ავტორი: მაკა ცხვედიანი
ფოტო: ანა ბოკო
ჩანაფიქრი ასეთი იყო: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კომუნიკაციის განსაკუთრებული, განსხვავებული საშუალება უნდა გამხდარიყო. ასეც მოხდა. მარჯანიშვილის თეატრის მმართველი და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი საკუთარი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა გადამწყვეტ მომენტს შემთხვევითობას უკავშირებს და არც თეატრია გამონაკლისი. „ასე, შემთხვევით მოვხვდი“, ‒ ამბობს. თუმცა, როცა ანგარიშზე მარჯანიშვილის თეატრის ევროპული მენეჯმენტი და თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ათწლიანი წარმატებაა, აზრს, რომ ასეთი ამბები შემთხვევით ხდება, შეიძლება კითხვის ნიშნები მიუდგეს.
მე-11 ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნა. შემოდგომის თბილისის მთავარი კულტურული ღონისძიება ერთი თვის განმავლობაში, ტრადიციულად, ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამას აერთიანებს.
წელს ფესტივალს ახალი მიმართულება არტ-მარკეტი დაემატა. წელსვე, ბრიტანული სეზონის ფარგლებში, ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, ფესტივალის პირველი კო–პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად OUTDOOR პროგრამის ფარგლებში.
შთამბეჭდავი სანახაობა ელის მაყურებელს 6 ოქტომბერს საჰაერო თეატრის სახით ‒ „გამოცდილება“ (ესპანეთი, ინგლისი). 24 ოქტომბრამდე საერთაშორისო პროგრამა 18 სპექტაკლს, ქართული კი ‒ 26 სპექტაკლს, მათ შორის, 5 პრემიერას აერთიანებს.
ეკა, რა პროფესიის ხართ? როგორ მოხვდით თეატრში?
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე, მერე პრაღაში მაგისტრატურაში ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიას ვსწავლობდი. თბილისში რომ ჩამოვედი, სრულიად შემთხვევით სოროსის ფონდში დავიწყე მუშაობა. შემთხვევითვე მოვხვდი თეატრშიც. და დავრჩი და დავრჩი. რამდენიმე მიზეზი აქვს ამას, სხვა დროსაც მითქვამს, მაგრამ, პირველ რიგში, დავრჩი იმის გამო, რომ ლევან წულაძე იმ თეატრსა და ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ყველაზე რეალური თავშესაფარია ადამიანურადაც და განვითარებისთვისაც. მისი თეატრი დამოუკიდებელი სახელმწიფოსავითაა.
რთულია მართვა?
მგონია და ამაზე ძალიან ბევრი წიგნიცაა დაწერილი, რომ მართვაში უმთავრესია შექმნა ის გუნდი, ის გარემოცვა, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ადამიანები რეალიზებულები უნდა იყვნენ და თავიანთ საქმეზე პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ. კონტროლი ყველაზე არასაიმედო მექანიზმია, მე რომ მკითხო, სისუსტის დიდი გამოვლინებაა და კიდევ ─ მე მჯერა ადამიანების და ეს ბევრ რამეს წყვეტს. შეცდომის დაშვების უფლება ყველას გვაქვს. მეც ვუშვებ, სხვაც უშვებს. ამიტომ მთავარი მაინც ის მგონია, ვინ იქნება შენთან ერთად საქმეში. გუნდია გადამწყვეტი, ოღონდ ნამდვილი გუნდი. კვალიფიცირებული, ნიჭიერი ადამიანები, ვისაც შეუძლია აიტანოს საკუთარი და სხვისი გამარჯვებაც და დამარცხებაც.
თეატრის საქმე თეატრში რჩება თუ სახლშიც მიგყვებათ ხოლმე?
მგონია, რომ საქმეც პირადი ცხოვრების ნაწილია, რა თქმა უნდა, თუ ის ძალიან გიყვარს. თუმცა შეიძლება უბრალოდ ხელფასის ან სხვა რამის გამო მუშაობდე, ყველაფერი გამართლებულია, ყველას თავისი ინდივიდუალური მოტივი აქვს.
თეატრში ძალიან შეკავშირებულები ვართ ერთმანეთთან. საქმიანი ურთიერთობის გარეთაც გვაქვს ურთიერთობა, ბევრი სირთულე ერთად გადავიტანეთ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ეს ნამდვილად სასიხარულოა. მე სხვა ატმოფერო ვერც წარმომიდგენია, ─ როცა სოროსში ვმუშაობდი, იქაც ასე იყო, დღემდე ვმეგობრობთ ყველანი, გამიმართლა ამ მხრივ.
როგორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თეატრი სიგიჟემდე უყვართ?
ასეთი მაყურებლები ძალიან საყვარლები არიან, გიჟდებიან, ჭკუას კარგავენ თეატრის გამო, ყველაფერს ნახულობენ, ყველაფერზე აზრი უჩნდებათ, ცდილობენ არაფერი გააცდინონ და თეატრის საქმეების კურსშიც კი იყვნენ. რაც მთავარია, ეს ჩვენთვისაც დიდი გამოწვევაა. თეატრი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ამას ლირიკულად საერთოდ არ ვამბობ, ბევრი დამამტკიცებელი არგუმენტია. მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ჩვენი ისტორიის განმავლობაში და ასეა ახლაც. ჩვენ ვმუშაობთ მაყურებლისთვის. ის, ვინც განსაკუთრებულადაა შენზე შეყვარებული, არის მუდმივი ტექსტი, რას აკეთებ და როგორ აკეთებ. ძალიან ბევრს პირადად ვიცნობთ, ვიღაც ყვავილებით მოსულა, ვიღაცას წერილი მოუწერია. ეს ადამიანები დადიან თეატრში და თან სულ გვაწვდენენ თავიანთ სიტყვას. მათ შორის ბევრი ახალგაზრდაცაა და ეს, განსაკუთრებით სასიხარულოა.
ვინ ან რა არის თქვენი მოტივატორი საქმეში, ცხოვრებაში, ზოგადად?
მთავარი მოტივატორი საქმეში ყოველთვის სამშობლოა, არც ამას ვამბობ ლირიკულად. მინდა, რომ ეს ქვეყანა უკეთესი იყოს და ვცდილობ, გავაკეთო ის, რაც მგონია, რომ კარგია ამ ქვეყნისთვის. ესაა თეატრის მოტივაციაც. საქმით გამოვხატავთ ქვეყნის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. ეს მგონია პატრიოტიზმი. ცხოვრებაში კიდევ ბევრი მოტივაციაა, ეს შეიძლება იყოს გამვლელის სიტყვა, ახლობლის ან უცნობის შთამბეჭდავი მაგალითი. ბევრი ადამიანია გარშემო, საერთოდ რომ არ იცნობ და მაგალითს იძლევა. მე ძალიან მიყვარს ჩემი გმირები და, საბედნიეროდ, მათ ხშირად მახვედრებს ცხოვრება. აი, ჩუმად, წყნარადაა და რაღაც ისეთს გააკეთებს, რისთვისაც შენ შეიძლება გამბედაობა არ გეყოს. და ხვდები, რომ ამან კიდევ ერთი საფეხურით ზემოთ აგწია. ესაა ძალიან დიდი ხიბლი.
ბევრი რამეა მოტივაცია, მაგალითად, კარგი ამინდი, – არაჩვეულებრივად რომ თენდება, ადამიანები გარშემო… არის ერთი ფრაზა, რომელიც ხშირად ჩამესმის ყურში: დიდი ხნის წინ დედაჩემი ძალიან ავად გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოგვიწია. მოვიდა ბიძაჩემი თემური, დედაჩემის ძმა და, მახსოვს, მითხრა, ახლა შენ არ გატყდეო. არასდროს არ მავიწყდება. თან გატეხვა ძალიან ადვილია, რა უნდა მაგას და ძალიანაც კარგია, გავტყდი და ვისვენებ… იოლია ადამიანი გატყდეს, ყველა მონაცემი აქვს მას ამისთვის. დღესაც ახლოს რომ ვარ ხოლმე ამ ცდუნებასთან, ვიხსენებ და ვხვდები: ერთ-ერთი, რასაც ცხოვრება გთხოვს, არის ის, რომ, უბრალოდ, არ გატყდე. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ არ ხდება ისე, როგორც ჩვენ ველოდით. ყველანი რაღაცაზე ვოცნებობდით, მის ნაცვლად კი შეიძლება რაღაც სხვა მივიღეთ. და, ისე, სხვათა შორის, დიდმა ამბავმაც შეიძლება გაგტეხოს, ოცნების ასრულებამ. სიცარიელის განცდა შეიძლება გაგიჩინოს.
ძალიან გიყვართ ცხოვრება?
