ნენე მსოფლიოს მთავარი ტრიბუნიდან

ინტერვიუ ნესტან ნენე კვინიკაძესთან

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ვიზაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე

© ანა ბოკო

 

„მოგვიანებით ყველა გაიგებს, ვინც არის გოგონა და რა იდეალმაც აღიტაცა, შორ გზას რომ მიაშურა; პოლიტიზებული როკ სტარივით რატომ აღეგზნო… გოგონას მოუნდა ჰყოლოდა ცხენი. ერთი. არაბული, რადგან ახსოვდა, რომ არაბული ცხენის გულის ფეთქვაზე საოცარი არა არის რა. მოუნდა, ამ ცხენზე შეეწყო ყველაფერი, რაც ჰქონდა და გაქცეულიყო. სად და რვაფეხებით ცნობილ კენტის საგრაფოს მშვიდზღვისპირა ქალაქ უიტსთაბლიში, რომელიც ტექნოს დაეპყრო.“

ნესტან კვინიკაძის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ შეუძლია ზედმიწევნით ლირიკულიც იყოს და გაშიშვლებული სიმართლესავით ბასრი და უბოდიშოც. თუ ნენეს იცნობ, მისი რომანებისა და მოთხრობების კრებულს – „ისპაჰანის ბულბულებს“ – ვერაფრით შეაფასებ როგორც უბრალოდ წიგნს, ან უბრალოდ კარგ წიგნს, ან ძალიან კარგ წიგნს: მონათხრობს მიღმა კიდევ სხვა ამბებს დაუწყებ ძებნას, რომლებიც ავტორისგან სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში მოგისმენია: რედაქციაში, ტელევიზიაში, კაფეში, ბავშვების დაბადების დღეებზე… რასაც არ უნდა ყვებოდეს, ემოციურად და არტისტულად ყვება, მაგრამ თანაბრად მკაფიოა გაეროს ტრიბუნაზეც და ბავშვობის „ტარტალეტკებზე“ თხრობისასაც.

ნენე ალბათ ერთ-ერთი გამონაკლისი ავტორია, რომელიც ცნობს დედლაინებს, შეუძლია დროის მართვა და ამის შედეგად ახერხებს სხვადასხვა სამსახურს, პროექტსა და ოჯახს შორის ფიზიკური თუ ემოციური რესურსის ეფექტურად გადანაწილებას.

ზეპირად იცის უამრავი ლექსი და იცვამს ისე, რომ ზედსართავ სახელს ვერ მოუძებნი: ლამაზადაც, საინტერესოდაც, უცნაურადაც, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ არავის არ ჰგავს.

ზოგადად, ნესტან კვინიკაძე არ ჰგავს არავის.

გაგვეცანი

ნესტან კვინიკაძე. დანარჩენი – ვიკიპედიას მიხედვით.

როგორ ახერხებ დროის რაციონალურად გადანაწილებას ერთდროულად ბევრი საქმის, ბევრი საფიქრალის პირობებში?

ტელევიზიისთვის 3, 5 და 10 წუთი ბევრი დროა. იქ ვისწავლე ცოტა დროში ბევრი რაღაცის მოსწრება. მეორე მხრივ, ბავშვების გარემოცვამ ახალი უნარები გამომიმუშავა – ცალი ხელით ერთს თმას ვუშრობ, ცალით მეორეს ვაცმევ, უფროსს ვპასუხობ რას ნიშნავს ზმნისწინი და ამასობაში წინ მიდევს წიგნი, რომელსაც ვკითხულობ. მეხმარება ბებია მარინა და ძიძა ზაირა.

რამდენად მნიშვნელოვანია თვითორგანიზება ნებისმიერ საქმეში და მათ შორის ხელოვნებაშიც?

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან სხვანაირად არაფერი გამომივა. თავში ქაოსია, ათასი ამბავი ტრიალებს. ყველაფერი დალაგებული უნდა იყოს. მათ შორის, ოთახი, სადაც ვარ.

