კარენ ულენბეკის ლეგიტიმური ამბოხი

ავტორი: ზაზა დობორჯგინიძე

ფოტო: Lee Sandberg/Institute for Advanced Study

ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, კარენ ულენბეკი, პირველი ქალია, ვინც მათემატიკის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო, აბელის პრემია მიიღო. 2019 წლის 19 მარტს ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიამ ის გამარჯვებულად დაასახელა და ჯილდოსთან ერთად ექვსი მილიონი ნორვეგიული კრონი გადასცა. მეცხრამეტე საუკუნის ნორვეგიელი მათემატიკოსის, ნილს ჰენრიკ აბელის საპატივსაცემოდ შექმნილი ჯილდო მათემატიკის ნობელის პრემიის ექვივალენტია და გადაეცემათ ლაურეატებს, რომლებმაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს მათემატიკის დარგში.

“დიდი პატივია ვიყო პირველი ქალი, რომელმაც აბელის პრემია მიიღო. ასევე ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ბევრი, ბევრი მადლობა რამდენიმე შესანიშნავ პიონერს, რომლებიც ჩემამდე იყვნენ და მრავალ ქალს, რომელიც ზურგს მიმაგრებდა. მე ქალების პირველ თაობაში ვარ, რომელსაც შეეძლო პროფესიული განვითარების მოლოდინი ჰქონოდა, შესაძლოა იმ დროს არა ისე, როგორც კაცის თანასწორს, მაგრამ კარები ჩაკეტილი აღარ იყო.”

ულენბეკის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა, ერთი შეხედვით, ყოველდღიურ თემას, საპნის ბუშტებს ეხება. თავის კოლეგასთან, ჯონათან საქსთან ერთად, იგი, ეგრეთ წოდებულ, მინიმალურ ზედაპირებს იკვლევდა და მათემატიკურად აღწერა, თუ როგორ ფორმირდება საპნის ბუშტები ისე, რომ დაიხარჯოს მინიმალური ენერგია და დაიკავოს ყველაზე მცირე შესაძლო მოცულობა. თეორიის პრობლემა იყო ის, რომ ჩნდებოდა წერტილები, სადაც ენერგია უკიდურესად კონცენტრირებული იყო. ულენბეკმა აჩვენა, რომ ამის გამომწვევი ზედაპირიდან ახალი ბუშტების მოწყვეტა იყო. ეს ნაშრომი გამოიყენება ისეთი ფიზიკური ფენომენების შესწავლისას, როგორიცაა: ელექტრული ველები. მსგავსი მეთოდების გამოყენებით, ულენბეკმა ასევე გარდაქმნა ფიზიკის საკალიბრო თეორია, რომელიც ელექტრომაგნიტური ველების კლასიკური თეორიის განზოგადებაა და საფუძვლად უდევს ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელს.

79 წლის სახელგანთქმული მათემატიკოსი იკვლევს ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებებს, რომლებიც აჩვენებენ, თუ რამდენად სწრაფად იცვლება ფუნქცია, როცა ვცვლით მის ერთ-ერთ ცვლადს და მუდმივად ავიღებთ სხვა ცვლადებს. განტოლებები მან გეომეტრიის, ტოპოლოგიის და ფიზიკის პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენა.

80-იან წლებში კარენ ულენბეკმა დაწერა ნაშრომი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გეომეტრიული ანალიზის დარგს და, ამგვარად, დრამატულად გარდაქმნა მათემატიკური ლანდშაფტი. ულენბეკის კვლევამ მოიტანა რევოლუციური თეორიები ფიზიკასა და მათემატიკაში; მის მიგნებებს გამოყენება აქვს მრავალ დარგში, დაწყებული სიმების თეორიით, რომელმაც შესაძლოა რეალობის ბუნება ახსნას, დამთავრებული სივრცე-დროის გეომეტრიით.

ულენბეკმა თავისი ნაშრომების უმეტესი ნაწილი 1980-იანებში გამოაქვეყნა, როცა კვლევითი საზოგადოებები, რომლებიც ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდნენ, კვლავ გაერთიანდნენ. მისი თქმით: “ამ პერიოდში აყვავდა კავშირი მათემატიკასა და ფიზიკას შორის.” მათემატიკოსებმა დაამტკიცეს, რომ მათ ჰქონდათ ფიზიკოსებისთვის სასარგებლო ინფორმაცია, რომლებსაც ჰქონდათ დიდი იდეები კვლევის ობიექტების შესახებ, სანამდეც მათემატიკოსები თავისით ვერ მივიდოდნენ.

ფოტო: Andrea Kane/Institute for Advanced Study

 

“60-იანებში და 70-იანებში, როცა გააუქმეს საკანონმდებლო ბარიერები, რომლებიც რაც განვითარებას უშლიდა ხელს, ჩვენ ველოდებოდით, რომ ქალები და უმცირესობები მარშით შევიდოდნენ ამ კარებში და დაიკავებდნენ მათ კუთვნილ ადგილებს (აკადემიაში მაინც.) ეს ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ მაინც უზარმაზარ პროგრესს ჰქონდა ადგილი, ქალებისთვის მაინც. დღეს ახალგაზრდა მათემატიკოსი ქალები ნიჭის მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი აუზი არიან. იმედი მაქვს რომ ჩემს გზაზე, მე შევუერთდი დანარჩენებს ამ ჩაკეტილი კარების ფართოდ გაღებაში! მათემატიკის კვლევა ადამიანის საქმიანობის მცირე ნაწილია, მაგრამ ძალიან დამაჯილდოებელი და ლამაზი მათთვის, ვინც მას მოიხელთებს. ადამიანის გონების რაღაც თავისებურების გამო ის ასევე ძალიან სასარგებლოა. მე მადლობელი ვარ, შვედეთის აკადემიის ამის აღიარების გამო.”

