ეტრა დე სუტერი ევროპის პირველი ტრანსგენდერი ქალი მინისტრია. იგი ბელგიაში ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. საკუთარ ტრანს იდენტობას პოლიტიკურ ასპარეზზე იგი ყოველთვის მკაფიოდ უსვამდა ხაზს, თუმცა დე სუტერი მხოლოდ განსხვავებული იდენტობით არ გამოირჩეოდა. მისი მრავალმხრივი კომპეტენციისა და შთამბეჭდავი პროფესიული გამოცდილების დამსახურებით, იგი აღიარებული და პატივსაცემი პოლიტიკოსია. როგორც ექიმი და გინეკოლოგიის პროფესორი, დე სუტერი თავგამოდებით იბრძოდა ქალთა და რეპროდუქციული უფლებებისთვის, გენდერული თანასწორობისთვის.
ნებისმიერ პოლიტიკურ პოსტზე მოღვაწეობისას, იქნებოდა ეს ბელგიის სენატი თუ ევროპული პარლამენტი, დე სუტერი ყოველთვის მხარს უჭერდა ლგბტ ადამიანების უფლებებს. მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა მძლავრი დადებითი გზავნილია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მთელ მოსფლიოში.
“იღბლიანი ვარ, რადგან აღმოვჩნდი ისეთ სამუშაო გარემოში, რომელშიც მიმიღეს. განსხვავებული იდენტობის მქონე ძალიან ცოტა ადამიანს აქვს მსგავსი შესაძლებლობა. უსამართლობაა, როდესაც მსოფლიოში უამრავი ადამიანი უბრალოდ იმის გამო იტანჯება, რომ განსხვავებულია. ახლა საშუალება მეძლევა, გავაკეთო ის, რაც აუცილებელია ამ ადამიანებისთვის, სახელმწიფოს განახლებისთვისა და ბელგიის ახალი მომავლისთვის“ , – აღნიშნა დე სუტერმა.