ინტერვიუ მარიამ ლაშხთან
ავტორი: მერიკო ქაჯაია
ფოტო: ანა ბოკო
„უნდა გავფრინდეთ!“, ‒ ამ მოტივით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) მარიამ ლაშხმა მუშაობა დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო.
მარიამს ფიზიკოსობა სურდა, თუმცა სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. „რას ერჩოდით ამ ქერა, ცისფერთვალება გოგონას?“ ‒ საყვედურობდნენ ხშირად მარიამის მშობლებს ნაცნობები და მეგობრები.
„ბიჭებს მეტი ტექნიკური უნარები აქვთ“…
„მათემატიკა ბიჭებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე გოგოებს“…
„საინჟინრო ტექნოლოგიები ბიჭებს მეტად უადვილდებათ, იმიტომ რომ ისინი უფრო სხარტად აზროვნებენ, უფრო გონებაგახსნილები არიან“…
ეს მხოლოდ ნაწილია იმ სტერეოტიპების, რომლებსაც საქართველოში მშობლები და მასწავლებლები გოგონების მიმართ ავლენენ.
როცა საქართველოს უნივერსიტეტში პირველ ლექციაზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ერთადერთი გოგო იყო ჯგუფში, შიში დაეუფლა. თუმცა, საბოლოო ჯამში, აკადემიური მოსწრებით ბიჭებს გაუსწრო და ყველა საგანში რეიტინგით პირველი აღმოჩნდა.
მარიამი: „სწავლის პერიოდში და კარიერაშიც, ქალებს, ხშირად უფრო მეტი შრომა გვიწევს, ჩვენი პოზიციის თუ პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად. თუმცა, ახლა, ამ მიმართულებით, დადებითი ტენდენცია შეინიშნება. მთავარია, ზუსტად განსაზღვრული მიზანი გქონდეს, მუდმივად ისწრაფვოდე განათლებისკენ და ჩამოყალიბდე პროფესიონალად!”
ჯერ კიდევ პირველ კურსზე იყო სამსახურის შეთავაზება რომ მიიღო და მიუხედავად ოჯახის წევრების წინააღმდეგობისა, 17 წლის მარიამი ამ შეთავაზებას დათანხმდა.
„თურქული კომპანია იყო, მადლიერებით მინდა გავიხსენო იქ გატარებული წლები და კომპანიის დამფუძნებელი მუსა ბეი, რომელიც ძალიან მიწყობდა ხელს, სწავლაში ხელი რომ არ შემშლოდა“, ‒ იხსენებს მარიამი.
მარიამი მონაწილეობდა იმ ტრანსფორმაციაში, რომელიც განიცადა პატარა კომპანიამ ‒ ადგილობრივი მიმწოდებლიდან წარმატებულ ექსპორტიორად იქცა და მოგვიანებით, „იეს-მარ“ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა (კომპანიას სახელი დამფუძნებლის შვილისა და მარიამის სახელის საპატივცემულოდ ეწოდა).
დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტში პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად (პროგრამისტად) იმუშავა, დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, მიუსაფარ ბავშვთა სახლების რესურს-პერსონალის პროფესიული გადამზადებისთვის, 2010-2011 წწ. გაიარა სტაჟირება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროში და მონაწილეობდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შემუშავების პროცესში, პარალელურად დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო კურსი. სწავლას ახლაც განაგრძობს და, ამჟამად, იგი სადოქტორო თემაზე მუშაობს ‒ „ციფრული აბრეშუმის გზა და საფინანსო ინსტიტუციების როლი“.
სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე იმუშავა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში, იყო მდივან-რეფერენტიც (ოფისის-მენეჯერი) და მოგვიანებით, უმსხვილეს პროექტებშიც მიიღო მონაწილეობა.
მარიამი: „ჩემს პროფესიულ ზრდაში დიდი როლი მიუძღვის იქ გატარებულ წლებს. პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების შეძენის გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო სექტორული თანამშრომლობის და პროფესიული კონტაქტების დამყარების მხრივაც. ახლა ვიცი, რომ ადამიანური კონტაქტები, ხშირ შემთხვევაში, მიზნის მისაღწევად ყველაზე სწრაფი, ეფექტური და მოკლე გზაა. გამოცდილების შეძენასთან ერთად, უფრო მარტივი ხდება პროფესიული წრეების ერთმანეთთან დაკავშირება და საინტერესო პროექტების განხორციელება.”
