ალანა არმიტაჯი და ტომაშ სობოტკა
აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა დგას პრობლემის წინაშე, რომელსაც ხშირად მოსახლეობის კრიზისს უწოდებენ. რეპროდუქციული ასაკის ბევრი მაღალკვალიფიციური ადამიანი ტოვებს საკუთარ ქვეყანას და უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად სხვა ქვეყნებში მიემგზავრება. ხოლო იმ მოსახლეობაში, რომელიც სამშობლოში რჩება, შობადობის მაჩვენებელი დაბალია და ერთ ქალზე ორ ბავშვზე ნაკლებს შეადგენს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში თითქმის უახლოვდება ერთ ქალზე ერთ ბავშვს.
აღნიშნული ტენდენცია როგორც პოლიტიკოსების, ასევე ფართო საზოგადოების შეშფოთების საგანს წარმოადგენს. არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ ქვეყნებიდან მოსახლეობის მიგრაცია, შობადობის დაბალ მაჩვენებელთან ერთად, შედეგად ერების რიცხობრივ შემცირებას, დაბერებასა და დასუსტებას გამოიწვევს.
რამდენად საფუძვლიანია აღნიშნული საფრთხე? გარკვეულწილად, საფუძველი მართლაც არსებობს. მოსახლეობის რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება და დაბერება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც, ეკონომიკური ან იდეოლოგიური მიზეზებით, არ შეუძლიათ მოიზიდონ იმიგრანტები, ე.წ. დემოგრაფიული დანაკარგის შესავსებად. ამ შემთხვევაში, მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებას მართლაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ეკონომიკას, სოციალურ სისტემებსა და ინფრასტრუქტურას მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიებზე.
თუმცა, აღნიშნული დემოგრაფიული ცვლილების გარშემო არსებული ვნებათაღელვა, ძირითადად, ერისა და ძალაუფლების შესახებ მოძველებული მოსაზრებებიდან მომდინარეობს. დღეს, აღვნიშნავთ რა მოსახლეობის მსოფლიო დღეს, საჭიროა ხაზი გავუსვათ იმას, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მოსახლეობის რიცხოვნობა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მოსახლეობის ადამიანური კაპიტალი – მოსახლეობის განათლების დონე და ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროდუქტიულობა და ინოვაციური პოტენციალი. ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია ან იაპონია, უკვე ათწლეულებია შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალ ნიშნულზეა, თუმცა, ამავე დროს, ეს ქვეყნები აღმავლობის გზას ადგანან. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია ან ნორვეგია, თავიანთი სიმცირის მიუხედავად, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ადგილს არ თმობენ.
დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ, მდგომარეობს იმაში, რომ რიცხოვნობაზე ორიენტირება, რასაც ზოგჯერ ადგილი აქვს მოცემულ რეგიონში, და განსაკუთრებით, მხოლოდ შობადობის მაჩვენებლებზე სწორება, არაფრის მომტანია. მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ არ არსებობს შობადობის ოპტიმალური მაჩვენებელი და ნებისმიერ შემთხვევაში, შობადობის მაჩვენებლის ზრდა არ არის და არც შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი.
კვლევებით დასტურდება, რომ ტრადიციული პროგრამები, რომლებიც მშობლებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას სთავაზობს მეტი ბავშვის გაჩენის წახალისების მიზნით, მხოლოდ დროებითი ეფექტის მატარებელია. ადამიანებმა შესაძლებელია მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის დაგეგმილ დროზე ადრე გაჩენის შესახებ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რაც დასაწყისში შობადობის მაჩვენებლის ზრდას იწვევს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ისინი დაგეგმილზე მეტ ბავშვს არ აჩენენ, ამრიგად, გრძელვადიან პერსპექტივაში, შობადობის მაჩვენებელი უცვლელი რჩება. ამაში არაფერია გასაკვირი: ყველაზე გულუხვი ფინანსური დახმარებაც კი იმ ხარჯების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის დაფარვას ემსახურება, რომელიც ბავშვის გასაზრდელად არის საჭირო.
გარდა ამისა, ზოგად გარემოში ცვლილებების გარეშე, შობადობის მაჩვენებლის ნებისმიერი პოტენციური ზრდა ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შეუერთდება მათ რიგებს, ვინც ვერ ახერხებს ღირსეული სამუშაოს შოვნას, საკუთარ ქვეყანაში მომავალს ვერ ხედავს, იძულებულია სხვა ქვეყანაში წავიდეს და თან წაიღოს ის ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფომ მის განათლებაში ჩადო.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის უმჯობესი იქნება იმ გზის არჩევა, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება – ის ეფუძნება ფაქტს, რომ ამ რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობის უმეტესობას სურვილი აქვს ჰყავდეს ორი ან მეტი შვილი და გულისხმობს იმ ბარიერების მოხსნას, რაც მოსახლეობას საკუთარი რეპროდუქციული გეგმების გახორციელებაში უშლის ხელს. სწორედ ეს იქნება ამ რეგიონში არსებული მოსახლეობის კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზა.
