ინტერვიუ თეონა გაბუნიასთან
ავტორი: სოფო კარგარეთელი
ფოტო: ანა ბოკო
თავისუფლების მოედნიდან ზუსტად 7 წუთში, ოქროყანაში, თქვენს წინ გამორჩეულად ლამაზი სივრცე იშლება. ძნელია თქმა, როდის უფრო განსაკუთრებულია ის, მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი მწვანეა, თუ მაშინ, როცა ყველაფერი თეთრად, თოვლით იფარება. ეს „ჰილსაიდია“, ადგილი რომელიც თქვენს ღონისძიებებს, კორპორატიულ წვეულებებს, მიღებებსა თუ ქორწილს დაუვიწყარს გახდის. „ჰილსაიდის“ ისტორია 2 წელს ითვლის, მას შეუძლია ერთდროულად 800 სტუმარსაც უმასპინძლოს და ყველა კმაყოფილი გაისტუმროს. დიახ, რა თქმა უნდა, ამ წარმატებული ბიზნესის უკან ქალი დგას – თეონა გაბუნია, პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
რა იყო ვიდრე “ჰილსაიდი” იქნებოდა?
საკუთარი პროფესიით თეონა მუშაობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოში, იყო „კავკასუს ონლაინის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. „სამუშაო გამოცდილებამ მომცა იმ მასშტაბის თავდაჯერებულობა, რომ საკუთარ ბიზნესში გადანაცვლების გადაწყვეტილება მივიღე“ – აქედან უკვე თეონა გაბუნიას ისტორიაში ბიზნესი იწყება.
საიდან გაჩნდა “ჰილსაიდის” იდეა და რატომ მაინცდამაინც ბიზნესის ეს სფერო? რა მოცულობის ინვესტიცია დასჭირდა თქვენი იდეის რეალიზებას და როგორ მოიპოვეთ შესაბამისი თანხები?
მასშტაბური ღონისძიებების მოსაწყობად თბილისში ან მასთან ახლოს დიდი არჩევანი არ გვაქვს. ძირითადად არის დარბაზები და დახურული სივრცეები. ამიტომაც, ვიფიქრეთ, ღია სივრცე, რომელიც ქალაქთან ახლოს მდებარეობს, სულ რაღაც 7 წუთის გზაზე, საიდანაც თბილისის შესანიშნავი ხედი იშლება, იქნებოდა ძალიან მიმზიდველი სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის. ბოლო წლებში შეინიშნება ტენდენცია, რომ ქორწილის თუ სხვა სახის ღონისძიების ორგანიზებისას დიდი ყურადღება ეთმობა სივრცის მოწყობასა და გალამაზებას სხვადასხვა დეკორაციით.
„ჰილსაიდი“ არის სწორედ ის ალტერნატიული სივრცე, თავისი ეზოთი და გამწვანებით, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი გემოვნებით მოაწყოს ესა თუ ის ღონისძიება. ინვესტიციას რაც შეეხება, იდეის რეალიზებას დაახლოებით 1 მლნ დოლარი დასჭირდა. პროექტის განხორციელება საკუთარი კაპიტალით და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით შევძელით. ბანკის დახმარება მხოლოდ ფინანსურ ნაწილს არ შეეხებოდა, მათ დაგვახვედრეს დარგის შესაბამისი კვლევა. ბანკმა კვლევაზე დაყრდნობით დაგვიდასტურა, რომ ეს მომსახურება მოთხოვნადი იყო, რომ მას ჰქონდა დიდი პერსპექტივა, სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ პროექტის განხორციელება.
რა გამოარჩევს თქვენს რესტორანს, იგივე დანიშნულების სხვა პოპულარული ადგილებიდან?
პირველ რიგში, „ჰილსაიდი“ იძლევა საშუალებას 800 ადამიანს უმასპინძლოს, ხოლო თუ ღონისძიება არის ფურშეტის ტიპის, ამ შემთხვევაში 2000 ადამიანის მიღებაც შეგვიძლია. გამწვანებული ეზო და არაჩვეულებრივი ხედი თბილისზე ასევე დიდი უპირატესობაა. თუმცა, მთავარი, ალბათ, მაინც ის არის, რომ ეს სივრცე დამკვეთს აძლევს შესაძლებლობას ღონისძიება საკუთარი გემოვნებით მოაწყოს. ცხადია, სურვილის შემთხვევაში, ჩვენც ვეხმარებით.
“ჰილსაიდის” სეგმენტი მხოლოდ მაღალი კლასის კლიენტურაა თუ მომსახურებას საშუალო კლასსაც უწევთ?
მოგეხსენებათ, დიდი ღონისძიებების ორგანიზება ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ყველა მომხმარებელს თავისი ბიუჯეტი აქვს გათვალისწინებული ამა თუ იმ ღონისძიებისთვის, ვცდილობთ, ჩვენს სტუმრებს მაქსიმალურად მოვერგოთ.
როგორია ციფრებში “ჰილსაიდის” წარმატება, რამდენ ღონისძიებას ემსახურებით წელიწადში?
პირველ ღონისძიებას ჰილსაიდმა 2017 წლის 14 ივნისს უმასპინძლა, მას შემდეგ დატვირთულობის ტენდენცია მზარდია. ბაზარზე თავის დამკვიდრებას დიდი ძალისხმევა ესაჭიროება. მომხმარებელის ნდობის მოპოვება არც თუ ისე ადვილია, თუმცა დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მთავარ მიზანს თავი წარმატებით გავართვით და შედეგიც სახეზეა. გასულ სეზონს თუ შევადარებთ დაკვეთის რაოდენობა 50% გაიზარდა. ჩვენთან მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული, ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე, მომსახურე პერსონალის რაოდენობამ შესაძლოა 100 მიაღწიოს.
ორი წელი არ არის მცირე დრო ბაზარზე ადაპტაციისთვის, საინტერესოა, თქვენი გადმოსახედიდან, რა გამოწვევები აქვს ბიზნესის ამ სფეროს საქართველოში?
გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს მაღალხარისხიანი პროდუქტი. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყველგან საბუთით ვერ შეიძენ, რაც ართულებს ხარისხის უზრუნველყოფის და საგადასახადო ვალდებულების ერთდროულად შესრულებას. ხმაურის რეგულაციაც შეიძლება ერთ–ერთ გამოწვევად ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს პრობლემა დიდად არ გვაწუხებს, ვინაიდან „ჰილსაიდი“ მოშორებით არის დასახლებული პუნქტიდან, ვფიქრობთ, კარგი იქნება მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა ხმაურის ნორმატივებთან დაკავშირებით, რაც ბიზნესს მოსახლეობის მხრიდან უსამართლო პრეტენზიებს თავიდან ააცილებდა.
თუ ქალების გამოწვევებზე ვისაუბრებთ, აქ ალბათ გაცილებით რთულადაა საქმე, ვიდრე ხმაურის რეგულაცია და სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები. რა გამოწვევებს აწყდებით ბიზნესმენი ქალები?
ქალებს ჯერ კიდევ ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ, იმისთვის რომ თავი დაიმკვიდრონ ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ ბიზნესში. საბედნიეროდ, მე ამ გზის გავლა არ გამჭირვებია, ვინაიდან, ალბათ იმიტომ, რომ ოჯახში მამაც და მეუღლეც ყოველთვის მხარში მედგნენ, რომლებიც, ამავდროულად, ჩემი ბიზნესპარტნიორებიც არიან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ ისევ არის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც ქალის როლი დაკნინებულია და ბიზნესის დასაწყებად მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.
სად არის გამოსავალი, როგორ წარმოგიდგენიათ არსებული სტერეოტიპების დარღვევა, ეს მხოლოდ ქალების საქმეა, თუ მამაკაცებსაც გარკვეული როლი ეკისრებათ?
დღეისთვის ბევრი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროგრამა ახალისებს ქალ მეწარმეებს, რაც ძალიან მისასალმებელია.მნიშვნელოვანია, ხშირად ვისაუბროთ ქალების პრობლემებზე ბიზნესში ან, თუნდაც, მათ წარმატებაზე. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს იმ ქალებს, რომლებიც ჯერ კიდევ სხვადასხვა მიზეზის გამო თავს იკავებენ გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, მოიკრიბონ მეტი გამბედაობა. საბოლოოდ კი ყველამ ერთად უნდა აღმოვფხვრათ სქესის მიხედვით შეფასების ტენდენცია. თეონა გაბუნია არ აპირებს მხოლოდ ერთი სივრცით შემოფარგლოს, სწორედ ამიტომ უახლოეს გეგმებში „ჰილსაიდის“ გაფართოება შედის – იქვე ახლოს, ისევ განსაკუთრებულ გარემოში და ისევ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერის იმედით.
ეს „საქართველოს ბანკისთვისაც“ პრიორიტეტია, ეს ფინანსური ინსტიტუტი უკვე წლებია საქმიანი ქალების გვერდით დგას. „საქართველოს ბანკი” უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული. ბანკი აქტიურად ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ბიზნესში ქალების როლის გააქტიურების, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ, გავაძლიეროთ ბიზნესსა და ეკონომიკაში ქალების მონაწილეობა და როლი. საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესში ქალების მხარდაჭერას და მათთვის საინტერესო პროგრამების განხორციელებას“,- ბანკის ეს დაპირება მოქმედი თუ მომავალი ბიზნესმენი ქალებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა აქციოთ თქვენი იდეები თუ ოცნებები რეალობად!