დიახ, მე შემიძლია!

ინტერვიუ დებრა სივერტსენთან

ავტორი: მერიკო ქაჯაია

ფოტო: ანა ბოკო

„ხვდებიან თუ არა ქალები წინააღმდეგობებს მოწინავე პოზიციების დასაკავებლად? ხვდებიან. მაგრამ მამაკაცები არ არიან ამ წარმატებისკენ ჩვენი მთავარი წინააღმდეგობა. მთავარი პრობლემა არის ჩვენი წარმოდგენები საკუთარ თავსა და წარმატებაზე; ხშირად ქალები ფიქრობენ, რომ რაღაც კონკრეტული მიზანი მათ შესაძლებლობებს აღემატება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მამაკაცები უფრო ხშირად და მეტს რისკავენ.“ ‒ ამბობს, თუმცა ამ დაკვირვებას საკუთარ თავზე არ აზოგადებს. არასდროს შეპარვია თავის შესაძლებლობებში ეჭვი ‒ იცის რომ „კლიშეა,“ მაგრამ ნათქვამი ლიდერად დაბადებასთან დაკავშირებით, ჭეშმარიტება ჰგონია.

მარტივი არ ყოფილა სამხრეთ აფრიკიდან, კეიპტაუნიდან ევროპაში, სერვისის ინდუსტრიაში სამსახურის პოვნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ მიმართულებით აკადემიური განათლება არასდროს მიუღია ‒ “Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi”-ის გენერალური მენეჯერი, დებრა სივერტსენი კარიერის დაწყებას სამართლის სფეროში გეგმავდა: „ადვოკატობას ვაპირებდი, მაგრამ უნივერსიტეტი ძალიან კარგი ნიშნებით არ დამიმთავრებია, ამიტომ ადამიანური რესურსების მენეჯმენტში დავიწყე მუშაობა ‒ ინდუსტრიულ ფსიქოლოგიაზე ფოკუსით.“ აღმოჩნდა რომ ეს კომპანია გაყიდვების ქსელებთან თანამშრომლობდა. ერთ დღესაც მეგობარმა, რომელიც ამ ქსელში მუშაობდა, უთხრა, რომ ერთ-ერთი სასტუმრო ადამიანური რესურსების მენეჯერს ეძებდა. იფიქრა, რომ რისკიანი შეთავაზება იყო: „გაყიდვებიდან სასტუმროების სერვისში? უცნაურად ჟღერდა. მაგრამ დავთანხმდი. ამ სფერომ მაშინვე მომხიბლა თანამშრომლებთან და სტუმრებთან განსაკუთრებული ურთიერთობის გამო“. საუკეთესო კომპლიმენტიც, რომელიც მიუღია საქმისადმი მის სიყვარულს და დამოკიდებულებას უკავშირდება: „ადამიანები ხშირად არ გეუბნებიან ასეთ რაღაცებს ‒ მე კი მითხრეს, რომ ვარ პროფესიონალი, ეთიკური და საქმეში ვდებ მთელ გულს. ეს სიტყვები ყოველთვის მაბედნიერებს.“ არასდროს მალავს, რომ არ აქვს ინდუსტრიაში აკადემიური განათლება, სამაგიეროდ მის ანგარიშზეა მრავალწლიანი გამოცდილება, შრომა, თავდადება და საქმისადმი სიყვარული ‒ ოთხი რამ, რაც მისი აზრით წარმატების აბსოლუტური გარანტიაა.

„საუკეთესო გაკვეთილი რაც, როგორც ლიდერს მისწავლია? არასდროს არაფერი ივარაუდოთ, ყოველთვის გქონდეთ თქვენი ფაქტები და ხედვა“. საყვარელი ლიდერი და მასწავლებელი კი ნელსონ მანდელაა: „ის გამოჩნდა ძალიან სწორ დროს, გამოჩნდა სიმამაცით და ძლიერი სურვილით შეეცვალა სამყარო. ჩემთვის სამაგალითოა ის, თუ როგორ ესმოდა ხალხის და მათი საჭიროებების, როგორ მოახერხა მოწინააღმდეგეები თავის მხარეს გადმოეყვანა და შებრძოლებოდა სასტიკ უსამართლობას“. ფიქრობს, რომ იყო ლიდერი, არ არის ადვილი და ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ სირთულეებზე პასუხისმგებლობის აღება პროცესის ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გლობალური ქსელის ნაწილი ხარ.

