რაშიდა ტლაიბი დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი გახდა მიჩიგანის მე-13 საარჩევნო ოლქისთვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში.
ტლაიბი პალესტინელი ამერიკელია, რომელმაც 2018 წელს ისტორია შექმნა, როგორც კონგრესში არჩეული პირველი ორი მუსლიმი ქალიდან ერთ-ერთმა. ის საკმაოდ პოპულარული ფიგურაა აშშ-ის კონგრესში და საზოგადოებაში ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობითა და პროგრესული იდეებით.
აღსანიშნავია, რომ რაშიდა ტლაიბი Squad-ის წევრია – ეს არის არაფორმალური სახელწოდება ჯგუფისთვის, რომელიც შედგება 2018 წელს კონგრესში არჩეული ოთხი ფერადკანიანი, 50 წლამდე ქალისგან. თითოეული მათგანი მიეკუთვნება დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთას და, მათ შორის, ტლაიბი ყველზე სუსტ წევრად მიიჩნეოდა.
შიდაპარტიულ არჩევნებში მისი ოპონენტი იყო დეტროიტის საკრებულოს პრეზიდენტი ბრენდა ჯონსი. როგორც NBCNews აღნიშნავს, ეს არ იყო მხოლოდ უფროსი ასაკის ოფიციალური პირის დაპირისპირება ახალგაზრდა, უფრო ლიბერალურ აქტივისტთან. არამედ წინააღმდეგობა ეხებოდა რასობრივ დინამიკას რაიონში. შესაბამისად, აღნიშნული გამარჯვება მნიშვნელოვანი წარმატებაა რაშიდასთვის, რადგანაც მე-13 საარჩევნო ოლქი და დეტროიტის გარშემო უბნები, ძირითადად, შავკანიანებითაა დასახლებული, რომელთა შორის აფრო-ამერიკელი ჯონსი ცნობილი ლიდერია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სპეციალური არჩევნების დროს, როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატი თანამდებობიდან გადადგა, ჯონსი დაუპირისპირტდა ტლაიბს შიდაპარტიულ არჩევნებში, გაიმარჯვა და დარჩენილი ვადით დაიკავა პოსტი. თუმცა მალევე გაიმართა ახალი არჩევნები და ჯონსი მხოლოდ 1%-ით დამარცხდა.
ორ-წლიანი დაპირისპირების შემდეგ, ჯონსი ოპონენტს აკრიტიკებს თავის რაიონში ნაციონალური პრობლემებით ზედემეტად დაკავებულობის გამო. გარდა ამისა, ტლაიბს მასთან შედარებით დიდი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა. ამიტომ, ჯონსმა პირობა დადო, რომ შექმნის საკუთარ „რაზმს“, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის ყველაზე ღარიბი უბნების დახმარებაზე.
„ფული გვეხმარება არჩევნებში, მაგრამ ფულით ვერ მოვიგებთ არჩევნებს. მე-13 საარჩევნო უბანი მიცნობს მე და იცნობს ჩემს შრომასაც“, – აღნიშნა იმის ხაზგასასმელად, რომ უბნის საზოგადოებასთნ ხანგრძლივი და ღრმა კავშირი აქვს.
საბოლოო გამარჯვებული ნოემბრის არჩევნებზე გამოვლინდება და ტლაიბი გამარჯვების ნაკლები შანსების მქონე რესპუბლიკელთა კანდიდატს დაუპირისპირდება.