მეოცე საუკუნის გამოჩენილი ბრიტანელი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, უინსტონ ჩერჩილის, ნამუშევარი – The Moat, Breccles – ნიუ-იორკის ფილიპსის აუქციონზე გაიყიდება.
პეიზაჟი, რომელიც ჩერჩილმა 1921 წელს დახატა, ორმოცი წლის განმავლობაში მის პირად კოლექციაში ინახებოდა. Bloomberg-ის ცნობით, ბრიტანელ პოლიტიკოსს საკუთარი ნამუშევრების გაჩუქება ან გაყიდვა არასდროს უყვარდა. ამიტომ მისი ნახატების ფლობის პატივი მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ – მათ შორის, ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორესა და ამერიკის პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს.
The Moat, Breccles, Source: Phillips
ჩერჩილმა აღნიშნული ნახატი ბერძენ მაგნატსა და თავის ახლო მეგობარ არისტოტელე ონასისს 1961 წელს აჩუქა. მას შემდეგ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის ნამუშევარი ელ გრეკოს, გოგენის, ვერმეერისა და პისაროს ნახატების გვერდით, ონასისის იახტის – „ქრისტინას“ – სალონში იყო განთავსებული. ფართო საზოგადოებამ ჩერჩილის ნახატი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ 1964 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში იხილა.
უინსტონ ჩერჩილი (ცენტრში) და არისტოტელე ონასისი (მარცხნივ), 1959 ფოტოგრაფი: Keystone-France/Gamma-Keystone
არისტოტელე ონასისის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილმა „ქრისტინა“ საბერძნეთის ხელისუფლებას აჩუქა. ჩერჩილის ნამუშევარი კი, სანამ გადაწყდებოდა, რომ ის კოლექციონერების შემდეგ თაობას გადასცემოდა, ონასისების ოჯახის საცავში ინახებოდა.
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსის ნამუშევარი 23 ივნისს, მეოცე საუკუნისა და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებისადმი მიძღვნილ აუქციონზე გამოვა გასაყიდად. წინასწარი ვარაუდით, The Moat, Breccles დაახლოებით 1.5-2 მილიონ დოლარამდე ფასის შუალედში გაიყიდება.
წყარო: bloomberg.com