ქალთა შორის მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ნაომი ოსაკამ, საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. იაპონელმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირის დატოვების შესახებ ინფორმაცია საკუთარი ტვიტერის გვერდზე გაავრცელა და მიზეზად მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა.
— NaomiOsaka大坂なおみ (@naomiosaka) May 31, 2021
რამდენიმე დღით ადრე ოსაკამ ტურნირის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემაზე უარი თქვა. დიდი სლემის ოთხგზის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ პრესის წარმომადგენლები სპორტსმენების მენტალური ჯანმრთელობის მიმართ უპატივცემულობას იჩენენ.
Photo by Tim Clayton/Corbis via Getty Images
„ჩვენ ხშირად გვისვამენ ისეთ კითხვებს, რომლებიც საკუთარ თავში გვაეჭვებს და მე არ ვაპირებ, დავემორჩილო მათ, ვისაც ჩემში ეჭვი ეპარება“ – განაცხადა ოცდასამი წლის ჩოგბურთელმა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ტურნირის ხელმძღვანელები ოსაკას სოლიდური ჯარიმითა და მომავალში პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვით დაემუქრნენ. ამ ფაქტმა სპორტსმენებსა და მენტალური ჯანმრთელობის დამცველებს შორის აღშფოთება გამოიწვია. ცნობილი ადამიანები სოლიდარობას სოციალური ქსელების საშუალებით გამოხატავენ და მადლობას უხდიან ნაომის, რომელმაც საკუთარ თავზე ზრუნვის პრიორიტეტად ქცევით ბევრ ახალგაზრდას მისცა მაგალითი.
წყარო: abcnews