2019 წლის გაზაფხულზე იგი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის კვალიფიკაციის ამაღლების (Fellowship) პროგრამაში აირჩიეს, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური აზიის, კავკასიის, ავღანეთისა და მონღოლეთის ლიდერებთან ერთად ამერიკაში 6 კვირა დაჰყო. წამყვან სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან აქტიური შეხვედრების შედეგები უკვე სახეზეა, საერთაშორისო ორგანიზაციების, აქსელერატორების საქართველოში შემოსვლა, ასევე რეგიონულ ჰაბად ფორმირებისთვის ლიდერების მობილიზება ის მცირე ჩამონათვალია, რისი საშუალებაც აღნიშნულმა პროგრამამ მისცა.
პროფესიული კონტაქტების დამყარებისთვის ის თანამედროვე საკომუნიკაციო პლატფორმებსაც ხშირად იყენებს. მაგალითად, ნაკლები ბიუროკრატიისა და მეტი ეფექტურობის მიზნით, Instagram-ს თუ Linked-in, რომლის საშუალებით დაუკავშირდა Apple App Store-ის მენეჯმენტს და საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატის, განხორციელებული რეფორმების და, ზოგადად, გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამით ქართული Application Store-ის გახსნის პროცესში დიდი წვლილი შეიტანა.
როცა განვლილ ეტაპებს იხსენებს, ამბობს, რომ კარიერულ წინსვლასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშეს იმ მენეჯერებმა და მენტორებმა, ვისთან ერთადაც სხვადასხვა პოზიციებზე მოუწია მუშაობა. მიაჩნია, რომ მათი მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე, ბევრად უფრო რთული იქნებოდა გამოწვევებთან გამკლავება.
როცა მუშაობის გაგრძელება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში გადაწყვიტა, არ მოუწონეს: „მსოფლიო ბანკიდან ვინ მიდის? უმჯობესია, დარჩე და მანდვე განვითარდე!“ ‒ უთხრეს მეგობრებმა.
მარიამი მსოფლიო ბანკში საქმიანობისას საქართველოს კონკურენტუნარიანობის და ინოვაციის პროექტის შემუშავებაში იყო ჩართული. სააგენტოს შექმნის იდეა საქართველოს მთავრობის დახმარებისა და ეკონომიკის წამყვანი სექტორების ინოვაციური წინსვლის ხელშეწყობის გზების ძიებაში დაიბადა. საბოლოო მიზანი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა გახლდათ.
მარიამი: „სიახლეებს არ ვუშინდები, პირიქით, ენთუზიაზმით ვხვდები და ვუმკლავდები. GITA-ში თავიდან რთული პროცესი გავიარე ‒ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სტრატეგიულ განვითარებაზე, PR-ზე, ინვესტიციების და ფონდების მოზიდვაზე, თანამშრომლების აყვანასა და მათ მოტივაციაზე, ერთდროულად, ვფიქრობდი და ვმუშაობდი. იდეის ერთგულება, კვალიფიციურ მენტორთან კოორდინირებულად მუშაობა, საქმისადმი კომპლექსური მიდგომა განაპირობებს წარმატებას“.
მისი მუშაობით სახელმწიფო სექტორში შეტანილი წვლილი არ დარჩა შეუმჩნეველი ‒ მან „ლიდერი ქალის“ სტატუსიც მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ისა და არასამთავრობო სექტორისგან. მსოფლიო ბიზნეს ანგელოზთა გაერთიანებამ (WBAF) კი მარიამ ინოვაციების სენატორის სტატუსით დააჯილდოვა. ორგანიზაციისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევა უფრო რეალურია, როცა „პროფესიონალი“ მენეჯერი გუნდს ეფექტურად მართავს. მიმაჩნია, რომ პიროვნული წარმატებისკენ სწრაფვა კი არ იღებს შედეგს, არამედ საქმისადმი ერთგულება. GITA დინამიკური, ცოცხალი ორგანიზმია, გარკვეულწილად, მსოფლმხედველობაცაა. „ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და სააგენტოს მიერ შემუშავებული პროგრამები იმის წინაპირობაა, რომ საქართველო უკვე გლობალურ ბაზარზე გამოჩნდა როგორც ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშე. დღეს უკვე შედეგი გვაქვს, გლობალური ინოვაციების ინდექსი, რომელიც სულ ახლახანს გამოცხადდა 48-ე ადგილას ვართ, მსოფლიო წამყვანი ეკონომიკების 50-ეულში! ჩემი გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. საქართველოს ბაზარი პატარაა და გვინდა, ანტრეპრენიორებმა სხვა ქვეყნებიც აითვისონ. ჩვენი დახმარებით, რამდენიმე ბაზარზე უკვე მუშაობენ ქართული სტარტაპები,“ ‒ აღნიშნავს მარიამ და ფიქრობს, რომ რაც მთავარია, კავშირი შედგა სილიკონის ველთან და მალე ბევრი დიდი მოთამაშის შემოყვანასაც შეძლებს საქართველოში.