5 სექტემბერს სასტუმრო „სტამბაში“ დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi ფარგლებში თათია სხირტლაძის ფილმის პრემიერა შედგა. დოკუმენტური ფილმი „დიდება დედოფალს“ ოთხი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის შესახებაა, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს და ახალი ისტორია შექმნეს მსოფლიო ჭადრაკში.
კინოჩვენებას ესწრებოდნენ ფილმის გმირები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და ნანა ალექსანდრია. ჩვენების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა და ჭადრაკის დიდოსტატებმა, რეჟისორებმა და მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა აუდიტორიას მოგონებები გაუზიარეს გადასაღები მოედნიდან.
რეჟისორმა გააცოცხლა ამბავი ოთხი ძალიან განსხვავებული, დამოუკიდებელი და მტკიცე ხასიათის მქონე ქალის შესახებ და ისტორია ქართულ საჭადრაკო სკოლაზე, რომელიც მონოპოლიას ფლობდა მსოფლიოში. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ჭადრაკში ქალების ხსენებაც არ იყო, საქართველოში ოთხი მოჭადრაკე ქალი, ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნანა ალექსანდრია კაცებსაც კი უწევდნენ მეტოქეობას.
ფილმი მოიცავდა მოჭადრაკეების ახლანდელი ცხოვრების ამსახველი კადრებს, სადაც ქართველი სპორტსმენები იხსენებენ ტურნირებზე ერთად გატარებულ დროს, სასიამოვნო მოგონებებსა თუ მეტოქეობის წარსულს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი კი მოსახელეების ხაზი იყო – შემოქმედებითმა გუნდმა საქართველოში მცხოვრები არაერთი ქალი აღმოაჩინა, რომლებსაც სახელი ჩვენი მოჭადრაკეების პატივსაცემად დაარქვეს. მათი ემოციური სიტყვები ფილმს საოცარ იერს სძენდა, რეჟისორის მიერ მოძიებული არქივი კი ნოსტალგიურ განცდას ბადებდა.
ფილმის რეჟისორი ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძეა. „დიდება დედოფალს“ კი მისი დებიუტია კინოინდუსტრიაში.
„ყოველთვის მეგონა, რომ ჭადრაკი ქალების თამაში იყო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ჭადრაკს მხოლოდ კაცები თამაშობენ იმ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ“, განაცხადა რეჟისორმა ფილმის იდეის გაჩენაზე საუბრის დროს.
სხირტლაძემ ფილმის გადაღება დამოუკიდებლად, თავისი სახსრებით დაიწყო. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი მისი იდეით პროდიუსერები, ანა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა, მოიხიბლნენ და ფილმი დააფინანსეს. მალევე გუნდს ავსტრიელი და სერბი კო-პროდიუსერები შეუერთდნენ და 2 წელიწადში საბოლოო პროდუქტი მივიღეთ.
გმირებმა დოკუმენტურ ფილმში ჭადრაკის დიდოსტატობის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს.
„თუ კონკრეტულად სპორტზე ვილაპარაკებ და ჭადრაკზე, რა თქმა უნდა, ნიჭი აუცილებელია. თუმცა პირველ რიგში, საჭიროა კარგი ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიურად უნდა იყოს სპორტსმენი კარგად. აუცილებელია კარგი ფიზიკური მომზადებაც, პლუს, რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობაც. ჯამური შეკრება რომ ავიღოთ ამ კომპონენტების, ამით უნდა სჯობდე შენს კონკურენტს“, აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი.
ფოტოგრაფები: გურამ წიბახაშვილი და გიორგი შენგელია.
საინტერესო იყო ნონა გაფრინდაშვილის მიერ რეჟისორთან პირველი შეხვედრისა და გმირების რეაქციის ამბის გადმოცემა აუდიტორიისთვის.
„თათია როცა გამოჩნდა და მოვიდა პირველად ჩემთან, მე ვუთხარი დააგვიანე-თქო, შვილო, რადგანაც უკვე იმ ასაკში არ ვართ, ნაპერწკალი დაკარგული გვაქვს, მეხსიერებაც ისე აღარ გვიჭრის. მაგრამ იმდენად ანთებული იყო და ისეთი მუხტი წამოვიდა მისგან, რომ მერე ჩვენც გამოვცოცხლდით. ამიტომ მადლობა მას, რომ დამაბრუნა იმ სამყაროში რომელიც თურმე ესე მომნატრებია“.
დისკუსიას კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი უძღვებოდა, რომელიც კინოში გენდერული სტერეოტიპების კვლევითაა დაინტერესებული. გმირებმა უპასუხეს მის კითხვებს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს სსრკ-ს პოლიტიკის ნაწილი და იგრძნობოდა თუ არა მათი ეროვნება თამაშის დროს. მოთამაშეები აღნიშნავენ, რომ ჭადრაკი საქართველოში ახლაც აქტუალურია, თუმცა არა ისე, როგორც მანამდე, არამედ შეცვლილი სახით.
„ჭადრაკი იყო ძალიან პოპულარული და მე მოჭადრაკე ალბათ იმიტომ გავხვდი რომ პოპულარულები იყვნენ ნონა და ნანა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამხელა მედია, ქუჩაში იდგა ხალხი და ხალხი კითხულობდა პარტიის მიმდინარეობის შესახებ. ახლა კი მსგავსი რამე არ არის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ ფონზე, რაც ახლა არის, ჩვენ ძალიან წარმატებული ჭადრაკი გვაქვს, თუმცა ის 30 წელი ძალიან ძნელი გასამეორებელია“, აღნიშნა ნანა იოსელიანმა.
ფოტოგრაფები: გურამ წიბახაშვილი და გიორგი შენგელია.
„დიდება დედოფალს“ ფესტივალის მერვე გამოშვების ფარგლებში საკონკურსო სექცია Focus Caucasus -ში მონაწილეობს, რომელშიც ადგილობრივი და რეგიონალური ფილმებია წარმოდგენილი.
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება 2013 წლიდან და ორიენტირებულია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების პოპულარიზაციაზე.
წელს CinéDOC-Tbilisi პანდემიით შექმნილი ვითრების შედეგად ჰიბრიდულ ფორმატში იმართება და მაყურებელს სამ სხვადასხვა პლატფორმას სთვაზობს ფილმების სანახავად. მსურველებს კი შეუძლიათ გადახედონ ფესტივალის პროგრამას და სექტემბრის ბოლომდე დაესწრონ კინოჩვენებებს Cavea Drive-in ლისსა და კავკასიის სახლის ეზოში.