სად პოულობ შთაგონებას – ქუჩებში? ადამიანებში? სიზმრებში? ხელოვნებაში?

ეს უკვე ჩვევაა, ნებისმიერი მოცემულობიდან რაღაცის მოპარვა. ილუზიონისტივით, თითქოს ვიღაცას ჯიბეში ხელს უყოფ და მტრედი ამოგყავს. აღქმის სიმძაფრის მძევალი ხარ. იმახსოვრებ, იმიტომ, რომ არ იცი, როდის სად რა გამოგადება. შესაბამისად, შთაგონების წყაროა ზესტაფონის თეატრის დირექტორის კაბინეტიც, ფრანგი ბიჭი, ერთ ხელში რძის ბოთლი, მეორეში ბაგეტი რომ უჭირავს. შთაგონებაა ელ გრეკოც და იაშვილის ქუჩაზე ფანჯრიდან თვალმოკრული ლოგინადჩავარდნილი ძალიან მოხუცი ქალიც. კინოც და ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილიც.

© ანა ბოკო

 

არსებობს მუზა? ვინაა, რანაირია?

ამაზე პასუხი ყოველთვის მიჭირს. მუზა, სავარაუდოდ, ძალიან დიდი შთაბეჭდილებაა. თუ ის აუცილებლად ადამიანია, მაშინ დედაჩემი თავისი ტანსაცმლითა და ნივთებით, რომელთა განლაგების აღდგენა ასპროცენტიანი სიზუსტით შემიძლია. ეს მუზები, ასევე, არიან არტისტები, ვინც შემოქმედებითად იმოქმედა, პასუხების პოვნაში დაგეხმარა, ან მუდმივად აღფრთოვანებულ მდგომარეობაში დაგტოვა. რაინერ ვერნერ ფასბინდერი, ჰანა შიგულა, აკი კაურისმაკი, ფარაჯანოვი, დავით კლდიაშვილი, ალბერ კამიუ, დინო ბუცატი… მუზაა ბევრი ლექსი.

რა არის შენი ყველაზე ძლიერი მოტივაცია ცხოვრებაში?

ბავშვები, ჩემი საყვარელი ადამიანები, ის მაგარი ქალები და კაცები, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და პრინციპები, რომელიც ჩემი თამაშისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დგება ხოლმე მომენტი, როცა ძალიან იღლები, როცა ათასი რამ ერთად გაყრია თავზე, ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა…

ჩემს ნოუთებში რომ ჩამიხედავს, ერთი დღის ან ერთი კვირის განმავლობაში რამდენი ამბავია ჩანიშნული, შემშინებია. ეს ამბები ჟანრობრივად და თვისობრივად რადიკალურად განსხვავებულია. გრიპის აცრით იწყება და იტალო კალვინოს ახალი თარგმანის დამუშავებით გრძელდება. უფროსი შვილის კლასელის საჩუქრის ყიდვას მოიყოლებს და ბეკეტი რომ ბერლინის ქუჩებში სეირნობს, აი, იმ ვიდეოკადრების მოძიებით დასრულდება. ან არ დასრულდება. საშინლად ვიღლები. ხასიათი კიდევ უფრო მიმძიმდება, მაგრამ თომა მაფხიზლებს ხოლმე და ვხვდები, რომ ცხოვება ამ აფ ენდ დაუნებისაგან შედგება. მთავარია, ყველა ჯანმრთელი იყოს, დანარჩენი მოგვარებადია.

რისი გეშინია და რისი არ გეშინია?

აღარ მეშინია სიბნელისა და მიწისძვრის. არც იმის, რომ დედას დავეკარგები. არც მშობიარობის. მხოლოდ ახლობლის დაკარგვა მაშინებს.

ფიქრობ ხოლმე რა იქნება 3, 5, 10 წლის მერე? რა გინდა იყოს?