Radisson Blu, რომელსაც 50 წელზე მეტი ისტორია აქვს, დღეს 380 სასტუმროს აერთიანებს. 2000 წელს იმ სასტუმროებს შორის, რომელზეც პასუხისმგებლობა Radisson Blu-მ აიღო, დებრა სივერსტენის სასტუმროც მოხვდა. ასე გახდა ამ გუნდის წევრი: „ყოველთვის მადლობელი ვიქნები მაშინდელი ჩემი გენერალური მენეჯერის; როგორც ჩანს მაკვირდებოდა მუშაობის დროს; შეამჩნია, რომ კარგად გამომდიოდა და მიბიძგა უფრო მეტის მიღწევისკენ. სულ მალე გენერალური მენეჯერის მოადგილე გავხდი, რამდენიმე წლის შემდეგ კი გენერალური მენეჯერის პოზიციამდეც მივაღწიე“.

2015 წელს გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო იყო. სამხრეთ აფრიკის დატოვების იდეა გაუჩნდა. გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მიიღო და შესაძლებლობა სანქტ-პეტერგბურგში გადასვლასთან დაკავშირებით რეალური გახადა: „ჩემი ისტორია კარგი მაგალითია იმისა, რომ შესაძლებელია მუშაობდე სასტუმროების ინდუსტრიაში და, ამავდროულად, გყავდეს ოჯახი. სანქტ-პეტერგბურგის დატოვება ჩემი 16 წლის შვილის გამო გადავწყვიტე. გვინდოდა სასწავლებელი შეეცვალა. ასე გადაწყდა ჩვენი თბილისში გადმოსვლა.“

Radisson Blu სწრაფად მზარდი ქსელია და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზეც გეგმავს გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ გუნდს ბიზნეს სტანდარტის უმაღლესი ეთიკა აქვს შემუშავებული, ცდილობენ შეამცირონ ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარება, მაქსიმალურად გადაამუშაონ ნარჩენები და ნაკლებად გამოიყენონ ქიმიური შემადგენლობის პროდუქტები. 2007 წლიდან, Radisson Blu სასტუმროების ქსელმა წყლის მოხმარება 30%-ით შეამცირა და დაიწყო გაერთიანებულ ერებთან თანამშრომლობა ქალებისა და გოგონების განათლებისა და შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის.

დღეს თბილისში ერთადერთი ქალი გენერალური მენეჯერია ამ ქსელში. ერთადერთი ქალი გენერალური მენეჯერი იყო სამხრეთ აფრიკაშიც. თუმცა იცის, რომ ქალებს აქაც და სხვა ქვეყნებშიც უფრო მეტი შეუძლიათ: „არასოდეს არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ არ შეგიძლიათ. თუ რაიმე მთელი გულით გინდათ, აუცილებლად გამოგივათ. არა იმიტომ, რომ ქალი ხართ, არამედ იმიტომ, რომ ხართ ძლიერი ლიდერი. გაბედეთ, აიღეთ პასუხისმგებლობა, თქვით ვინ ხართ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და გჯეროდეთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. შეგიძლიათ, გქონდეთ ძალიან წარმატებული კარიერა, იყოთ კარგი დედები და გყავდეთ ძლიერი ოჯახები“ ‒ გენერალური მენეჯერის რჩევა ქალებს ძალიან ჰგავს Radisson Blu-ს მთავარ გზავნილს ‒ სასტუმროების ქსელი სამსიტყვიანი სლოგანით ახდენს ბაზარზე პოზიცირებას: „დიახ, მე შემიძლია!“. გუნდის წევრებს სჯერათ, რომ სწორედ ეს არის ის, რაც მათ სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს. სტუმრისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნის პროცესში სასტუმროს მენეჯერი, მიმტანი, ოფიციანტი და გუნდის თითოეული წევრი სრულად არის ჩართული. აქ სჯერათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად ხართ, რომში, პეკინში თუ კეიპტაუნში, თუ Radisson Blu-ს სასტუმროში რჩებით, უმაღლესი ხარისხის სერვისი და უნიკალური მომენტების შექმნა მათი მთავარი პირობაა:

„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქსელს, გამოარჩევს მაღალი დონის მომსახურება, რომელსაც ჩვენი გუნდი თითოეულ სტუმარს სთავაზობს და მათთვის დასამახსოვრებელ მომენტებს ყოველ დღე ქმნის.“