რამდენიმე თვის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩინური დიასპორა ქსენოფობიისა და დიკრიმინაციის ობიექტად იქცა. გამონაკლისი არც იტალიაში მცხოვრები ჩინელები აღმოჩნდნენ, რომელთაც მოსახლეობა ვირუსის გავრცელების პოტენციურ საფრთხედ აღიქვამდა.
ახლა, როცა იტალია პანდემიის წითელ ზონად იქცა და ქვეყანა მთელი ძალით ებრძვის კორონავირუსს, აღმოჩნდა, რომ ვირუსისაგან ყველაზე ნაკლები ზიანი სწორედ იტალიაში მცხოვრებ 50 000 ეთნიკურად ჩინელს მიადგა.
ტოსკანის ქალაქ პრატოში იტალიის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობის ეთნიკურად ჩინელი ცხოვრობს. მათი კომპაქტურად დასახლებული თემი 50 000 წევრს ითვლის და თუკი ორიოდ თვის წინ მათ საზოგადოება საფრთხედ მიიჩნევდა, კრიზისულმა ვითარებამ საპირისპირო დაადასტურა. როგორც იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, დაავადების კონტროლის მკაცრი პროტოკოლის სწრაფად და უპირობოდ დაცვის თვალსაზრისით, პრატოს ჩინელი მოსახლეობა მთელი ქვეყნისათვის სამაგალითოა.
„იტალიელებს გვეშინოდა, რომ პრატოს ჩინელი მოსახლეობა პრობლემას შეგვიქმნიდა. ნაცვლად ამისა, ისინი კრიზისულ ვითარებას ჩვენზე უკეთ უმკლავდებიან. პრატოს ჩინელ მაცხოვრებლებს შორის COVID-19-ით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – ამბობს რეგიონში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, რენცო ბერტი.
ჩინელები პრატოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და მათი წყალობით ქალაქში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე მხოლოდ 62-ს შეადგენს, მაშინ, როცა ქვეყნის მაშტაბით იგივე მაჩვენებელი 115 ადამიანია.
პრატოს ჩინელი მოსახლეობა კარანტინში იანვრის დასასრულიდან მოექცა, სამი კვირით ადრე იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე. მათი უმეტესობა ახალი წლის პერიოდში პანდემიის ეპიცენტრში, ჩინეთში იმყოფებოდა. ამგვარად, ვიდრე იტალიელები ჩვეულებრივად განაგრძობდნენ ცხოვრებას, პრატოს მცხოვრები ჩინელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან სრულიად გაქრნენ. ქალაქის ჩინური დასახლების ქუჩები თანდათან დაცარიელდა და მაღაზიები დაიხურა.
როგორც ჩანს, ნაადრევმა კარანტინმა უშედეგოდ არ ჩაიარა, რადგან, ფაქტობრივად, იტალიაში მცხოვრებ ჩინელ მოსახლეობაში ვირუსით ინფიცირების სტატისტიკა მინიმალურია.