ვფიქრობ, რომ 10 წლის შემდეგ ჩემი შვილებიც, სხვების მსგავსად, აუცილებლად იტყვიან ამ ჯადოსნურ სამ სიტყვას – “შენ ვინ გეკითხება?” ამიტომ, ვცდილობ ამ დროისთვის ისევ საინტერესო ცხოვრება მქონდეს, ჩემი სამყარო ისევ მყარი იყოს და ამ სამმა სიტყვამ არ მაქციოს ისეთად, როგორი ადამიანებიც ყველაზე მეტად არ მომწონს.

როგორ წერ, გჭირდება სპეციალური გარემო, განწყობა მუშაობისთვის? თუ ერთგვარი ჩვევა ხდება წერა რაღაც ეტაპზე?

წერა-კითხვა შემიძლია ნებისმიერ პოზაში, ამინდსა და სიტუაციაში. სხვა შანსი არ მაქვს და ასეთი ნიჭი გამოვიმუშავე.

როგორ აღიქვამენ შვილები როგორც დედას? როგორ გხედავენ? რა მოსწონთ შენი?

დანამდვილებით, ცხადია, არ ვიცი. რასაც ვგრძნობ და რაზეც მიმანიშნებენ, ესაა ის, რომ მიეჩვივნენ ჩემს ცვალებად ხასიათს. იციან, რომ როგორც არ უნდა გამაბრაზონ, ბოლოს მაინც ყველაფერს ვპატიობ. იციან, რომ მათი სამყაროების სრულყოფის გულშემატკივარი ვარ. სულ ვკოცნი და ისინიც სულ მეფერებიან, ამით ჩემი ეგო საშინლად დაკმაყოფილებულია.

© ანა ბოკო

 

მავნე ჩვევა

ხშირად სადღაც შორს გამირბის საკუთარი თავი და საშინალად ვღიზიანდები, როდესაც აქეთ მექაჩებიან. რადიკალურია ხოლმე ჩემი რეაქცია. გულს ვტკენ ახლობელ ადამიანებს, რაც შემდგომ, ცხადია, ძალიან მაწუხებს.

თავიდან რომ შეგეძლოს დაწყება, ვთქვათ, სკოლას რომ ახლა ამთავრებდე, საიდან და რით დაიწყებდი?

სხვა ქვეყანაში წავიდოდი სასწავლებლად. და შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებოდი.

რა ასაკში დაიწყე გაპრანჭვა და რას მოიცავდა ეს გაპრანჭვა?

ბავშვობაში ძილისწინა რიტუალიც პრანჭვას უკავშირდებოდა. მაქმანებიან კაბაზე ქამარს შემოვიჭერდი, სამკაულს ავისხამდი. არავინ მიშლიდა. მახსოვს, დილით, ერთადერთი, ქამარი მხვდებოდა შეხსნილი. იმან, რომ ჩემს ახირებებს პატივს სცემდნენ და ჩემი სამყარო ასეთი შექებული და წახალისებული იყო მშობლებისა და ჩემი დის მიერ, სამყაროსადმი ნდობა ჩამომიყალიბა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლაც სულ ვიპრანჭები.

ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, რაც ოდესმე მიგიღია

საშინლად პასუხისმგებლობიანი ვიყავი და ეს ვრცელდებოდა როგორც საკუთარი ნივთების დალაგებაში, ისე დაკისრებული როლის საუკეთესოდ შესრულებაში, როცა, მაგალითად, დაიანა როსი უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ სულ მაქებდნენ. შემდეგ ნახატებად და ლექსად ვიღებდი კომპლიმენტებს.

ბევრს ფიქრობ იმაზე რა, როგორ, რასთან ერთად გეცვას? აღიქვამ ჩაცმას თვითგამოხატვის ფორმად და ხასიათის გაგრძელებად?

