ავტორი: ირინა ჩოჩუა
ქალთა დასაქმების კუთხით შერჩეულ 10 საუკეთესო OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყანას შორის 9 ევროპული, ხოლო სიის ტოპ სამეულში 2 ჩრდილოეთ-ევროპული ქვეყანა მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაში აშკარა პროგრესი იგრძნობა, იდეალურობამდე ჯერ კიდევ დიდი ნაბიჯია გადასადგამი.
გთავაზობთ PwC-ის მიერ შედგენილ ტოპ ათეულს:
1. ისლანდია
2. შვედეთი
3. ახალი ზელანდია
4. სლოვენია
5. ნორვეგია
6. ლუქსემბურგი
7. დანია
8. პოლონეთი
9. ფინეთი
10. ბელგია
ისლანდია ინარჩუნებს საუკეთესო ქვეყნის სტატუსს სამუშაო ძალაში ქალთა რიცხვის გაზრდითა და უმუშევრობის შემცირებით. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შვედეთი მუდმივად მაღალ შედეგს დებს ქალთა დასაქმების სფეროში, არის პროგრესული კანონმდებლობა. ამ კანონმდებლობის მიხედვით, დაქორწინებული წყვილი თანაბრად ინაწილებს შვებულების დღეებს.
ტოპ ათეულის დანარჩენი ქვეყნები კი სწორად ის ქვეყნებია, რომლებსაც ყველაზე დიდი ალბათობით შევხვდებით წარმატებულ ქვეყანათა სიაში.
სლოვენიამ, რომელმაც გასაოცარი ტემპით გაზარდა ქალი მუშაკების რაოდენობა, შეძლო ნორვეგიის საუკეთესო ხუთეულიდან ამოშლა და ღირსეული მე-5 ადგილი დაიკავა.
ახალი ზელანდია, ერთადერთი არაევროპული ქვეყანა ტოპ ათეუელში, მესამე ადგილზეა – ყველაზე მაღალი პოზიცია, რომელიც მას ამ ინდექსის მიხედვით დაუკავებია. ასევე შესანიშნავი წინსვლა შეინიშება ლუქსემბურგსა და პოლონეთში. ლუქსემბურგმა მინიმუმამდე შეამცირა გენდერებს შორის ხელფასის სხვაობა, ხოლო პოლონეთი ქალთა უმუშევრობის შემცირებით მიიწევს წინ.
ზემოთ აღნიშნული ქვეყნები ქალთა დასაქმების კუთხით მუდმივად ვითარდება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები, პორტუგალია და ავსტრია აშკარა უკუსვლას აჩვენებენ. პორტუგალიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა გენდერთა ხელფასებს შორის სხვაობა, აშშ-სა და ავსტრიაში კი – ქალთა უმუშევრობა.
PwC ასევე აკვირდებოდა მიმდინარე პროცესებს ჩინეთსა და ინდოეთში, რომლებიც არ არიან OECD-ის წევრი ქვეყნები.
ჩინეთი რომ OECD-ის წევრი ქვეყანა ყოფილიყო, სლოვაკეთსა(26) და იაპონიას(27) შორის მოხვდებოდა, ინდოეთი კი სიის ბოლოში აღმოჩნდებოდა.
კავშირ “საფარის” და UNDP-ის წევრების მიერ ჩატარებული კვლევის, “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზის”, მიხედვით:
საქართველოს მდგომარეობა ქალთა დასაქმების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმეა. ქალთა უმუშევრობა საქართველოში ხასითდება გარკვეული ბარიერებითა და ფაქტორებით, როგორებიცაა კულტურული დამოკიდებულებები, ბავშვის მოვლა-პატრონობის ტრადიციული ვალდებულება, განსხვავება ხელფასებში და ა.შ. აღნიშნული გარემოებები ართულებს ქალთა დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოში.
ქალების ერთ მესამედზე მეტი ეკონომიკურად არააქტიურია, მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. დასაქმებული ქალები კაცებზე საშუალოდ 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ.
წყარო: World Economic Forum