საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაცია 2020 წლის სექტემბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით განისაზღვრა. ხოლო წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი თამბაქოს გარეშე 4.7%-ია.

ანგარიშში ასევე განხილულია სამომხმარებლო კალათაში შემავალმა საქონლისა და მომსახურების რომელმა ჯგუფებმა იქონია გავლენა როგორც ყოველთვიური, ასევე წლიური ინფლაციის ფორმირებაზე.

ანგარიშის მიხედვით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენის მქონე ჯგუფები იყო: ტრანსპორტი; ჯანმრთელობის დაცვა; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასებმა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში მოიმატა და 2.4% შეადგინა. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და ჯანმრთელობის დაცვა, რომლებშიც ფასები შესამაბისად 1.9%-ითა და 1.8%-ით გაიზარდა. ხოლო ბოლოს სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ფასების 0.5%-იანი ზრდით.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის ცნობით, ფასები ქვეჯგუფებშიც გაზრდილია. სურსათის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა რძე, ყველი და კვერცხი, წინა თვესთან შედარებით, 2.6%-ით ძვირი ღირს, ფასი გაიზარდა შაქარსა და სხვა ტკბილეულზეც და 1.2% შეადგინა. სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასები 3.1%-ით, ხოლო ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების 1.7%-ით გაიზარდა. ფასთა ცვლილება შეეხო როგორც სატრანსპორტო საშუალებების შეძენას (3.5%-იანი ზრდა), ასევე პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციას (2.5%-იანი ზრდა). ხოლო ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ფასები, წინა თვესთან შედარებით, შესაბამისად 3.3 და 1.9 პროცენტით არის გაზრდილი.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენის მქონე ჯგუფებს, ესენია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ჯანმრთელობის დაცვა;  ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

კერძოდ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასებმა ყველაზე მეტად სხვადასხვა საქონელისა და მომსახურების ჯგუფში მოიმატა და 9.1% შეადგინა, ხოლო ქვეჯგუფ პირად ჰიგიენაში ფასები 13.0%-ითაა გაზრდილი. შემდეგ მოდის ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი, რომელშიც 8.9%-იანი მატებაა. თამბაქოს ფასი 13.3 ხოლო ალკოჰოლური სასმელების – 5.1 პროცენტითაა გაზრდილი. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 7.5%-ით არის მომატებული. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფებში ფასები, შესაბამისად, 12.0 და 9.4 პროცენტით გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასებმა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფშიც მოიმატა და 6.3%-იანი ზრდა შეადგინა. კერძოდ ყავის, ჩაისა და კაკაოს ღირებულება 14.4%-ით; ზეთისა და ცხიმის – 11.1%-ით; პურისა და პურპროდუქტების – 8.7%-ით; რძის, ყველისა და კვერცხის – 6.1%-ით; ხორცისა და ხორცის პროდუქტების – 5.7%-ით; ხოლო შაქრისა და სხვა ტკბილეულის ფასი 4.1%-ით გაიზარდა.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური