ვაქცინაცია – სიცოცხლის გადარჩენის გზა

ავტორი: ნანუკა ციბაძე

უახლოეს წარსულში ადამიანების მასობრივი სიკვდილის მიზეზებზე თუ დავფიქრდებით, პირველი, ალბათ, XX საუკუნის მსოფლიო ომები გაგვახსენდება: გენოციდი, სისხლი, ბომბები, დიქტატორები. თუმცა ამ მოვლენებამდე 2 საუკუნით ადრე „წინწკლებიანმა ურჩხულმა“ დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ორივე მსოფლიო ომმა ერთად.

„წინწკლებიანი ურჩხული“, იგივე ყვავილი, ინფექციური დაავადებაა, რომელთან საბრძოლველადაც 1796 წელს ედუარდ ჯენერმა პირველი ვაქცინა შექმნა. ყვავილი, რომელიც დაინფიცირებულთა 30 პროცენტს კლავდა, ხოლო 60-70 პროცენტს მძიმე ნაიარევებს უტოვებდა, ვაქცინის გამოგონების შემდეგ აღარ არსებობს. 1980 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მისი ერადიკაცია (სრული აღმოფხვრა) გამოაცხადა. 1796 წლის შემდეგ კიდევ მრავალი ვაქცინა შეიქმნა, რომელიც ადამიანებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან (პოლიომიელიტი, მენინგიტი, ცოფი, დიფთერია…) იცავს. ასევე, შეიქმნა სავალდებულო, ასაკობრივი აცრების კალენდარი.

მიუხედავად ვაქცინაციის ზემოხსენებული მიღწევებისა და კაცობრიობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისა, მისი ეფექტიანობა გარკვეულ წრეებში მაინც განხილვის საგანია. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გრიპის სეზონზე ხდება და მის ირგვლივ უამრავი მტკიცებულებას მოკლებული აზრი იყრის ხოლმე თავს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა.

რა არის გრიპი? გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი ინფლუენზა. გრიპისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია: ხველა, სურდო, ყელის ტკივილი და თავის ტკივილი, რასაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება. გრიპით ავადობის ხანგრძლივობა საშუალოდ 5-7 დღეა.

აცრა გრიპის პრევენციის საუკეთესო გზაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აცრის შემთხვევაში ადამიანი გრიპის ვირუსით დაინფიცირებისგან 100 %-ით დაზღვეულია. ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:

• აცრების უმეტესობა, ე.წ, სამკომპონენტიანია, ანუ იცავს სეზონზე 3 ყველაზე გავრცელებული შტამისგან (ვირუსის ქვეტიპისგან). რეალურად გრიპის ვირუსს სხვა ბევრი შტამი გააჩნია და ვერ ვიქნებით გარანტირებულნი, რომ აუცილებლად ზემოხსენებული სამიდან ერთ-ერთი შეგვხვდება.

• გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველა ადამიანში ერთნაირად ეფექტიანი არ არის. ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი (გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები) ზოგჯერ არ არის იმდენად ძლიერი, რომ ვირუსს მოერიოს.

იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებასა და იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დრო (დაახლოებით 2 კვირა) სჭირდება, აცრა მანამდეა რეკომენდებული, სანამ გრიპის სეზონი დაიწყება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცრისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბრის ბოლოს ასახელებს. თუმცა აცრა დაგვიანებული არც უშუალოდ გრიპის სეზონზეა. გრიპის ვაქცინა შეიძლება გაიკეთოს ყველამ 6 თვის ასაკიდან, გარდა აცრის მიმართ მძიმედ ალერგიული ადამიანებისა. ვაქცინას, ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო პროდუქტს, შეიძლება თან ახლდეს გვერდითი ეფექტები: თავისა და კუნთების ტკივილი, გულისრევა, ცხელება, ლოკალური სიწითლე და შეშუპება. ეს სიმპტომები აბსოლუტურ უმრავლესობაში მსუბუქად მიმდინარეობს და სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს.

არსებობს კვლევები გრიპის აცრის შემდგომ განვითარებულ გილენ-ბარის სინდრომზე (ავტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს პერიფერიულ ნერვულ სისტემას და საწყის ეტაპზე ვლინდება კიდურების სისუსტით), რომლის ალბათობაც მილიონში მხოლოდ ერთია. მცდარია მოსაზრება, რომ თავად აცრამ შეიძლება გამოიწვიოს გრიპი: ვაქცინა შეიცავს არააქტიურ ვირუსს, რომელსაც ვირულენტობა (დაავადების გამოწვევის უნარი) 100 %-ით დაკარგული აქვს.

ბუნებრივია, რომ ადამიანებს ავად გახდომის გვეშინია, მით უმეტეს, ეპიდემიის დროს. პრობლემა ის არის, რომ ეს შიში ხშირად რაციონალურად განსჯის უნარს გვიკარგავს. არადა, საზოგადოების მომწიფებულობაზე ყველაზე კარგად სწორედ ის მეტყველებს, რამდენად ადეკვატურად მოქმედებს იგი კრიტიკული სიტუაციის დროს. ჩვენთან, ამ მხრივ, მაინცდამაინც კეთილსაიმედო სიტუაცია არ არის: როგორც წესი, ბევრი ჩვენგანისთვის მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ოფიციალურ სტატისტიკაზე სანდო, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია და ნაცნობ-მეგობრების რჩევა- დარიგებებია.

