„საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, თუმცა ძალიან ცნობისმოყვარე. მიყვარდა კითხვა, მუსიკა, ყველაზე მეტად კი – ბალეტი. დიდხანს ვფიქრობდი, ხელოვნებათმცოდნეობა შემესწავლა თუ ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ბოლოს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არაბულ ენას ვასწავლიდი თბილისის ერთ-ერთ ექსპერიმენტულ სკოლაში. შევქმენი ოჯახი და ჩემი მეუღლის დის – ნინოს სახით გავიცანი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ჩვენ, დღესაც ერთად ვცხოვრობთ. მას ინტელექტუალური შეზღუდულობა აქვს. სწორედ მისთვის დახმარების გაწევის სურვილი აღმოჩნდა მძლავრი მოტივატორი, დამეწყო ისეთი საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობდა შშმ მოზარდებს, საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად ეგრძნოთ თავი“, – იხსენებს სოციალური საწარმო „ამფორეას“ დამფუძნებელი ელისო რეხვიაშვილი.
ახლა რას საქმიანობთ?
მე დღესაც ამ საქმით ვარ დაკავებული, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური, გონებრივი შეზღუდულობის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ვხელმძღვანელობ ორგანიზაცია “რეას”, რომელიც თბილისსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიზნად ისახავს შშმ პირების საინტეგრაციო პროცესისთვის მომზადებას, სხვადასხვა, მათ შორის შრომითი, სახელობო-პროფესიული უნარების განვითარებას, რაც მათი სოციალიზაციისა და დასაქმებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
2017 წელს, საქართველოს ბანკის ფონდ – “სიცოცხლის ხის” მხარდაჭერით, შევქმენით სოციალური საწარმო “ამფორეა”, თუმცა მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აწ უკვე ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებული ახლაგაზრდები ძალიან პატარები იყვნენ. განვითარების თავისებურების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა სახელობო უნარების განვითარებაში ეხმარებოდა. როცა ისინი წამოიზარდნენ, შევეცადეთ დავხმარებოდით სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაშიც, თუმცა ეს, გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სოციალური საწარმოს დაფუძნება. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც ახალაზრდები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებდნენ.
მინდა გითხრათ, რომ სოცმეწარმეობა საკმაოდ რთული და დაბრკოლებებით სავსე საქმიანობა აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან საერთაშორისო და ქართველმა პარტნიორებმა შეგვიწყვეს ხელი და დაგვეხმარნენ განვითარებაში. ჩვენი უცხოელი პარტნიორები არიან: “პური მსოფლიოსთვის,” “ავსტრიის განვითარების სააგენტო” და “დიაკონია”, ხოლო ლოკალური მხარდამჭერი – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და გავითარების ცენტრია. სწორედ CSRDG-ის ტრენინგებმა სოციალური მეწარმოეობის მიმართულებით მოგვცა შესაბამისი ცოდნა, რაც დაგვეხმარა არ დავნებებულიყავით და ბოლომდე გვებრძოლა ჩვენი იდეების განსახორციელებლად.
რა არის სოციალური საწარმო “ამფორეას” მისია?
ელისო რეხვიაშვილი: „სოციალური საწარმო „ამფორეა“ ორ სივრცეს – კერამიკულ სახელოსნოსა და მაღაზიას აერთიანებს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 ბენეფიციარია დასაქმებული. საწარმოში სწორედ ამ ახალგარდების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები იყიდება. ნაწარმის უდიდესი ნაწილი კერამიკულია, მაგრამ გვაქვს ტექსტილის საინტერესო ნიმუშებიც. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისათვის „ამფორეას“ ნაწარმი საკმოად მაღალი ხარისხის პროდუქტს წარმოადგენს და ამავდროულად, ძალიან კონკურენტუნარიანიცაა“.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე ჩვენი გაყიდვები სტაბილურია, რაც გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ, ჩვენს ორგანიზაციაში კიდევ უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა დავასაქმოთ. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში, ასეთი ახალგაზრდებისთვის მუშაობის დაწყების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია, ჩვენ კი გვაქვს ამბიცია, რომ ეს მოცემულობა ცოტათი მაინც შევცვალოთ.
თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა საკანონმდებლო ბაზა დახვეწას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით?
წარმოუდგენელია სოციალური მეწარმეობის განვითარება, თუ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ დაიხვეწება. ჩვენნაირი ორგანიზაციისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთ საწარმოებში არის შესაძლებელი დავასაქმოთ მოტივირებული და ძალიან მონდომებული ახალგაზრდები, რომლებისთვისაც არსებული სამუშაო, როგორც პიროვნული ზრდისა და განვითარების მომტანი, ასევე სტაბილური შემოსავლის წყარო იქნება.
თქვენი აზრით, რაშია ქალების ძალა?
დასახული მიზნის მიღწევის პროცესში, ქალების ძალა უფრო მეტ მოქნილობაში, თანმიმდევრულობასა და ბრძოლისუნარიანობაშია. სწორედ ამ თვისებების გამო, მათი როლი განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ათწლეულებში. ჩვენი ქვეყნისთვის უძნელეს პერიოდში, ქალების უმეტესობამ მათთვის სრულიად ახალ საქმიანობას მოჰკიდა ხელი, რათა საკუთარი ოჯახები გამოეკვებათ და გამკლავებოდნენ პრობლემებს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებოდნენ. დღეს, ბევრი მათგანი საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში, მაგრამ ისინი კიდევ უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა სფეროებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროცესი მძლავრი წინაპირობა გახდება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
რა გაძლევთ მოტივაციას?
ჩემთვის მოტივაცია შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ, რაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს. მოტივაციაა ის, რაც შენი და შენი თანამოაზრეების შრომის შედეგს წარმოადგენს. შეიძლება ძალიან დიდი დროც კი დასჭირდეს ამ პროცესს, მაგრამ სწორედ ეს დიადი მიზნები უნდა გახდეს ჩვენი ინსპირაციის წყარო, სასიცოცხლო ბიძგი, რომელიც შეგვახსნებეს, რომ არ უნდა დავნებდეთ.
რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვისაც გარისკვა უჭირს? მათ, ვინც თქვენს სფეროში ხედავს საკუთარ თავს, მაგრამ ვერ ბედავს პირველი ნაბიჯების გადადგმას?
ვფიქრობ, მონდომებას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არ არსებობს „უნაყოფო“ შრომა, უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შედეგის მიღწევას ხშირად დიდი დრო და მოთმინება სჭირდება. ეს ყველაფერი კი, ნამდვილად ღირს გარჯად, რადგან ამ სფეროში საქმიანობა არა მარტო თვითრეალიზაციის, არამედ სხვების დახმარების შესაძლებლობასაც გვაძლევს. ამაზე კი უარის თქმა, არ ღირს.