ნიუ-იორკული სამალავები

ავტორი: ქეთა ბაღაშვილი

ახალი ამბავი არ არის, რომ თუ გვინდა ნიუ-იორკის მაჯის ცემას მოვუსმინოთ, ჩასულები პირდაპირ ყველაზე გადატვირთული ქუჩისკენ, თაიმს სქუერისკენ უნდა გავეშუროთ. მის რიტმს საუკეთესოდ მანჰეტენის ცენტრალ პარკში სეირნობისას შევიგრძნობთ, თუმცა, რას გვეუბნება თვითონ ქალაქი და რა სურს, რომ მასზე ვიცოდეთ, ამაზე ნიუ-იორკის საგულდაგულოდ გადამალული ადგილები მეტყველებს.

დაბნეული და აღტაცებული სახეების, სელფის ჯოხებით ჰაერში აწეული სმარტფონების, ხმაურის, სწრაფად მოძრავი ფეხების და ნიუ-იორკული სანახაობების ჩანაცვლება ნამდვილი ნიუ-იორკული ამბებით თაიმს სქუერიდან არც ისე შორს, ცენტრალ პარკიდან კი საკმაოდ ახლოს, საფრანგეთის საელჩოს შენობაში განთავსებული, დამალული წიგნის მაღაზიით შეგიძლიათ დაიწყოთ.

რადგან ფრანგებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოახერხეს და ყველაზე ნიუ-იორკულ სიმბოლოს, თავისუფლების ქანდაკებას თავისი ისტორიული კვალი დაატყვეს, შექმნეს და ამერიკას აჩუქეს, ძნელია ნიუ-იორკის გადამალული წერტილები მოიარო ისე, რომ ფრანგულ ამბებს არ გადააწყდე. „ალბერტინი“ (Albertine), – სწორედ ასე ჰქვია მეხუთე ავენიუზე მდებარე საფრანგეთის საელჩოს შენობაში გამოყოფილ ოთახს, რომლის ჭერზეც მზის სისტემა და ირმის ნახტომია მოხატული. 2014 წელს გახსნილი „ალბერტინი“, პირველი ფრანგული წიგნის მაღაზია იყო 2009 წელს „როკფელერის ცენტრში“ მაღალი გადასახადების გამო დახურული “Librairie de France-ის” შემდეგ. „ალბერტინში“ 14,000-ზე მეტი ფრანგული და ინგლისურად ნათარგმნი სხვადასხვა ჟანრის იშვიათი წიგნებია წარმოდგენილი.

„ალბერტინის“ გახსნას საკმაოდ დიდი დრო და ფინანსები დასჭირდა. ისეთი კომპანიებისა და სპონსორების საერთო ძალისხმევით, როგორებიც Total Corporate Foundation, LVMH, Van Cleef & Arpels, Air France და Lalique-ია, წიგნის მაღაზიის გახსნაში 5.3 მილიონი დოლარი დაიხარჯა და, რადგან წიგნის მაღაზია ქირის გადასახადს არ იხდის (რაც ნიუ-იორკში საკმაოდ იშვიათი ფუფუნებაა), ამ თანხის ამოღება გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხით არ გასჭირვებიათ.

ზოგჯერ ადგილებზე მეტს ადამიანების ცხოვრება გვიყვება და რადგან ნიუ-იორკი ის ქალაქია, რომლის მაცხოვრებლებიც საკუთარი ცხოვრების სხვებისთვის გაზიარებას არ ერიდებიან, მანჰეტენური საიდუმლოების ათვისება მის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ სამეზობლოში, ჰარლემშია შესაძლებელი.

აფრო-ამერიკელი ქალი მარჯორი ელიოტი 25 წელია ყოველ კვირა დღეს ჯაზის მოყვარულებს მასპინძლობს საკუთარ სახლში და სრულიად უსასყიდლოდ მართავს ჯაზის კონცერტს. თუმცა, ამ სასიამოვნო რიტუალის უკან ტრაგიკული ისტორია დგას. 1992 წელს მარჯორის პირველი შვილი დაეღუპა და შვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, მის პატივსაცემად მან ვაშინგტონ ჰეითსში მორის-ჯუელ მონისის ეზოში ჯაზის კონცერტის გამართვა გადაწყვიტა. მოგვიანებით კონცერტმა მის საკუთარ სახლში გადაინაცვლა და ყოველკვირეული სახე მიიღო, რასაც მარჯორის მეორე შვილის გარდაცვალება და მესამეს გაუჩინარება მოჰყვა, თუმცა მოვლნების ამ ტრაგიკული განვითარების მიუხედავად, მარჯორის ჯაზის კონცერტების გამართვა არ შეუწყვეტია. როგორც თავად ამბობს, კონცერტი იმართება მზეშიც და წვიმაშიც, შვებულების გარეშე.

