ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე კრისტინ ლაგარდის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
მარიო დრაგის შემცვლელად კრისტინ ლაგარდს 649 დეპუტატიდან ხმა 394-მა მისცა, წინააღმდეგ 206 დეპუტატი წავიდა, 49 პარლამენტარმა კი, პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრა ევროპარლამენტში სიმბოლური ხასიათისაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი მარიო დრაგის შემცვლელად ჯერ კიდევ ივლისში წარადგინეს.
კრისტინ ლაგარდი, რომელიც 2011 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა, ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის რანგში მუშაობას სავარაუდოდ 1 ნოემბრიდან შეუდგება. ევროპული საბჭოს ოქტომბრის სესიაზე საკითხის ოფიციალურად დამტკიცებას ელოდებიან. 63 წლის ლაგარდი ევროპის ცენტრალურ ბანკს მომავალი 8 წელი უხელმძღვანელებს.
წყარო: BM.GE