ინოვაცია აფრთიანებს

ავტორი: მარიამ ლაშხი

ფოტო: Freepik.com

„გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს, თუ არ გახსენი“

– თომას დევარი

იყო ინოვატორი ნიშნავს, მუდმივად ისწრაფვოდე ცვლილებებისა და განვითარებისკენ, იფიქრო განსხვავებულად, გქონდეს სურვილი შექმნა ახალი ან გააუმჯობესო უკვე არსებული პროდუქტები/სერვისები, ახალი იდეები გარდაქმნა ახალ ბიზნესმოდელებად, იცხოვრო უკეთესად და უკეთესი პირობები შეუქმნა სხვასაც! რაც არ უნდა ხშირად მარცხდებოდე, არ უნდა შეგეშინდეს წარუმატებლობის!

თავისუფლება, მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომა, კრეატიულობა, გუნდურობის განცდა, გარისკვა ‒ ეს იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია, რაც აუცილებელი წინაპირობაა, ინოვაციების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

ხშირად ინტერესდებიან, ინოვატორი პიროვნული თვისებაა თუ პროცესის? მხოლოდ ტექნოლოგიებშია თუ არა ინოვაცია? შეუძლია თუ არა ქვეყანას იყოს ინოვატორი და, საერთოდ, რა არის ინოვაცია?

თუ ჩავუღრმავდებით თავისუფლების ცნებას, თავისუფალი არის ის, ვისაც საკუთარი თავის უფლად, ბატონად მიაჩნია თავი, არავის ემორჩილება და მოქმედებს თავისი ნების შესაბამისად. ვფიქრობ, ეს სიტყვა ზუსტად შეესაბამება მის არსს. თავისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა. შესაბამისად, ინოვატორში თავს უნდა იყრიდეს როგორც თავისუფლების განცდა, ასევე უდიდესი პროფესიონალიზმი. „არა ყმაწვილო, არა! ასეთი ცოდნით ჩვენ ვერ გავფრინდებით! არადა, უნდა გავფრინდეთ!“ (ციტატა მხ. ფილმიდან „შერეკილები“).

ვფიქრობ, თავისუფალი გარემოს არსებობის გარეშე, ქვეყანას გაუჭირდება მოხვდეს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა შორის.

კაცობრიობამ, ცივილიზაციის მიღწევამდე, ხანგრძლივი გზა განვლო და თავისუფლების შეგრძნებით ტკბობისთვის, ბევრი წინააღმდეგობა გადალახა. ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება, კომუნიკაციის საშუალებების განვითარება, ამ პროცესის წინაპირობა და დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა.

ინოვატორები ყველა ეპოქაში იყვნენ. თავისებურად ინოვატორები იყვნენ მოსეც, იესოც, მუჰამედიც. საქართველოშიც ბევრი გვყავდა: რუსთაველი, კაკაბაძე, ძმები ზდანევიჩები და სხვ.

უდიდესი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის განვითარებაში ცნობილმა განმანათლებლებმა და გამომგონებლებმა. ერთ-ერთ უმთავრეს გამოგონებად საბეჭდი დაზგა ითვლება. გუტენბერგის ეს ინოვაცია, თანამედროვე კომუნიკაციის კულტურის წინაპირობად ითვლება. საბეჭდი დაზგის წყალობით კაცობრიობამ შეძლო, ინფორმაცია ელიტების გარდა, მასისთვისაც მიეწოდებინა.

ერთ-ერთი უმთავრესი ტექნოლოგიური ინოვაცია ინტერნეტის შემქმნელებს ეკუთვნით. ესენი არიან: ამერიკელი მეცნიერი, ვინტონ სერფი, პროტოკოლ TCP/IP ერთ-ერთი შემქმნელი და ინგლისელი მეცნიერი, სერ ტიმოთი ბერნერს-ლის, რომელიც მსოფლიოს 100 ყველაზე გენიოს ადამიანთა შორისაა.