ჩაცმა ნამდვილად თვითგამოხატვის ფორმა მგონია. ზოგჯერ ვფიქრობ, ზოგჯერ- არა. უბრალოდ, რაღაც რომ გიყვარს, ესაა…

ხშირად გაქვს განცდა, რომ ბედნიერი ხარ?

ბედნიერი ვარ, როცა დაბანილ ბავშვებს სძინავთ და მათი შამპუნის სურნელი გულისამაჩუყებლად მოიცავს ხოლმე მთელ ოთახს და მე ამასობაში ვწევარ და ვკითხულობ. თომა მუსიკას უტრიალებს; ბედნიერი ვარ, როცა თვითმფრინავი სხვა ქალაქში დაშვებას იწყებს და ვიცი, აუცილებლად შესანიშნავი თავგადასავალი იწყება; როცა ვგებულობ, რომ ჩემმა მეგობარმა კიბო დაამარცხა. განსაკუთრებით მაბედნიერებს ჩემი კინოში მოღვაწე მეგობრების წარმატება. რადგან მხოლოდ ჩვენ ვიცით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენი რეკვიზიტებით, შეკოწიწებული ფულით, გაყიდული სამკაულების სანაცვლოდ.

© ანა ბოკო

 

რით გინდა ჰგავდე დედაშენს? და რით ამსგავსებ საკუთარ თავს მას – როგორც ქალი და როგორც დედა?

დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო. მისი, რეალურად მცირე ზომის, ტანსაცმლისა და აქსესუარების კარადა, ჩემთვის იყო “პომპიდუს ცენტრიც” და სამყაროს ეპიცენტრიც. იმ კარადას რომ გამოვაღებდი, გული მიჩქარდებოდა, ისე მომწონდა ყველაფერი. იმიტომ, რომ “ექსპოზიცია” იყო საუცხოო. ეს ფაქტურები, ერთმანეთს მიხუტებული ხავერდი და აბრეშუმი. ემბლემებიანი ქამრები. სოჭის სალონში ნაყიდი ჩეხური ფერადი მძივები. ჭილის კალათებში მოწესრიგებულად გადანაწილებული ხელთათმანები და ჩემოდანში მოთავსებული სხვადასხვა ზომის საფულეები და ამ საფულეებში ჩამალული სიგარეტის ფორმის საღეჭი რეზინები. ზარდახშები ბეჭდებით და გულსართებით. კარადის თაროზე, ძალიან ღრმად, შემალული წიგნი სახელწოდებით “მოზარდის სექსუალური აღზრდა”.

ზოგჯერ მგონია, რომ ამ კარადის განვრცობაა ჩემი ცხოვრება. დედის გამეორების თუ გაცოცხლების ერთგვარი ვერსია. თუმცა, ისიც ზუსტად ვიცი, რომ ის, რაც დედაჩემს შეეძლო, წამოუდგენელია მე შევძლო, – სიკეთისა და სიყვარულის უანგარო ფრქვევა. შესაძლოა მეტისმეტიც … დღევანდელი გადასახედიდან, ძალიან არ მომწონს ერთგვარი მორჩილება. იმ დროის დაკვეთის შესრულება – როცა შვილების გამო სამსახურს თავს ანებებ. შესაძლოა დედაჩემს საერთოდ არ უნდოდა ექიმ-ლაბორანტობა. შემორჩა ერთი-ორი კოსტიუმის ესკიზების მცირე მინიმალისტური ჩანახატები. ჩემი და კოსტიუმების მხატვარია… ხშირად ვფიქრობ აუსრულებელი ოცნებების შესახებ, მაგალითად, მოგზაურობა… მე ყველა მოგზაურობისას გული სევდით მევსება, როცა წარმოვიდგენ, რომ დედაჩემი აქ არ ყოფილა. ჰოდა, შესაძლოა ქვეცნობიერად, ესაა ჩემი და ჩემი დის შურისძიება დედაჩემის აუსრულებელი ოცნებების გამო.