მათემატიკის ჯილდოების არაერთი მფლობელი ამბობს, რომ მათ ნაშრომებს ფესვები აქვს იმ მეთოდებში, რომლებიც ულენბეკმა შემოიტანა. მათ შორისაა: 1986 წლის ფილდსის ჯილდოს გამარჯვებული საიმონ დონალდსონი – რომელმაც საკალიბრო თეორია ოთხგანზომილებიანი სივრცეების ტოპოლოგიას მიუსადაგა და 2009 წლის აბელის პრემიის გამარჯვებული მიხაილ გრომოვი, რომელმაც ულენბეკის თეორია სიმების თეორიის კვლევაში დანერგა.

ულენბეკის ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტი, ბათის უნივერსიტეტის მათემატიკოსი მარკ ჰასკინსი ამბობს, რომ ულენბეკი ერთ-ერთი იყო იმ მათემატიკოსთაგან, რომლებსაც აქვთ “თადაყოლილი განცდა, თუ რა არის ჭეშმარიტი” მაშინაც კი, როცა ვერ გიხსნიან, თუ რატომ. მისი თქმით, სტუდენტობისას მას ანცვიფრებდა კარენის ზოგიერთი პასუხი. “მყისიერი რეაქცია იყო, რომ კარენმა არასწორად გაიგო, რადგან სხვა კითხვაზე გიპასუხა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ შენ აანალიზებდი, რომ შენ არ დაგისვამს სწორი კითხვა.”

კარენ კესკულა კლივლენდში, ოჰაიოს შტატში, 1942 წელს დაიბადა და ნიუ-ჯერსიში გაიზარდა, იგი ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული მეცნიერებით. “ერთხელ მე წავიკითხე ყველა წიგნი მეცნიერების შესახებ ბიბლიოთეკაში და შემდეგ ფრუსტრირებული ვიყავი, როცა არაფერი დარჩა წასაკითხი”- წერს ის 1996 წლის ავტობიოგრაფიულ ესეში.

თავდაპირველად, ფიზიკით დაინტერესების შემდეგ ულენბეკმა მათემატიკის დოქტორის ხარისხი 1968 წელს Brandeis University -ში მიიღო; ზოგიერთმა აკადემიკოსმა თავიდანვე აღიარა მისი უჩვეულო ნიჭი და გაამხნევა, სხვები კი უგულებელყოფდნენ მას. ულენბეკს რამდენიმე უნივერსიტეტში ეკავა თანამდებობა და ხშირად მარგინალიზებული იყო კაცი კოლეგების მიერ, ვიდრე საბოლოოდ 1987 წელს ტეხასის უნივერსიტეტში დაიმკვიდრებდა თავს. ის მათემატიკოსი ქალების მტკიცე დამცველი იყო და დააფუძნა პროგრამა “ქალები და მათემატიკა”, პრინსტონის განვითარებული სწავლების ინსტიტუტში. ულენბეკი მისაბაძი მოდელი და მენტორია მათემატიკოსი ქალების მრავალი თაობისთვის. 2000 წელს ულენბეკი მეორე ქალი გახდა, რომელიც მათემატიკის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. მას იმედი აქვს, რომ მისი ჯილდო და სხვა მიღწევები შთააგონებს შემდეგი თაობის გოგოებს, რომ მათემატიკა შეისწავლონ, ისევე როგორც თვითონ იყო შთაგონებული ისეთი მათემატიკოსების მიერ, როგორიცაა: თანამედროვე ალგებრის ფუძემდებელი ემი ნოეთერი, პირველი ქალი, რომელიც 1932 წელს მათემატიკის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

მეცნიერებებს განსაზღვრავენ ინდივიდები, რომლებიც ადამიანის ცოდნის ზღვრებს სცილდებიან და ამასთან ერთად გადალახავენ ეპოქის მიერ დაწესებულ ბარიერებს. კარენ ულენბეკის ამბავი ამის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია, რადგან მათემატიკის და ფიზიკის ცოდნის გაფართოებასთან ერთად იგი დაუპირისპირდა და შეებრძოლა ბარიერებს, რომელიც საზოგადოებამ დაუწესა ქალებს, რომლებსაც მეცნიერებაში კარიერის განვითარება სურთ და გაამხნევა ათასობით ქალი, რომ მის მაგალითს მისდიონ.

“ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მათემატიკას ვერ ავითვისებდით, რადგან ქალები ვართ. მე მომწონდა იმის კეთება, რაც არ უნდა მეკეთებინა, ეს თავისებური ლეგიტიმური ამბოხი იყო.”

Special thanks to Lee Sandberg, Institute for Advanced Study

Dr. Uhlenbeck – Visitor in the School of Mathematics at the Institute for Advanced Study and Professor Emerita of Mathematics and Sid W. Richardson Regents Chair at the University of Texas at Austin