ამ ქალის შესახებ, ალბათ, ცოტას თუ სმენია. მინგ სმიტი პირველი აფრო-ამერიკელი ფოტოგრაფია, ვისი ნამუშევრებიც ნიუ-იორკის „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა“ შეიძინა.
მინგ სმიტის შავ-თეთრი ნამუშევრების ფოტოარქივში დიდი ადგილი უჭირავს ჯაზის შემსრულებელ მუსიკოსთა პორტრეტებს, რომლებზეც მათი ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული.
მინგი საზოგადოებამ 1973 წელს გაიცნო, როცა ამერიკულ ყოველწლიურ გამოცემაში „the black photographers annual” მისი ნამუშევრები დაიბეჭდა. იგი საკმაოდ ბევრს მოგზაურობდა და თავისებური, კოსმოპოლიტური სამყაროდან ფოტოებზე ასახავდა ულამაზეს პეიზაჟებსა თუ ღირსშესანიშნაობებს, თუმცა მთავარი სუბიექტი მის შემოქმედებაში მაინც ხალხია. ეს კარგად ჩანს მისი ფოტოების სერიიდან „აფრო-ამერიკელი ხალხის ცხოვრება“.
მინგი თავის ცხოვრებაზე
„თუ გაინტერესებთ, რას ვგრძნობდი, როცა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა 1975 წელს, პირველი შავკანიანი ფოტოგრაფის ნამუშევრები შეიძინა, გეტყვით, რომ თითქოს აკადემიის ჯილდო მივიღე და ამის შესახებ არავინ იცოდა,“ – ამბობს ის გამოცემა financial time-ის ჟურნალისტთან საუბარში.
მხატვარი 1950-იან წლებში დეტროიტში დაიბადა და კოლუმბიაში (სამხრეთ კაროლინა) გაიზარდა. თავიდან ჰოვარდის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი) მედიცინის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, თუმცა მოგვიანებით მიკრობიოლოგიით დაინტერესდა. მისი ადრეული კარიერა, როგორც მოდელის და ამასთანავე, ქორწინება ჯაზ მუსიკოს დევიდ მიურეისთან ნიშნავდა, რომ ხშირად მოუწევდა მოგზაურობა. ქორწინებამ, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე და ნამუშევრების უდიდესი ნაწილი მან სწორედ ჯაზ-მუსიკოსებს მიუძღვნა.
„ყოფილიყავი შავკანიანი ქალი ფოტოგრაფი ნიშნავდა, რომ ყოფილიყავი არავინ. ვიყავით მხოლოდ კამერა და მე. ვმუშაობდი, რათა გადამეღო აფრო-ამერიკელთა კულტურა, ისტორია, მინდოდა ფირზე აღმებეჭდა რა იყო სიმდიდრე, სიყვარული. მხოლოდ ეს იყო ჩემი სტიმული. ეს არ გახლდათ ფულის, დიდების ან სულაც სიყვარულის მოპოვების მცდელობა. თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერანაირ გამოფენას, სადაც ამის მიღების შესაძლებლობა მქონდა.“
დღეს სმიტი საზოგადოების, ხალხის უდიდეს სიყვარულს გრძნობს. პირველი სოლო გამოფენა 2017 წელს ლონდონში, „frieze master”-ში ჰქონდა, სადაც წარმოდგენილი იყო მისი ფოტოები სერიიდან სახელწოდებით „უხილავი კაცი“ და „აუგუსტ უილსონი“ (ამ უკანასკნელმა პულიცერის პრემია მიიღო დრამატურგიის დარგში).
1990-იანი წლების დასაწყისში, სმიტმა მეგობრის დახმარებით აუგუსტ უილსონის დის ტელეფონის ნომერი გაიგო და მაშინვე მწერლის დაბადების ადგილას, პიტსბურგში, გაემგზავრა. სწორედ იქ იქმნებოდა დრამატურგის პიესების უდიდესი ნაწილი.
მინგ სმიტმა მწერლის შემოქმედების გაცნობის პარალელურად, გადაიღო ის ადამიანები, რომლებიც უილსონის პიესების პერსონაჟებს მიამსგავსა.
“მე ოჰაიოში ვიზრდებოდი და იქაც კი ვხვდებოდი ჩემთვის ცნობილ გმირებს უილსონის ნაწარმოებებიდან,“ – იხსენებს ფოტოგრაფი.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლონდონის გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოების სერიას „უხილავი კაცი“, რომლის სახელწოდება მინგმა რალფ ელისონის მიერ 1952 წელს, ამავე სათაურით გამოქვეყნებული რომანიდან აიღო. ამ ნამუშევრებში შავი ფიგურებია ასახული, რომელთა მიღმა ხალხის სახეები იმალება. ფოტოებზე აღბეჭდილია იმ ადამიანთა ჯგუფის სილუეტები, რომლებიც ხილვადობასა და უხილავობას შორის იკარგებიან.
სმიტმა ამ ფოტოებზე ასახა აფრო-ამერიკელი ხალხის ბრძოლა ჩაგვრის წინააღმდეგ და ამ ნამუშევრებით ხილვადი გახადა ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებამ გარიყა და უხილავებად აქცია. ფოტოგრაფმა ამ ხერხით, საკუთარი შინაგანი განცდების გადმოცემა სცადა.
დიდი ინტერესი გამოიწვია სმიტის ნამუშევრებმა ხელოვანთა შორის, თუმცა ფოტოგრაფმა გამოფენის შემდეგ გულისტკივილით აღნიშნა: „ჩემთვის არავის უკითხავს, ვიყავი თუ არა მე, იქ, იმ უხილავ ადამიანთა შორის“.
მინგს ახალი, ბოლო პერიოდის, ნამუშევრები საზოგადოების წინაშე, არც ერთ გამოფენაზე არ წარმოუდგენია. ის განმარტავს, რომ მისთვის მთავარი ყურადღებაა, რომელსაც როგორც თავად, ასევე სხვა ფერადკანიანი ქალები საზოგადოებისგან გრძნობენ.
„ეს თითქოს მხარდაჭერაა ადამიანების მხრიდან, შავკანიანი ხელოვანების მიმართ. დიახ, ჩვენ, შავკანიანმა არტისტებმა შევძელით და ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობით შევეცადეთ შეგვეცვალა სამყარო და სწორედ ეს გვაერთიანებს. ხელოვანებს აქვთ იმ ოსტატის როლი, რომელსაც შეუძლია მოუტანოს მშვიდობა და ბედნიერება მიანიჭოს ადამიანებს.“
ავტორი: Anny Shaw
თარგმანი: თამთა ბარძემიშვილი
წყარო: Financial Times