რომის პაპი ფრანცისკე ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირებს მხარს უჭერს

Credits: CNS photo/Vatican Media

ცნობილი რეჟისორის, ევგენი აფინევსკის, ახალ დოკუმენტურ ფილმში “ფრანჩესკო” რომის პაპმა განაცხადა, რომ ერთნაირსქესიან წყვილთა უფლებები სამოქალაქო კავშირის კანონებმა უნდა დაიცვას. განცხადებას მოჰყვა დადებითი შეფასებები ლიბერალებისგან, ხოლო კონსერვატორები  განმარტებას ითხოვენ პაპისგან.

”ჰომოსექსუალებს უფლება აქვთ იყვნენ ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ისინი ღვთის შვილები არიან და როგორც სხვებს, მათაც აქვთ ოჯახის ყოლის უფლება. არავინ უნდა იჩაგრებოდეს ამის გამო,”- თქვა მან.

პაპმა, ასევე, განაცხადა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს სამოქალაქო კავშირის კანონის შექმნას. ამგვარად, უმცირესობის წარმომადგენლები იურიდიული გზით იქნებიან დაცული.

მაშინ, როდესაც ფრანცისი ბუენოს-აირესის მთავარეპისკოპოსი იყო, მან მხარი დაუჭირა სამოქალაქო კავშირებს ჰომოსექსუალი წყვილებისთვის, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების ალტერნატივას.

კათოლიკური ეკლესია აცხადებს, რომ არა ჰომოსექსუალური ტენდენციები, არამედ ჰომოსექსუალური ქმედებებია მიუღებელი.

„ის ფაქტი, რომ პაპი ფრანცისი ღია მხარდაჭერას უცხადებს ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირებს, იმის ინდიკატორია, რომ ეკლესია ახალ ნაბიჯს დგამს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად,“-განაცხადა იეზუიტმა მღვდელმა, მამა ჯეიმს მარტინმა.

„პაპის განცხადება აშკარად ეწინააღმდეგება ეკლესიის ტრადიციულ დამოკიდებულებას ერთნაირსქესიანთა კავშირის მიმართ. ეკლესიას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ობიექტურად უზნეო ურთიერთობების დაკანონებას,“-ნათქვამია Rhode Island-ის პროვინციის ეპისკოპოსის, თომას ტობინის, განცხადებაში.

გაეროს მდივნის, ანტონიუ გუტერესის, სპიკერმა, რომელიც მორწმუნე კათოლიკეა, რომის პაპის განცხადებას „ძალიან პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა.