ეფექტური გზით დანიშნულების წერტილამდე

ავტორი: თაკო რაზმაძე

ფოტო: Diego PH on Unsplash

ჩვენ ძალზე საინტერესო, დინამიკურ და სწრაფადცვალებად ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც ინფორმაციის ნაკადი დაუშრეტლად მოედინება. იმ თაობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ინტერნეტამდე დაიბადა, ტექნოლოგიური სამყარო ელისის საოცრებათა ქვეყანაა, რომელშიც ორიენტირება ამავე წიგნის პოსტულატით ხდება: „სადღაც აუცილებლად მოხვდები, საჭიროა მხოლოდ დიდხანს სიარული“, მაგრამ ახალგაზრდა თაობა გაცილებით ერგონომიულია. მას უნდა იცოდეს, სად მოხვდება, რატომ უნდა მოხვდეს იქ და როგორ მივიდეს დანიშნულების ადგილამდე ყველაზე ეფექტური გზით, ანუ ნაკლები დანახარჯებითა და უმოკლეს დროში. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, განათლებას ეხება.

ახალგაზრდა თაობას სხვა გზები სჭირდება და არა ის, რომელსაც მისი წინამორბედი თაობა სთავაზობს. პრინციპში, ეს ყოველთვის ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ აღზრდა ადამიანის ფორმირებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, ადამიანებს რომ საკუთარი მშობლებისა და წინაპრების ზუსტი კოპირება მოეხდინათ, ალბათ კაცობრიობა პალეოლითის ერას ვერ გასცდებოდა. მოგვწონს თუ არა ეს, ცოდნის დაგროვების ეპოქა ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. დღეს ადამიანის მეხსიერება გაცილებით შერჩევითი გახდა, ვიდრე ოდესმე და კარგა ხანია იგი ინტერნეტის საძიებო სისტემამ გადაიბარა. რაც მეტია არჩევანი, მით უფრო მეტად საჭირო ხდება ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი. დღეს უკვე მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია ადამიანს ამ ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ცოდნის ერთმანეთთან შერწყმა, მათ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, „ხარისხიანი“ და „უხარისხო“ ინფორმაციისა ან ცოდნის იდენტიფიცირება და, რაც მთავარია, მისი გააზრება და გადამუშავება ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული და მიუკერძოებელი დასკვნების გასაკეთებლად, რომელიც ხშირად შეიძლება არა თუ სასიამოვნო, არამედ მტკივნეულიც იყოს ინდივიდისთვის. ასეთ შედეგზე გასვლისთვის ადამიანს სჭირდება ინტელექტუალური გამბედაობა, ემპათიის უნარი და ცოდნა იმისა, რომ არა თუ ყველაფერი, არამედ ადამიანმა ძალიან ცოტა რამ იცის გარემოსა და საკუთარი თავის შესახებ და შესაბამისად, არავის აქვს ექსკლუზივი ჭეშმარიტებაზე. მაგრამ, არის კი საჭირო ასეთი შედეგი? და თუ არის, რატომ?

დღევანდელი მსოფლიოს კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არ აქვს არჩევანი – ის ან დარჩება ფსევდოაგრარულ ქვეყნად, რომელიც კუდში გაჰყვება პროგრესულ მსოფლიოს და, საუკეთესო შემთხვევაში, მუდმივად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებებზე, ან უნდა გახდეს მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე, პასუხისმგებლობასა და მდგრად დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დამყარებული სახელმწიფო და დაიმკვიდროს ადგილი მოწინავე მსოფლიოს რუკაზე. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ამ ელემენტის ქვაკუთხედი ფაქტებისა და მოვლენების ობიექტური ანალიზი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები, დამყარებულია მიდგომაზე: არა ის, რაც მომწონს, არამედ ის, რასაც სანდო და უტყუარი ფაქტები მეუბნება. მაგრამ მომავლის განათლებისთვის ეს საკმარისი არ არის. „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის“ (კარლ შვაბი) ეპოქაში, სადაც წამყვანი როლი ნანოტექნოლოგიებს, გენეტიკურ ინჟინერიას, ბიოტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტსა და კვანტურ კომპიუტერებს ენიჭება, არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღებისა და ინოვაციურად აზროვნების უნარი საკვანძო იქნება. ინოვაციები კი, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის მსოფლიო დღის წესრიგის განმსაზღვრელი მთავარი იარაღი იყო.

თუკი დავაკვირდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა კომპასი, შტურვალი ან დენთი, მივხვდებით, რომ დედამიწის დაპატარავება და გლობალიზაცია ამ გამოგონებებით დაიწყო და ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. ინოვაციებთან დაკავშირებით ჩვენი მდგომარეობის განსასაზღვრად რამდენიმე ციფრის მოყვანაც საკმარისია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-18 წლების ანგარიშების მიხედვით, საქართველო ინოვაციების კუთხით 118-ე ადგილზეა, უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის კუთხით – 111-ე ადგილზე, ხოლო ბიზნესის განვითარებისთვის უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის სახელდება არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა და ინოვაციების არასაკმარისი მოცულობა.