იცხოვრებდი სადმე თბილისის გარდა?

ისე ვიცხოვრებდი, რომ თბილისსა და ნიუ-იორკს შორის მქონოდა გზა. თბილისი მიყვარს და ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს.

საქართველოში რომელიმე კუთხესთან, კონკრეტულ ქალაქთან ან სოფელთან თუ გაკავშირებს განსაკუთრებული მოგონება, ასოციაციები ან სენტიმენტები?

ყველგან, სადაც ვყოფილვარ, აბსოლუტურად ყველგანაა თუნდაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. გუდამაყარში ცა, – როცა გგონია, რომ პირში ჩაგივარდება ვარსკვლავი. ჭყვიშში – ტაბიძეების სახლი. ალაზნის ველი. გორელოვკაში წეროების ბუდეები. ბევრია.. არის ბავშვობის შთაბეჭდილება ფოთი, რომელსაც მთელი რიგი ტრაგიკული ამბების გამო გამუდმებით ვშლი მეხსიერებიდან.

როდის ტირი?

მამაჩემს რომ ვიხსენებ. ჯართის შემგროვებელი ბავშვი რომ კვდება… ძალიან დაღლილი თუ ვარ და ვინმე ნერვებს მიშლის. ფილმის ყურებისას ტირილს ვერ გადავეჩვიე და ვერც გადავეჩვევი, კინომცოდნეობა არ გაზღვევეს ტირილისაგან.

რა მთავრდება და რა იწყება დედობით? აი, პირველივე წამით

არაფერი არ მთავრდება. იწყება საკუთარ თავისა და სხეულის შეცნობის ყველაზე საინტერესო პროცესი.

რა უნდა იყოს მთავარი ორიენტირი, რაც ნებისმიერ ფასად, ყველანაირ მოცემულობაში უნდა შეინარჩუნო ქალმა, ნებისმიერი წნეხის თუ ბარიერის პირობებში?

რწმენა, რომ ყველაფრის ახლიდან დაწყება შესაძლებელია! და ის, რომ სექსი მნიშვნელოვანია!

რას ეტყოდი ქალებს, ვისაც გამბედაობა არ ყოფნის?

ვინც აშინებს, იმას ვეტყოდი უფრო მკაფიოდ. ვისაც ეშინია, წამოსვლაში დავეხმარებოდი.

რატომ აღარ გვშივდება, როცა გვიყვარდება?

შეყვარებულთან ერთად ჭამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს?! რეალურად კი, ეს რომ ვერ გავიგეთ, იმიტომ ამოვეფარებით ხოლმე ხან წიგნებს, ხან ფილმებს, ხან ძმებს და დებს.

როგორ ფიქრობ, სხვების აღქმით განსხვავებული ან უცნაური ხარ? და უპირობოდ გულისხმობს ხელოვნება ამ განსხვავებულობას?

არ ვიცი როგორ აღმიქვამენ სხვები. სავარაუდოდ, რეალობისგან ოდნავ შორს იქნება მათი ვერსიები. ადრე, სტუდენტობის დროს, ეს ერთგვარი კონტრაქტის ნაწილიც კი იყო- ყოფილიყავი განსხვავებული და ეპატაჟური. ახლა რაცაა, ძალდატანების გარეშე ასეა.

სიამაყის განცდა როდის გიჩნდება ხოლმე?

ამაყი ვარ, როცა უცხო ქვეყანაში ადვილად ვაგნებ კონკრეტულ მისამართს. და კიდევ მაშინ, როცა ნიკიტა – უფროსი შვილი გულისამაჩუყებლად კარგ თვისებებს ავლენს.

© ანა ბოკო

რის გამო შეგიყვარდა თომა? რა ჰქონდა მას ისეთი, რაც შეიყვარე?