ტექნოლოგიურ პროგრესში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ეკონომისტებმაც. მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომისტს ჯოზეფ შუმპეტერს მიაჩნდა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშნებელობა და მასში ე.წ. ანტრეპრენორული, ველური სულისკვეთება. გამოცემა The Economist-მა მას ინოვაციების და მეწარმეობის ჩემპიონი უწოდა! მიუხედავად იმისა, რომ მისი შეფასებები საკამათო და, ზოგ შემთხვევაში, შემაშფოთებელი იყო, მან განვითარების ის მოდელი წარმოადგინა, სადაც გააერთიანა ეკონიმიკური თეორიის ახალი მიმართულებები კონდრატიევის, კუზნეცის, იუგლარისა და კიჩინის ნაშრომებიდან. ჯოზეფ შუმპეტერი თავის ცნობილ ნაშრომში ველური სულისკვეთების განმარტებისთვის იყენებს გერმანულ სიტყვას Unternehmergeist და ამტკიცებს, რომ ახალი პროდუქტების/სერვისების შექმნის ან უკვე არსებულის გაუმჯობესების მასტიმულირებელი, ანტრეპრენორების ველური სულისკვეთებაა. სწორედ ანტერპრენორების ინიციატივები ცვლიან სამყაროს.

1973 წელს გადაღებული ქართული ფილმი „შერეკილები“ სწორედ ინოვატორებზეა. არავის სჯერა, რომ „შერეკილებად“ მონათლული პერსონაჟები ურმისგან ცათმფრენს ააგებენ და გაფრინდებიან. მათი ფორმულაა: სიყვარული, პლუს მინუს დაუოკებელი სწრაფვა წინსვლისა და უსასრულობისაკენ. და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ინოვატორები, ყველას გასაოცრად, მართლაც გაფრინდებიან. ჰოდა, ჩვენც უნდა გავფრინდეთ! იდეები ხომ აფრთიანებს!

21-ე საუკუნე ტექნოლოგიების და ახალი შესაძლებლობების ერაა, რომელსაც უფრო სწრაფი ტემპი ესაჭიროება. გლობალიზაციის ერა შლის საზღვრებს და ჩვენი მოქმედების არეალი/გეოგრაფია სულ უფრო იზრდება. ტექნოლოგიური ევოლუციის ამ საფეხურზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას. „თუ არ იცი, რა არის უცვლელი, საყრდენს კარგავ; თუ არ იცი, რა არის ცვალებადი, სტილს,“ ‒ ამბობდა იაპონელი პოეტი და ფილოსოფოსი მაცუო ბაშიო.

დასასრულს კი ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ. იმისათვის, რომ იყოთ ინოვატორები და შეიტანოთ წვლილი უკეთესი მსოფლიოს ფორმირებაში, გახსოვდეთ:

– ინოვაცია თვითგანვითარების სინონიმია ‒ ყოველწამიერად იფიქრეთ თვითგანვითარებაზე!

– დაივიწყეთ საკუთარი ეგო და უფრო მეტი იფიქრეთ სხვებზე ‒ თქვენი ახალი იდეის პოტენციურ მომხმარებლებზე!

– არ შეეგუოთ კორუფციას. კორუფცია კლავს ინოვაციას და განვითარებას!

– არ შეგეშინდეთ ახალი, განსხვავებული და გაბედული იდეების განხორციელების. უბრალოდ ადექით და გარისკეთ. რაც აქამდე არავის წარმოედგინა და გიჟურ იდეად მიაჩნდა, დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. გაიხსენეთ ციტატა კინოფილმიდან „შერეკილები“: „ხომ გითხარი, გაფრინდებიან-მეთქი, შე გალსტუკიანო პეპელა?!“

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი:

– განახორციელე და იმოძრავე!

„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი, რადგან მხოლოდ მოძრაობით, დაუღალავი შრომით, ბრძოლით, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობით მიიღწევა ეროვნული თავისუფლება“.

– ილია ჭავჭავაძე „მგზავრის წერილები“.