპერირებისათვის. წერილზე ხელის მომწერი პირები სახელმწიფო მდივანს ყურადღებას საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე უმახვილებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროატლანტიკური სისტემა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ერთადერთი გარანტორია.
ექსპერტები განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს ბოლო დროს განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს, რუსეთის მიერ ყარაბაღში ჯარების განთავსებას და სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილ არასტაბილურ სიტუაციას. ისინი ასევე საუბრობენ, რუსეთისაგან მომავალ საფრთხესა და „გავლენის სფეროს“ პოლიტიკის საშიშროებაზე.
ღია წერილით მიმართვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.