კოალიცია თანასწორობისთვის: მუნიციპალიტეტებში შექმნილ გენდერის საბჭოს ფორმალური სახე აქვს

„კოალიციამ თანასწორობისთვის“ რიგით მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში შეფასებულია სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის პრაქტიკა და გამოწვევები.

ანგარიშის მიხედვით, დაბალია ქალთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ქალები პარლამენტის წევრთა დაახლოებით 14%ს შეადგენენ, ხოლო საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა 23%-ს).

2019 წლის მდგომარეობით, ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი იყო გენდერის საბჭო და დანიშნული გენდერის მრჩეველი ან პასუხისმგებელი პირი გენდერული თანასწორობის საკითხებში. თუმცა, 64 მუნიციპალიტეტიდან ოთხს (მესტიის, აბაშის, თიანეთისა და ხონის მუნიციპალიტეტებს) ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული გენდერული სამოქმედო გეგმა და უკვე შექმნილ სხვა სამოქმედო გეგმებსაც ფორმალური ხასიათი აქვს. დაბალია გენდერული საბჭოს წევრთა ცნობიერება და სენსიტიურობა გენდერის ზოგადი საკითხების მიმართაც.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად „კოალიცია თანასწორობისთვის“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს რეკომენდაციით, რომ შეიმუშაოს და მხარი დაუჭიროს სავალდებულო გენდერულ კვოტებს პარტიული სიების შედგენისას.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებების თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაა. კანონის მიღების შემდეგ, „კოალიცია თანასწორობისთვის“ ყოველწლიურად შეისწავლის ადამიანების ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს.