ევროპარლამენტი წევრ ქვეყნებს უხელფასო სტაჟირებების აკრძალვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის მასშტაბით ახალგაზრდების უმუშევრობა იზრდება. COVID-19-ის პანდემიის გამო სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ამიტომ, ევროკავშირის დეპუტატებმა ევროკომისიასა და წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, დაეხმარონ გაურკვეველ სამუშაო პირობებში მყოფ ახალგაზრდებს.

ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, მიღებულ რეგულაციას 574 დადებითი და 77 უარყოფითი ხმა ერგო, 43-მა კი თავი შეიკავა. ევროკავშირის დეპუტატებმა წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, რომ უზრუნველყონ სათანადო პირობები და ახალგაზრდობის გარანტიის სქემაში (The Youth Guarantee scheme) ჩარიცხულ ახალგაზრდებს შესთავაზონ „მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და მორგებული სამუშაო, ტრენინგის ან სტაჟირების შემოთავაზებები სამართლიანი ანაზღაურებით”.

მოწოდება გმობს უხელფასო სტაჟირების პრაქტიკას, როგორც „ახალგაზრდების შრომის ექსპლუატაციის ფორმას და მათი უფლებების დარღვევას”. 2020 წლის აგვისტოში ევროკავშირში ახალგაზრდობის უმუშევრობის დონემ 17,6% შეადგინა. ევროკავშირის დეპუტატებმა თავიანთი რეზოლუციით, ასევე, მოითხოვეს მეტი თანხა 2021-2027 წლების ახალგაზრდობის გარანტიის სქემის (The Youth Guarantee scheme) გასაძლიერებლად. მათ გააკრიტიკეს ევროკავშირის ქვეყნები, რადგან მნიშვნელოვნად შეამცირეს ევროპის სოციალური ფონდის (ESF +) რესურსები, 15% -დან 10% -მდე, რაც მიზნად ევროპელი ახალგაზრდების დასაქმებას ისახავდა.

ახალგაზრდული გარანტია (The Youth Guarantee) 2013 წელს შემოიღეს, რადგან ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპაში, ახალგაზრდობის უმუშევრობის დონე 50%-ზე მეტს შეადგენდა.

ევროკავშირის პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ევროპარლამენტის მოწოდებას კომისიის მიმართ, რათა აიკრძალოს უხელფასო სტაჟირება და ახალგაზრდებისთვის ხარისხიან სამუშაოების შექმნაში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს.

წყარო: euractiv