რა თქმა უნდა, ეს ხომ არაჩვეულებრივი შანსია! ბოლო დროს სულ მგონია, რომ ცხოვრება გამოცდაა და ვფიქრობ ხოლმე, 100 გამოცდიდან, ალბათ, 90-ში ჩავიჭერი, მაგრამ ის 10 ხომ ჩავაბარე-მეთქი. ეს გამოცდები იმისთვისაა, რომ უკეთესი გახდე.
რისი კეთება გიყვართ სამსახურის მიღმა?
აი, ახლა, მაგალითად, საჭმელების მომზადებას ვსწავლობ, ძალიან მსიამოვნებს. მოგზაურობა მიყვარს ძალიან, უნივერსიტეტიდან შეგვაჩვიეს, მოვლილი გვაქვს მთელი საქართველო და იმდენად გამჯდარი მაქვს, რაღაცნაირად სულ მინდა რაიმე ახალი ადგილი აღმოვაჩინო. კითხვა, ცურვა მიყვარს ძალიან. არ გაგეცინოთ, მაგრამ ქსოვა ვიცი და ქარგვა. ეს არის თერაპია. ცხოველები მიყვარს. ბევრი რამეა, რაც მიყვარს და რაზეც კარგად და გემრიელად ვიხარჯები.
მეგობრები ─ ცალკე, რა თქმა უნდა. მიყვარს მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთი. ჩვენი სახლის კარი სულ ღია იყო, ბევრნი ვართ. და-ძმა არ მყავს, მაგრამ გავიზარდე სახლში, სადაც 13 ადამიანი ერთად ცხოვრობდა, ამიტომ ჩემი ბიძაშვილები არიან ჩემი დები და ძმები, ჩვენ ასეც ვეძახით ერთმანეთს, ერთად გავიზარდეთ. დღეს ერთ სახლში აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ დედისერთობა არასდროს მიგრძნია, ბევრი ადამიანი მყავს გარშემო, ესაა ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ცხოვრებაში მაქვს.
რაშია ქალების ძალა?
ინტუიციაში. ინტუცია, რომელიც ნამდვილი და დიდი უპირატესობაა. არ არსებობს ქალმა მიზანი დაისახოს და არ მიაღწიოს მას. ეს მის ბუნებაშია, ფრთხილია ქალი და ამ სიფრთხილით მიჰყავს საქმე წინ და ბოლომდე. მაგრამ, ამავე დროს, ქალებს მეტი რისკის უნარი აქვთ, ვიდრე კაცებს. უცნაური კომბინაცია კია ─ გარისკო ფრთხილად, მაგრამ ასეა. და კიდევ ─ ქალს შეუძლია ბავშვი ეჭიროს ხელში, ტელეფონზე ლაპარაკობდეს საქმეზე, კიდევ წერდეს რაღაცას და კიდევ რაღაც სხვაზე ფიქრობდეს ─ და ყველაფერზე ყურადღება ჰქონდეს კონცენტრირებული. მას შეუძლია ათასი რამისთვის ერთდროულად ჰქონდეს ყურადღება მიპყრობილი.
უცხოეთში დარჩენის სურვილი ან ცდუნება არ გქონიათ?
კი, კი, ძალიანაც მქონდა ეგ სურვილიც და ცდუნებაც, მაგრამ, იცით რა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაინც აქ გადავწყვიტე ცხოვრება. ასე მერჩივნა. აი, დარჩენას როცა ვაპირებდი, მივხვდი, რომ თბილისში მინდოდა. შეიძლება არ მაქვს იმ რისკის უნარი, რომ ყველაფერი დავტოვო და სხვა განზომილებაში გადავიდე საერთოდ. არ ვიცი. თან მე ხომ წლების წინ ვიყავი წასული, მაშინ კომუნიკაციის ამდენი საშუალება არ იყო და წყდებოდი ყველაფერს. და როცა მივხვდი, რომ ვწყდები ყველაფერს, რადიკალურად შევცალე გადაწყვეტილება ერთ დღეს. არ ვიცი რის გამო, მაგრამ არაფერსაც არ ვნანობ.
თბილისი ძალიან გიყვართ?