ოფიციალური სტატისტიკა კი გვეუბნება, რომ 2017-2018 წლის სეზონზე აშშ-ში გრიპის ვირუსის დაახლოებით 49 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც სასიკვდილო 79 ათასი შემთხვევა, ანუ დაახლოებით 0.17 % აღმოჩნდა. (2018-2019 წლის საბოლოო მონაცემები ჯერჯერობით უცნობია). რაც შეეხება საქართველოს, 2017-2018 წელს 100 ათას მოსახლეზე, გრიპის ვირუსის 195 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც სასიკვდილო 2 შემთხვევა, ანუ დაახლოებით 0,027 % აღმოჩნდა. ბოლო, 2018-2019 წლის სეზონზე, ჩვენს ქვეყანაში გრიპის ვირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ეს სტატისტიკა ერთ მარტივ ფაქტზე მიგვითითებს: ვირუსი, ავადმყოფობა და ეპიდემია, სამწუხაროდ, არსებობს აბსოლუტურად ყველგან, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. დღევანდელ რეალობაში ზოგიერთი ინფექციური აგენტის სრული განადგურება ჩვენს ძალებს აღემატება; შესაბამისად, არსებობს და ვრცელდება დაავადებებიც, რომლების უკანაც არანაირი მისტიკური ლაბორატორიები და ხელოვნურად გამოყვანილი შტამები არ დგას.

რა არის მთავარი პრობლემა იმაში, რომ ადამიანები აცრის შესახებ ათასნაირ მტკიცებულებას მოკლებულ მოსაზრებას ავრცელებენ? ის, რომ არსებობს გრიპზე გაცილებით სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებები, რომელთა პრევენციის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა და რაოდენობაც ანტივაქცინაციის კამპანიის ფონზე მკვეთრად იზრდება. მაგალითად, აშშ-ში 2000-დან 2010 წლის ჩათვლით წელიწადში წითელას საშუალოდ 60 შემთხვევა ფიქსირდებოდა, უკანასკნელ წლებში კი ამ რიცხვმა 205-ს მიაღწია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წითელათი დაინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად 30 %-ით არის მომატებული, მათ შორის, ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც ამ დაავადების ელიმინაციასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

სულ ცოტა ხნის წინ იმავე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სტატია 2019 წელს გლობალური ჯანმრთელობის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ („Ten threats to global health in 2019”), რომელშიც ჰაერის დაბინძურებასთან, კლიმატის ცვლილებებთან, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან და სხვა პრობლემებთან ერთად, სწორედ ანტივაქცინაცია არის განხილული. „აცრაზე უარის თქმა, მიუხედავად ვაქცინების ხელმისაწვდომობისა, საფრთხეს უქმნის პროგრესს, რომელსაც ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში მივაღწიეთ. ვაქცინაცია ამ დაავადებების თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რომლის მეშვეობითაც წელიწადში 2-3 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენციაა შესაძლებელი.“ – ნათქვამია სტატიაში.

ბევრი ქვეყანა ანტივაქცინაციის პრობლემასთან ბრძოლას კანონმდებლობით ცდილობს. მაგალითად, აშშ-ის უმრავლეს შტატში, თუკი ბავშვს ყველა სავალდებულო აცრა გაკეთებული არ აქვს, სკოლაში ვერ შევა. იგივე კანონი მოქმედებს იტალიაშიც 2017 წლიდან. არსებობს ქვეყნები, რომლებშიც სავალდებულო აცრაზე უარის თქმა ჯარიმით ისჯება. მაგალითად, ავსტრალიაში ნებისმიერი სკოლა, რომელიც აუცრელ ბავშვს მიიღებს, 4,400 $-ით დაჯარიმდება. საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ საქართველოს კანონმდებლობაშიც შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ყველა გეგმიური აცრის ჩატარება სავალდებულოა.

იმის გააზრებამ, რომ ინფექციური დაავადებების გავრცელება გლობალური ხასიათის პრობლემაა, უნდა გვიბიძგოს შემდეგი შეკითხვისკენ: რაშია გამოსავალი? გამოსავალი სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოძიებაშია, რაც რაციონალურად მოქცევის ერთადერთი გზაა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა გვჯეროდეს კომპეტენტური ადამიანების, რომლებიც თავიანთ ნათქვამს მტკიცებულებებით, რეალური ფაქტებით გაამყარებენ. უნდა გვესმოდეს, რომ ვერცერთი ნაცნობ-მეგობარი ვერ მოგვცემს სწორ სამედიცინო რჩევას მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენი საზოგადოება სწორი ინფორმაციის მოძიებასა და, ზოგადად, სხვების ნათქვამის გადასინჯვას მიჩვეული არ არის. ამიტომაც არარეალური, გაზვიადებული წარმოდგენები ძალიან მარტივად ვრცელდება და ამის ფონზე, ვაქცინაციის ირგვლივ ახალი მითები კიდევ უფრო მარტივად იქმნება.

ვაქცინაცია მეცნიერებისა და მედიცინის უდიდესი მიღწევაა. ამას ისევ და ისევ ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომლის მიხედვითაც ვაქცინების შექმნის შემდეგ არაერთი ინფექციური დაავადების სიკვდილინობა 90-დან 100 %-მდე არის შემცირებული. XXI საუკუნეში ამ პროგრესის შენარჩუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ხოლო სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება – სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულება.