მსოფლიოს ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, წინა წლებთან შედარებით, რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა. საუბარია კორუფციის კონტროლის, მთავრობის ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მაჩვენებლებზე.
მსოფლიო ბანკის 189 წევრს შორის საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მაჩვენებლით 41-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-19 ადგილს იკავებს. საქართველო კონკრეტული მაჩვენებლით საუკეთესო ოცეულში უკვე მესამედ მოხვდა და რეიტინგით გაუსწრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს – ესპანეთი, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, იტალია, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
აღსანიშნავია, რომ, კორუფციის კონტროლის კუთხით, საქართველომ 100%-იანი შეფასების შკალიდან 74.04% დაიმსახურა და რეგიონში ლიდერობს.
რეიტინგის მიხედვით, „მთავრობის ეფექტიანობის“ მხრივ, საქართველომ შეფასების 76.94% მიიღო და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ამ შედეგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 37-ე, ხოლო ევროპის რეიტინგში 24-ე ადგილზეა.
კერძო სექტორის „რეგულირების ხარისხის“ მიხედვით კი, საქართველო მსოფლიოში 27-ე, ხოლო ევროპის მასშტაბით – მე-19 ადგილს იკავებს და კვლავ საუკეთესო ოცეულშია.
რაც შეეხება კანონის უზენაესობის მაჩვენებელს, საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის სამ და ნატოს წევრ შვიდ სახელმწიფოს.
შეგახსენებთ, რომ გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით 214 ქვეყანა და ტერიტორია ფასდება, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა 1996-2019 წლების მონაცემებს მოიცავს და ყოველი წლის შემოდგომაზე ქვეყნდება.