თიბისი ბანკი მობილური გადახდების პროცესს უფრო მარტივს, უსაფრთხოს და დაცულს ხდის. ის მომხმარებლებისთვის ინოვაციურ სერვისს, Apple Pay-ს ნერგავს. Apple Pay-თ სარგებლობა შესაძლებელია iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით, რაც მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში შოპინგს უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის.
Apple Pay დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.
„თიბისი ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას. თიბისის სერვისების Apple Pay-სთან ინტეგრაციაც ამის დასტურია. მოხარული ვართ, რომ დღეიდან, თიბისის მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას Apple Wallet-ის გამოყენებით უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებენ“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
„მივესალმებით Apple Pay-ს კავკასიის რეგიონში შემოსვლას. მას შემდეგ, რაც 2009 წელს რეგიონში პირველად დაინერგა ვიზა PayWave, საქართველომ ციფრული გადახდების სისტემასთან ადაპტაცია სწრაფად მოახდინა და მოხმარებლის ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. მოხარული ვართ, რომ Apple Pay-ს შემოსვლა კიდევ უფრო დააჩქარებს გადახდების ახალი და ინოვაციური გზების განვითარებას საქართველოში“ – ქრისტინა დოროსი, ვიზას მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
„მასტერქარდი ტექნოლოგიური ლიდერია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია, საქართველოში დავნერგოთ გადახდების სფეროში არსებული ინოვაციური სერვისები და პროდუქტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სწრაფად განვითარებად ციფრულ ეკონომიკას“ – იგორ სტეფანოვი, მასტერქარდის მენეჯერი საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.
iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-თ გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-თ აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. Apple Pay–თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.
თიბისი ბანკის ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია მოცემულია ბმულზე: www.tbcapplepay.ge
Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.apple.com/apple-pay/