ვფიქრობ, არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების ინოვაციურად აზროვნების უნარის წყარო შინაგანი თავისუფლებაა: გამბედაობა, იმოძრაო სიგიჟის ზღვარზე, შეხედო გარემოს განსხვავებული თვალით, დაეცე, ადგე, ისევ დაეცე და ადგე; გახსნილობა სამყაროსა და სიახლეების მიმართ – გააკეთო არა ისე, როგორც წესია, არამედ ოდნავ სხვაგვარად, დაინტერესდე, რატომ არის ასე და შეიძლება თუ არა იყოს ახლებურად; დაჟინებულობა გამოიმუშავო, სრულჰყო, არ დანებდე და, რაღა თქმა უნდა, ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი. თუკი მუდმივად ელოდები გამზადებულ მასალას, რომელსაც უპირობოდ მიიღებ, რომლის მოსაპოვებლადაც პასიურად მონაწილეობ, ადრე თუ გვიან, წარმოსახვის უნარი საერთოდ გაქრება. გარემოში აქტიური მონაწილეობა ერთ-ერთი ის თვისებაა, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს. ეს აქტიური მონაწილეობა სწორედ ფიქრით იწყება. „იდეა ეს არის რაღაც ცნებისგან განსხვავებული, რომელშიც თვითონ მე – ადამიანი და ჩემი არსებობა არის შეტანილი შედარების აქტში.“- მერაბ მამარდაშვილი. აზროვნების აქტი, მამარდაშვილის მიხედვით, ბუნებრივად ვერ მოხდება, თუკი ადამიანი ძალისხმევას არ გაიღებს. სხვა შემთხვევაში ადამიანს არ უჩნდება იდეები, ის, ინტელექტუალურ სიზარმაცეში ჩაძირული, ოპერირებს მხოლოდ ცნებებით. ამიტომაა ჩვენში ინფორმაციის ტოტალურად გააზრების პრობლემა, რადგან არ ხდება სწორედ ეს შინაგანი პროცესი. „მომასმენინე და დამავიწყდება, მანახე და შეიძლება დავიმახსოვრო, ჩამრთე და გავიგებ“ – საკმაოდ კარგი გამონათქვამია, რომელიც ნამდვილად მუშაობს. ვზრდით თუ არა ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომავალ თაობას? ვფიქრობ, რომ არა.

როგორც დასაწყისში ითქვა, ახალი თაობა გაცილებით ეფექტიანია და ერგონომიულად აზროვნებს. ის აუცილებლად მონახავს უკეთეს გზებს საკუთარი განვითარებისთვისაც და ქვეყნის პროგრესისთვისაც. საწყენი ისაა, რომ ამის კეთება თითქმის მარტოს მოუწევს. შინაგანად თავისუფალი ადამიანების აღზრდისთვის აღმზრდელიც თავისუფალი უნდა იყოს. მას უნდა შეეძლოს ფაქტებსა და ცრურწმენებს შორის განსხვავების ჩვენება, უნდა შეძლოს ადამიანში მოახდინოს ცნობისმყვარეობის, წარმოსახვის, დაჟინებულობის კულტივირება, დაანახოს პერსპექტივა – რისთვის ხდება ამა თუ იმ ცოდნის მიღება/მასალის დასწავლა, ხელი შეუწყოს ალტერნატიული იდეის დაბადებას…

ჩვენს ერთ-ერთ კლასზე საინტერესო პრეცენდენტს ჰქონდა ადგილი. ქეისის განხილვის დროს ორ ოპონენტ ჯგუფს შორის სერიოზული პოლემიკა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე: ერთი ჯგუფი მიიჩნევდა, რომ განათლებით უნდა დაეწყოთ, რათა ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღებულიყო, ხოლო მეორე თვლიდა, რომ სწორედ ეკონომიკური წინსვლაა ხარისხიანი განათლების ფუნდამენტი. ორივე მხარეს საკუთარი, საკმაოდ მყარი არგუმენტები ჰქონდა. ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად გამოცხადების მომხრეებმა ეს ერთგვარი მოჯადოებული წრისა თუ ქათმისა და კვერცხის წარმოშობის ტიპის პრობლემა ეფექტიანი და ერგონომიული მიდგომით გადაჭრეს და ამით აჯობეს ოპონენტებს – სწრაფი ეფექტი და მასლოუს პირამიდის მიხედვით საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობა. ყველაზე უფროსი მონაწილე მე-10 კლასელი გახლდათ. ყველაფერი სწორედ ფიქრით იწყება. ახალი თაობა უკვე ეძებს უკეთეს გზებს.