რა დგას ფინანსურად საზრიანი გადაწყვეტილებების უკან | 6 ქალი ლიდერის რჩევა

ფინანსური სტაბილურობა და ფულის სწორად განკარგვა, ალბათ, ყველა ადამიანის მიზანია, თუმცა სამყაროში, სადაც  კვლავ მწვავეა ისეთი საკითხები, როგორებიცაა გენდერული დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე, ფინანსური განათლების დაბალი დონე და სხვა,  ქალებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ფულთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

BCG-ის 2020 წლის საბაზრო კვლევის მიხედვით, ქალები მსოფლიოს 32%-ის ფულადი ნაკადების სათავეში  არიან და მათი აქტივები სწრაფად იზრდება. ასევე, კვლევებში ჩანს ქალთა დამოკიდებულების აქტიური ცვლილება ფინანსებთან, ბიზნესთან, სიმდიდრესა და კარიერასთან მიმართებით და თუ როგორ აისახება ფინანსური განათლების დონე რეალურ დროში გადაწყვეტილებებზე.

WealthiHer Network გაერთიანება 2019 წელს შეიქმნა ქალთა მხარდასაჭერად, უფრო საზრიანად განკარგონ თავიანთი ფინანსები. ორგანიზაციის CEO ტამარა გილანის თქმით, ქალი ანტერპრენერების 75% ვერ გრძნობს საკმარის მხარდაჭერას, რათა მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები ყოველდღიურობის თანმდევ ფინანსურ პროცესებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მიდგომათა ცვლილებები და, მათ შორის, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში განათლების დონის გაუმჯობესება. ფინანსური თავდაჯერებულობის მოპოვება ხანგრძლივი და თანმიმდევრული პროცესია, საწყის ნაბიჯებად კი გთავაზობთ 6 ფინანსურად წარმატებული ქალის რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიღოთ საზრიანი ფინანსური გადაწყვეტილებები.

დოქტორი ჯენი ჩუ, Academic Director of Wo+Men’s Leadership Centre, Judge Business School, University of Cambridge

WealthiHer-ის კვლევა გვაჩვენებს, რომ ფინანსური განათლება დაგვეხმარება იმ სირთულეების გადალახვაში, რომლის პირისპირაც დღეს კვლავ დგანან ქალები და, მეტიც, გაუმარტივდებათ კარიერული უპირატესობის მოპოვება ფინანსების სამყაროში. მათთვის, ვისაც სურს ფინანსურად უფრო საზრიანი გახდეს, ვურჩევ, შეაფასონ საკუთარი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა და აიღონ ის საწყის წერტილად, რომელიც შემდგომში გადაიქცევა იმად, რაც მიზნად აქვთ. მთავარია, განსაზღვრული გქონდეთ ის გზა, რომელიც მიზნამდე მიგიყვანთ და გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის გახსოვდეთ იგი. ასევე რა ფინანსური მიზანიც არ უნდა გქონდეთ, ყურადღება მიაქციეთ დაბეგვრის სისტემასა და ტრანზაქციულ ხარჯებს.“

ენ ბოდენი, Starling Bank-ის CEO და დამფუძნებელი, Best British Bank award in the British Bank Awards in 2018, 2019 and 2020 – ის ჯილდოების მფლობელი

„ფინანსების წარმატებული მენეჯმენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ შავი დღის ანგარიშის გათვალისწინება სახარჯო გეგმაში, რაოდენ მცირე თანხაც არ უნდა გადაგქონდეთ ამ სათადარიგო ანგარიშზე. ხალხი ამბობს, რომ კარგია წარსული ქმედებების გაანალიზება, თუმცა, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება, ვფიქრობ, პირიქითაა – თუ ფრთხილად გათვლი ნაბიჯებს ახლა, მეტი შანსია, მომავალში ფინანსურად ძლიერი იყო.“

ჯესიკა პელტზ-ზატულოვი, Hannah Grey-ის დამფუძნებელი პარტნიორი, Women in VC თანადამფუძნებელი, ‘The Untapped Potential of Women-led Funds’ ავტორი

„ფინანსური სტაბილურობისა და წარმატების მისაღწევად ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. მნიშვნელოვანია ის პლატფორმები, რომლებიც ფინანსური განათლებისათვის იქმნება. ასევე ისეთი პლატფორმები, რომლებიც ინვესტირებაში „ვარჯიშის“ საშუალებას გვაძლევენ. თანდათან ვხედავთ ახალ ბლოგებს, პოდკასტებს და მრავალ ახალ პლატფორმას, რომლებიც გვეხმარებიან ფულთან მიმართებით უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ –  უნდა გამოვიყენოთ ისინი“.

მილენა ბურსტინი, Germin8 Ventures ინვესტორი, ‘The Untapped Potential of Women-led Funds’ თანაავტორი

„ხშირად საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენაა ქალებსა და მათ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით. ეს კი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მიღებული, ქალებს ესაუბრათ ფულის შესახებ. ფინანსური განათლების ინსტიტუტების პოპულარიზაციასა და სამუშაო ძალაში ქალთა რიცხვის მკვეთრ მატებასთან ერთად შესაძლოა მოიხსნას ეს ბარიერი და  ახლა უკვე დროა ფინანსების განკარგვის დროს  „success mindset“-ის იმპლემენტაციას შევუწყოთ ხელი, ანუ შევძლოთ სამომავლო ფინანსური მდგომარეობის შესახებ წარმოდგენათა მართვა და რეალურ შესაძლებლობებზე კონცენტრირება.“

ემილი ბელეტი, Vestpod-ის CEO და დამფუძნებელი, The Wallet პოდკასტის წამყვანი

„როდესაც საუბარი ფინანსურ საკითხებს ეხება, ხშირად ქალები თავს გარიყულად გრძნობენ. იმის გამო, რომ ფულზე ღიად საუბარი კვლავ ტაბუირებულია და უმეტესობა ჩვენგანისთვის არავის უსწავლებია, თუ როგორ უნდა ვმართოთ საკუთარი ფინანსები, რთულია, დავიწყოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა ფინანსური სტაბილურობისაკენ. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების სწავლა ნებისმიერი ჩვენგანისთვისაა შესაძლებელი, ამის პირველი ნაბიჯი კი იმის ნათლად წარმოდგენაა, თუ რა არის ჩვენი ფინანსური მიზანი. შემდეგ ყურადღება მივაქციოთ ვალებს, გავხსნათ ანაბრები და დავაწესოთ მკაცრი სახარჯო ბიუჯეტი, რომელსაც აუცილებლად დავიცავთ. ინვესტირება კიდევ ერთი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მომავალში აკუმულირებული თანხა დაგვიბრუნდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ფულზე: დაიწყეთ საუბარი ახლო წრეში და ნელ-ნელა გადაინაცვლეთ უფრო დიდ საზოგადოებაში – ფულზე ღიად საუბარი თავდაჯერებულობას შეგმატებთ, რაც, მოგცემთ შესაძლებლობას, უკეთესი ურთიერთობა გქონდეთ საკუთარ ფინანსებთან. მთავარია, გვახსოვდეს, რომ პატარ-პატარა წინ გადადგმული ნაბიჯები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოგვიტანს წარმატებას.“

წყარო – forbes