ლიტერატურული მოგზაურობა „საბასგან“

ავტორი: მაკა ცხვედიანი

„საბკულტურა“ ‒ ღია სივრცეა წიგნის მოყვარულებისთვის, სადაც ლიტერატურა და ლიტერატურაზე საუბარი უყვართ; სადაც წიგნებისა და წიგნებიდან მიღებული ცოდნის გარშემო მსჯელობა მარტივია ‒ როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სივრცეში; სადაც დისკუსია და შთაბეჭდილებების გაზიარება ცხოვრების ერთგვარი სტილი ხდება.

წიგნის მოყვარულთა და მკითხველთა ახალი მოძრაობის ‒ „საბკულტურის“ წევრებს სჯერათ, რომ „კითხვა ცვლის ფიქრებს, ფიქრები ‒ ქმედებებს, ქმედებები კი გარემოს.

„საბკულტურა“ „საბასა“ და კრეატიული სააგენტოს ‒ „ლივინგსტონის” ერთობლივი პროექტია, აქ ახალი ტექნოლოგიები და ხედვისა და აღქმის ახალი ფორმები ერთმანეთს ავსებს, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახლდა Saba Reader, რომელსაც ისეთი ფუნქციები დაემატა, რაც iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით კითხვას ყოველდღიურ, მარტივ და სასიამოვნო პროცესად აქცევს. აპლიკაციის ახალი ვერსია გაცილებით მოხერხებული და კომფორტულია. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, პრაქტიკულად, სიმბოლურ ფასად წვდომა ჰქონდეს „საბას“ სრულ კატალოგთან.

„საბკულტურა“ არის თანამედროვე ბრენდი, რომელსაც თავისი ხმა აქვს ‒ ადამიანებს მოუწოდებს კითხვისკენ, სწავლისკენ, განათლებისკენ. განმარტავენ „საბას” ახალი ინიციატივის, პროექტ „საბკულტურის“ ავტორები, რომლებიც მიზნად ისახავენ, რომ კითხვის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და მარტივად ხელმისაწვდომი გახადონ.

„თიბისის“ მიერ 17 წლის წინ დაარსებული „საბა“ ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემიაა საქართველოში. 2012 წლიდან „თიბისის“ ხელშეწყობით ელექტრონული წიგნების წამყვანი, ინოვაციური ვებ-პლატფორმა შეიქმნა. დღეს ელექტრონული წიგნების სახლს 190 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო „საბას“ კატალოგი 6000-მდე ელექტრონულ წიგნს აერთიანებს. მათ შორისაა ხმოვანი წიგნები, აუდიოლექციები და პოდკასტები.

როგორია ლიტერატურის როლი, ადგილი, ფუნქცია თანამედროვე, უახლესი აღმოჩენებით გაჯერებულ, ყოველდღიური საოცრებებით სავსე სამყაროში? სად არის წიგნი, ავტორი და მკითხველი? იქნება თუ არა წიგნთან დამოკიდებულება ისეთივე მღელვარებით აღსავსე და შთამბეჭდავი, როგორც ადრე თუ ცვლილებების დროა?

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ლიტერატურას ბევრი კონკურენტი გაუჩინა, თუმცა, ამავე დროს, სამყაროს კითხვის ახალი საშუალებებისა და ფორმების პოვნის აუცილებლობაც უკარნახა. 21-ე საუკუნის მკითხველს ტექსტის გაცნობის გაცილებით მეტი საშუალება აქვს. მას შეუძლია მარტივად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაეცნოს სასურველ წიგნს ისე, რომ ჩანთაც კი არ დაიმძიმოს ‒ მინიატურულ გაჯეტში თავმოყრილი უზარმაზარი ბიბლიოთეკის წყალობით.

„საბკულტურა“ სწორედ თანამედროვე მკითხველისთვის საინტერესო შემეცნებითი სივრცეა, ემოციების გაზიარების, შთაბეჭდილებების მიღების, ინფორმაციის მონიშვნის, დეტალების წვდომის, ინტერაქტიული კითხვის ადგილი.

შემეცნებითი პლატფორმის ‒ „საბკულტურის“ შემქმნელები მას ახალი თაობის ბრენდად მოიხსენიებენ. „საბკულტურის“ მიზანია ლიტერატურა თანამედროვე თაობების ყოველდღიურობაში აქტუალური ფორმითა და მედიუმით შეიტანოს, სწორედ ამის დასაწყისია განახლებული აპლიკაცია. მკითხველისა და ავტორის კიდევ უფრო ინტეგრირებულ ურთიერთობაზე ორიენტირებული პლატფორმის ავტორები მიზნად ისახავენ მკითხველს თავი მაქსიმალურად კომფორტულად აგრძნობინონ. ამიტომ კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია პლატფორმაში გათვალისწინებული ფერისა და ფონის კომბინაცია, განათება, ტექსტისა და სივრცის განაწილება.

ლიტერატურული პროცესი ერთგვარი მაგნიტური წრედია, რომელიც რამდენიმე აქტორის ურთიერთობით იქმნება ‒ ავტორი ქმნის ტექსტს და პოულობს მკითხველს, მკითხველი პოულობს წიგნს და ავტორს, შემდეგ, თავისნაირ მკითხველს ეძებს, რომ შთაბეჭდილება გაუზიაროს, მისი აზრი მოისმინოს. „საბკულტურა“ სწორედ ეს მაგიური წრეა, რომელიც ადამიანთა წარმოსახვასა და შესაძლებლობას ახალი სასიცოცხლო ენერგიით მუხტავს.