ზემოთ თქმულის გარდა, კიდევ არის ერთი ხაზგასასმელი დეტალი, რომელიც მე, როგორც მაყურებელს, ყოველი მომდევნო ეპიზოდის ნახვის სურვილს მიჩენდა. თითოეულ სერიას თან ახლავს დეტალი, რომელიც საიდუმლოზე გველაპარაკება, მაგრამ ბოლომდე არ გვიმხელს მას. მოულოდნელად ჩნდებიან კადრები, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და სერიალის ყოფით, ერთი შეხედვით მსუბუქ სიუჟეტებს ცოტა დაძაბულობა, გაუგებრობა და ამ გაუგებრობის ამოხსნის სურვილი ემატება.
სერიალის გარშემო მრავალ თემაზე შეიძლება ლაპარაკი, მაგალითად, მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებაზე. სერიალში დედა-შვილების ურთიერთობის მრავალფეროვნებაა. როგორი შვილები უნდათ მშობლებს და როგორი მშობლები შვილებს. დედ-მამის გაუგებარი ურთიერთობებით გამოწვეული ტრავმები ბავშვებში და ამ ტრავმებისგან მათი ხსნის მცდელობები. ეს ჩამონათვალი სერიალიდან ნაწილია იმ თემებისა, რომელთა ფართოდ გაშლაც შეგვიძლია, თუმცა ახლა სულ სხვა, სერიალის მთავარ სათქმელზე მინდა ყურადღება გავამახვილო.
ფილმში მონაწილე დედებისა და შვილების როლის შემსრულებლები
მთავარი თემა მდედრობით სქესზე ძალადობაა და ეს სერიალის არაერთი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელს ეხება. ერთ-ერთი მათგანი 6 წლის გოგონაა, რომელზე ძალადობაც კბენითა და სილურჯეების მიყენებით გამოიხატება. მეორე მსხვერპლი უკვე ზრდასრული, დედის სტატუსის მქონე ქალია, რომელიც აწმყოშიც ვერ გაურბის წარსულს, რომელშიც ძალადობრივი სექსუალური ურთიერთობა და გაუპატიურების ფრაგმენტული მოგონებები არსებობს, რის შედეგადაც 6 წლის შვილი ჰყავს და მამის ვინაობასაც კი ვერ უმხელს. ბოლო პერსონაჟი ერთ დროს წარმატებული და ნიჭიერი ადვოკატი ქალია, რომელსაც საკუთარი ქმარი აუპატიურებს. ამ ფაქტებს ის ამძიმებს, რომ პირველ შემთხვევაში მუქარით შეშინებული 6 წლის გოგონა დამნაშავეს ვერ ადებს ხელს, ბოლო შემთხვევა კი, კიდევ უფრო მძიმეა. ცოლი ჯერ საკუთარ თავსაც ვერ უმხელს მოვლენების სიმძიმეს. მხოლოდ ფსიქოლოგის ძალდატანებით გამოუტყდება თავს, რომ მისი ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი და ქმარი არ არსებობს, რომ სიყვარული, რომელსაც ძალადობა ახლავს თან სიყვარული აღარ არის. სერიალის მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია კადრი, რომელშიც ფსიქოლოგი ძალადობის მსხვერპლს ახალი სახლის დაქირავებას, ბავშვებისთვის სათანადოდ მოწყობასა და მაცივრის პროდუქტებით მომარაგებას ურჩევს. ეს მომენტი უბრალოდ მინიშნებაა იმაზე, რომ ქალმა (და ზოგადად ადამიანმა) დამოუკიდებლობა არ უნდა დაკარგოს. არათუ სხვას, არამედ საკუთარ თავსაც უნდა დაუმტკიცოს, რომ მისი დამოუკიდებლობა მისივე დიდი პიროვნული სიძლიერეა, რასაც რთულად შეეწინააღმდეგება ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი, თუნდაც მოძალადე ქმარი.
ერთი სიტყვით, ეს არის სერიალი მსუბუქი ყოფითი სიუჟეტებითა და საზოგადოებაში არსებული აქტუალური მძიმე პრობლემებით. ზუსტად ისეთი, როგორი ლამაზიც ჩანს ხოლმე სხვების ოჯახი გარედან და როგორი მძიმეცაა ის შიგნიდან. საბოლოოდ, სერიალი მაინც სასიამოვნოდ საყურებელია და ამ განცდას მეორე სეზონიდან, ვფიქრობ, მერილ სტრიპი კიდევ უფრო გაამძაფრებს.
იხილეთ პირველი და მეორე სეზონის თრეილერები :
https://www.youtube.com/watch?v=YFZcNKzDhYI
https://www.youtube.com/watch?v=eCWevZV945M