საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 125.9მლნ დოლარი ანუ 382.7მლნ ლარია, რაც 2019 წლის მარტში შემოსულ გზავნილებზე 9%-ით ანუ 12.3მლნ დოლარით ნაკლებია.
აღნიშნული კლება მეტწილად ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისითაა განპირობებული. კრიზისი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს იმ 16 ქვეყნის ეკონომიკაზეც, რომლებზეც საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 92.8% მოდის.
ქვეყანაში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა: მთლიანი გზავნილების 20.17% ($25.38მლნ). თუმცა წინა წელთან შედარებით რუსეთიდან შემოსული გზავნილები 28.32%-ითაა შემცირებული. ესპანეთიდან შემოსული გზავნილების მოცულობა 18.56%-ით, იტალიიდან კი 8.66%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. შესაბამისად, ფულადი გზავნილების შემცირებამ, შესაძლოა, მიმდინარე ბალანსისა და ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება გამოიწვიოს.