თომა შემიყვარდა იმიტომ, რომ უკომპრომისოდ იბრძოდა. იყო გასაგები, მკაფიო და ამერიკასავით დამაჯერებელი. აქვს ის თვისებები, რაც ერთ ადამიანში წამოუდგენელია თავმოყრილი იყოს. ყველაფერს მიადვილებს და მასწავლის ახლა, ამ წამს როგორ ვიგრძნო თავი შესანიშნავად.

ახლა უფრო მოგწონს საკუთარი გარეგნობა, თუ 16 წლისას უფრო მოგწონდა?

ახლა ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. 16 წლის ასაკში ყველაფერი საეჭვო იყო.

რომელი საჭმელი გახსენებს ბავშვობას?

ბებიაჩემის, თინას მომზადებული საკურთხის სუფრა იყო საუცხოო ინსტალაცია. თეთრ დედლებს, კვერებს, ოვალურ მჭადებს ანთებული სანთლები ემაგრა და ამ თეატრალიზებულ წარმოადგენას გადიდებული თვალებით ვაკვირდებოდი. კიდევ მახსენდება კაკაო და ალადები. დედაჩემი ზაფხულში სქელი ფარდებით ფარავდა ფანჯრებს და გვეუბნებოდა, რომ ვითომ კაფეში ვართ. ძალიან ადვილი და სასამოვნო იყო ამის დაჯერება.

გაეროში შენი გამოსვლა სიამაყის საგანი გახდა ასობით ადამიანისთვის, რომელმაც ჩათვალა, რომ ცოტ-ცოტა ყველას მაგივრად ილაპარაკე. ღელავდი? რთული იყო?

ცოცხალი აუდიტორიის წინაშე წარდგენა ჩემთვის ფობიის მსგავსად რთულად დასაძლევია. ბავშვები, სტუდენტები, ჩემი საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილი აუდიტორია – თანაბრად რთული მოცემულობაა ჩემთვის. მსოფლიოს მთავარი სცენიდან საუბარი, როცა დარბაზში ნაცნობი მხოლოდ ლიკა ნადარაიაა, ცხადია, ძალიან რთულია.

ღელავ იმიტომ, რომ შენთვის ჩუმად დაწერილ ტექსტს საქვეყნოდ აზიარებ, თანაც სხვა ენაზე. უხერხულად გრძნობ თავს, იმიტომ, რომ შენ დაცულ ტერიტორიას გაცდი. ვერავის ცნობ და კიდევ უამრავი მიზეზის დასახელება შეიძლება. მაგრამ, მინდოდა ჩემს ემოციებზე გამემარჯვა და ამიტომაც რთულად, მაგრამ მაინც დავთანხმდი შემოთავაზებას, რომლისთვისაც არ მიბრძოლია, არ მიოცნებია, გაეროს ტრიბუნის დაკავება აზრადაც არ მომსვლია. თავისით მოხდა და ჩემს ცხოვრებაში, ბევრ სხვა რამესთან ერთად, გაჩნდა უალტერნატივო სივრცე – ნიუ-იორკი.

ალბათ, მომწონდა, რაც დავწერე. გულწრფელად დავწერე. ვიცოდი, ჩემს მეგობრებსა და გულშემატკივრებს მოეწონებოდათ, მაგრამ, ვფიცავ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენი უცხო, განსხვავებული ადამიანის გულში გაივლიდა და როგორც უმრავლესობა მწერდა – გააძლიერებდა მათ. ჩემი კომპიუტერიც და ტელეფონიც “დაეკიდა,“ ვეღარ იგერიებდა აქტიურობის ნაკადს.

მეოცნებე ხარ?

მეოცნებეც ვარ. უფრო სწორად, ყოველთვის იმას ვფიქრობ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო…

რას არ გინდა გადაეჩვიო?

არ მინდა გადავეჩვიო თამაშის სურვილს. თვითირონიას. აღფრთოვანების უნარს და მინდა დიდხანს მჯეროდეს, რომ “ჯერ არ არის სახლში დაბრუნების დრო”.