ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ახალი ბრალდება წაუყენეს. საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის განცხადებით, ყოფილ პრეზინდენტს ლიბიური დაფინანსების გამოყენებაში ედება ბრალი.
გამოძიების მიხედვით, ლიბიის ყოფილმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ, ფარულად გადასცა სარკოზის 50 მილიონი ევრო 2007 წელს პრეზიდენტობის პირველი კამპანიის დასაფინანსებლად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბრალდებას ემატება 2018 წელს სასამართლოს მიერ სარკოზისადმი წაყენებული ბრალდებები: პასიურ კორუფციაში მონაწილეობა და ლიბიის საჯარო ფულის დამალვა.
ნიკოლა სარკოზიმ საკუთარ Facebook–ის გვერდზე უარყო რამე სახის დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას ლიბიის „დიქტატორისგან“ ფულადი გზავნილები არ მიუღია.
ოთხდღიანი დაკითხვების შემდეგ, სარკოზი პოლიციიდან გაათავისუფლეს, მაგრამ იგი სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშაა აყვანილი. ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის რიგით მეორე ყოფილი პრეზიდენტია, ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელიც უკანონო დაფინანსების ბრალდებით სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა.