გიორგი გახარია ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

Photo credits to: საქართველოს მთავრობა

მხარეებმა ყურადღება COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე საუბარს დაუთმეს. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ ამ  კუთხით მიღწეული წარმატება და გიორგი გახარიამ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მიღებული ფინანსური მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. კერძოდ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 3 ძირითადი მიზანი დაისახა – დემოკრატიული განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცება და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესება.  

ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროს. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე, ხოლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საუბარი შეეხო, ასევე, კიბერუსაფრთხოებას, რასთან დაკავშირებითაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე და ერთ-ერთი ბოლო შეტევისას საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიას, მიადგა ზიანი. გიორგი გახარიას განცხადებით, წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ამიტომ კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საუბარი შეეხო 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსაც. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებს ევროპული სტრუქტურების რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ეყოლება.