©️ ლაშა ბაღათურია

კონცერტზე დასასწრებად ბილეთის შეძენა არაა საჭირო, მთავარია კვირა დღეს, შუადღის 4-ის ნახევარზე მარჯორის სახლის ზღურბლზე გამოჩნდეთ, სადაც ის თავად შეგეგებებათ და მის ლეგენდარულ მისაღებ ოთახში შეგიძღვებათ. მარჯორის შინ გამართულ კონცერტებზე სხვადასხვა მუსიკოსები უერთდებიან, რომელთათვისაც, მარჯორი, ანუ, როგორც ხალხი მას უწოდებს, ჰარლემის საიდუმლო ჯაზის დედოფალი, სტუმრებში ქუდის გადატარებით ცდილობს თანხის შეგროვებას.

ნიუ-იორკელები სიამოვნებას დამალული შესასვლელებით, ვინტაჟური დეკორაციებითა და სპეციალური ინგრედიენტებით დამზადებული კოქტეილებისგან უფრო იღებენ. სწორედ ამიტომ ნიუ-იორკული ბარების მფლობელები მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი ბარები საინტერესოდ გადამალონ. თუმცა მაშინაც კი, როცა ბარს საერთოდ არ ეძებთ, ბრუკლინური ბარბერ-შოპის (სალონის), „ბლაინდ ბარბერის“ სტუმრობისას, ნამდვილად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ რაღაც საინტერესო. „ბლაინდ ბარბერი“ ერთი შეხედვით სტანდარტული მამაკაცების სალონია, რომელიც დღის განმავლობაში კლიენტებს წვერის პარსვასა და სხვადასხვა ვარცხნილობებს სთავაზობს, ღამით კი მბჟუტავი ნათურებით განათებულ კოქტეილ ლაუნჯად გადაიქცევა. რეტრო სამალავი თანამედროვე ავეჯით და კედლებზე 70-იანების პალმის რტოების ნახატებითაა გაწყობილი. მათი საფირმო სასმელების დაგემოვნების პარალელურად კომფორტულ, ბნელ სივრცეში შეგიძლიათ გააბათ დიალოგები.

ნიუ-იორკის მეტროს სისტემა 27 მეტროს ხაზისა და 472 გაჩერებისგან შედგება. 1904 წელს აგებული, თუმცა მალევე, 1945 წელს დახურული „სიტი ჰოლის“ გაჩერება ყველაზე ძველი და მომხიბლავი ნიუ-იორკული მეტროს გაჩერებაა. გუსტავინოს ფილებით აგებული თაღები, მინის ვიტრაჟები და თითბრის ნათურები მას ყველა დანარჩენი მეტროს გაჩერებისგან გამოარჩევს. წლების განმავლობაში მიტოვებული გაჩერების ნახვა აკრძალული იყო, თუმცა დღეს ფუნქციადაკარგული, ჩუმი გვირაბები, რომლებიც თავის ისტორიებს ატარებენ, ყველასთვის ღიაა.

©️ Shutterstock

ნიუ-იორკს ყოველწლიურად 60 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, რომლებიც ქალაქში 45 მილიარდამდე დოლარს ხარჯავენ. ისინი ბორანით მიცურავენ თავისუფლების ქანდაკებასთან, მიირთმევენ კერძებს მანჰეტენის ძვირადღირებულ რესტორნებში, “Empire State Building”-იდან გადახედავენ ქალაქს, იშოპინგებენ მეხუთე ავენიუზე, მაგრამ შინ ისე დაბრუნდებიან, რომ ერთ სიტყვასაც არ ჰკითხავენ ქალაქს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს საუბარი.