ძალიან მიყვარს, ძალიან! თბილისი არის ქალაქების ქალაქი, უსასწაულესი. თავისი რიტმი აქვს, თავისი ცხოვრება, თავისი ღამეები, გათენება, თან თბილია ეს ქალაქი და თან გაიძულებს ბევრ რამეს. გაიძულებს დაემორჩილო მის გადაწყვეტილებებს. მე არ ვიცი რა ჩადეს წინაპრებმა ასეთი მის მშენებლობაში, მაგრამ აქვს ამ ქალაქს რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს ამ ქალაქის რითმით, მაინცდამაინც ისე იცხოვრო, როგორც მას უნდა. შეიძლება მოგინდეს რაღაც შეცვალო, მაგრამ ვერ შეცვლი, თუკი არ მოინდომა თბილისმა. ასეთი ქალაქია, ─ ძალიან გიბამს და მართლა არ გიშვებს.
გამბედავი ხართ? რას ეტყოდით მას, ვისაც გამბედაობა არ ჰყოფნის?
საერთოდ, ვფიქრობ, რომ ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვი, ადამიანმა ყველაფერი თვითონ უნდა გაიაროს, მაგრამ არის ერთი რამ, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული: ყველაფერი საუკეთესო არის შიშის მეორე მხარეს. სხვა შანსი არ არსებობს, ყველა შიში უნდა დაძლიო, ეს ძალიან რთულია, მაგრამ მე პირადად გადავწყვიტე რისიც მეშინია, ზუსტად ის ვაკეთო. ბარიერის მეტი რა არსებობს, ყველაზე მდიდარსაც, ყველაზე ცნობილსაც და თითქოს ყველაფრით უზრუნველყოფილსაც ვერ ნახავთ, ვისაც რაღაცის შიში არ ჭამს და რაღაცაზე პანიკა არ ემართება. ასე ვართ ადამიანები შექმნილი, მაგრამ მგონია, რომ ამ შიშებისთვის ბრძოლის გამოცხადება ─ გამოწვევაა ცხოვრების და სულ ვფიქრობ, შეიძლება არც არაფერი გამომივიდეს, მაგრამ მშიშარა ადამიანად მაინც არ მოვკვდები ─ მეთქი. ძალიან ვინანებთ ცხოვრების ბოლოს იმას, რასაც არ გავაკეთებთ.
სიყვარულის მიმართ დამოკიდებულება დროსთან ერთად იცვლება?
არაფერი არ შეცვლილა. ესაა გრძნობა, რომელიც არასდროს არ იცვლება. თუ შეყვარებული ხარ, გინდა 21-ე საუკუნეში იყო შეყვარებული, გინდა მე-19-ში და გინდა მე-13-ში ─ შეყვარებული ხარ და წერტილი. არის რაღაც, რასაც დრო ვერაფერს უზამს. შეიძლება ადამიანი უფრო პრაგმატული გახდეს, მაგრამ მე მგონია, რომ სიყვარული ყველაფერს გიტრიალებს, ამ პრაგმატულობასა და სხვა ყველაფერს გავიწყებს და ხდები სრულიად დეზორიენტირებული. აი, ეგაა ყველაზე ძვირფასი დრო ცხოვრებაში, ─ სანამ ამაში ხარ ჩაფლული და ეს გრძნობა ყველაფერს გაკეთებინებს! ადამიანი მუდმივად უნდა ამოვარდეს თავისი კომფორტის ზონიდან და ამოაგდოს სიყვარულმა, ამას რა სჯობს! ჩვენს სულ მოძრაობაში ვართ, რაღაცას ვფაფხურობთ, სრულყოფილებას ვეძებთ, არადა, ბევრად მარტივადაა. არ არსებობს ეს სრულყოფილება, ყველანი ინდივიდები ვართ, ჩვენ-ჩვენი ამბები გვაქვს და ამითაა დედამიწა და ცხოვრება ძალიან მაგარი.
რა სიახლეა წლევანდელ თეატრალურ ფესტივალზე?
ბრიტანეთთან კო-პროდუქციას გამოვყოფ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ფესტივალის ფარგლებში ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, წელსაც რამდენიმე პროექტია ბრიტანე-თის, მათ შორის, შშმ პირების სპექტაკლები და ცეკვები. არ მინდა რამე გამომრჩეს, ამიტომ დასახელებისგან თავს ვიკავებ, ერთმანეთზე უკეთესი დადგმებია ─ „თუნუქის დოლი“, „დონკა: წერილი ჩეხოვს“, „ტარტიუფი“, ძალიან საინტერესო საერთაშორისო პროგრამა და არანაკლებ შთამბეჭდავი ქართული სპექტაკლები გელით.