როდესაც ახალგაზრდებისათვის გაურკვეველია ქვეყნის მომავალი და საკუთარი კარიერული პერსპექტივა, ბავშვების გაჩენა ფინანსურად სარისკოა, განსკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მასშტაბით სოციალური უსაფრთხოების ქსელი საკმაოდ სუსტია. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი ხელფასები, განსაკუთრებით, ქალების შემთხვევაში და მზარდად არასტაბილური სამუშაო გარემო, რა თქმა უნდა, არსებული პრობლემის მოგვარებას ხელს არ უწყობს.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს დასაქმებული ქალებისათვის მხარდაჭერის არარსებობა, ქალებისათვის, რომლებიც, ჯერ კიდევ მთავარ პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ ბავშვებზე ზრუნვისა და შინამეურნეობის გაძღოლის თვალსაზრისით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი საჯარო ბაგა-ბაღების სერვისი არაადეკვატურია, ხოლო სამუშაო პირობები არ არის მოქნილი, რაც ბევრ ქალს ბავშვებზე ზრუნვასა და საკუთარ კარიერას შორის არჩევანის გაკეთებას აიძულებს.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა მთავრობამ, იმისათვის რომ წარმატებით შეძლოს შობადობის მაჩვენებლის მოსახლეობის რეპროდუქციული გეგმებისა და სურვილების შესაბამის ნიშნულამდე გაზრდა, და მათთვის სხვა ქვეყნებში მიგრაციის ალტერნატივის შეთავაზება, უნდა შექმნას გარემო, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს უფრო თავდაჯერებულად დაგეგმონ საკუთარი მომავალი და შექმნან ოჯახები.
აღნიშნული საჭიროებს კარგ მმართველობას, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და ინდივიდუალური უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, ასევე, კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას, რომელიც ოჯახების, ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება.
არსებობს საზოგადო შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რას უნდა მოიცავდეს აღნიშნული პოლიტიკა: ბავშვებზე ზრუნვის ხარისხიან და ხელმისაწვდომ ინსტიტუციებს, მოქნილ და მაღალანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის (რაც, ერთგვარად, მამაკაცებისათვის წახალისება იქნება, ოჯახში საკუთარი მოვალეობების შესრულების თვალსაზრისით); მოქნილ სამუშაო გარემოს და თანაბარ ანაზღაურებას მამაკაცებისა და ქალებისათვის; პროგრამებს, რომლებიც ემსახურება მამაკაცებისა და ქალების წახალისებას, რათა მათ თანაბრად გაინაწილონ ბავშვებზე ზრუნვასა და შინამეურნეობასთან დაკავშირებული მოვალეობები და საქმე; ხელმისაწვდომი საცხოვრისების უზრუნველყოფას და დაბალშემოსავლიანი ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას.
ზოგიერთი ქვეყნის მაგალითი, როგორიცაა შვედეთი, გვიჩვენებს, რომ აღნიშნული პოლიტიკის სხვადასხვა ვარიაციები შობადობის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას ემსახურება. ესტონეთმა რადიკალურად შეცვალა დეკრეტული შვებულების პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვის ინსტიტუტები. აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ამჟამად სწორედ ამ გზას ადგას, რაშიც მათ მხარდაჭერას უცხადებენ გაეროს მოსახლეობის ფონდი და მისი პარტნიორები.
ეს გზა არ იქნება მარტივი. ისედაც მწირე რესურსების მიმართვა ოჯახის ხელშემწყობი პოლიტიკისკენ, სავარაუდოდ, გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდება, ისევე როგორც საზოგადოებაში მამაკაცისა და ქალის როლებთან დაკავშირებული ტრადიციული სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპების ესოდენ საჭირო ტრანსფორმაცია.
ამ ბარიერების გადალახვა მტკიცე პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ცვლილებებისთვის მზაობას მოითხოვს. თუმცა, პოტენციური სარგებელი განუზომელი იქნება და არა მხოლოდ შობადობის მაჩვენებლებზე ჰპოვებს ასახვას. ვინაიდან, როდესაც ახალგაზრდები რწმენით ეკიდებიან საკუთარ მომავალს და ქალებს აქვთ შესაძლებლობა სრულყოფილად ჩაერთონ ყველა საზოგადოებრივ სფეროში, ისე რომ არ მოუწიოთ ბავშვების გაჩენაზე უარის თქმა, ქვეყანაში არა მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობა იზრდება, არამედ ხდება შესაძლებლობების გაფართოვება და სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის.
ალანა არმიტაჯი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორია. ტომაშ სობოტკა ხელმძღვანელობს ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ვენის დემოგრაფიის ინსტიტუტის შობადობისა და ოჯახის საკითხებზე მომუშავე კვლევით ჯგუფს.