ინტერვიუ ქეთი ჩხიკვაძესთან
ავტორი: თამარა კაჭახიძე
ფოტო: ანა ბოკო
ამ სფეროში ინტუიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა იგრძნო ნიუანსები და მიჰყვე შენს ინსტიქტებს. რთულია, ერთ კონკრეტულზე კონცენტრირება, მაშინ როდესაც კითხვაზე “რა ჩავიცვათ?”- ყველაზე აქტუალური პასუხია-ინდივიდუალიზმი და ინდივიდუალური არჩევანი.
უკვე მრავალი წელია, ქეთი ჩხიკვაძე თავის წარმოსახვას დახვეწილი სისადავით, ნათელი ფერებით უხამებს სილუეტს, მაგრამ ყველაზე ხშირად, მუდმივი ძიების პროცესში აღმოჩენილ ნიუანსებს, გამორჩეული დეტალების საშუალებით გადმოგვცემს.
ახალი თავგადასავლების დროა. ქეთი მუშაობას პარიზში აგრძელებს.
როგორ იწყება თქვენი კარიერა მოდის სამყაროში?
ყველაფერი სამხატვრო აკადემიით დაიწყო და ყაზახეთში გაგრძელდა, სადაც ოჯახთან ერთად გადავედი საცხოვრებლად. სწორედ იქ გადავწყვიტე, ჩემი ბრენდი შემექმნა. გავხსენი მაღაზია, რომელიც პირველი იყო ყაზახეთში, სადაც იყიდებოდა არა ნაციონალური ტანსაცმელი, ან შეკვეთით შექმნილი სამოსი, არამედ დიზაინერის პრეტაპორტე (Fresh Pret-A-Porter) სეზონების მიხედვით.
რა შეიძლება გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო?
ინსპირირება შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფილმი ან ადამიანი, რომელსაც შემთხვევით ქუჩაში დავინახავ. შესაძლებელია, გამვლელის სამოსში ისეთი დეტალი აღმოვაჩინო, რომ არასოდეს დამავიწყდეს და სამუდამოდ დაილექოს ჩემს მეხსიერებაში. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილებს. სწორედ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ხოლმე სხვა ნიუანსებზე, როგორი სილუეტის შექმნა შეიძლება და ა.შ. ჩემს ბოლო კოლექციებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალებს, კერძოდ, უკანასკნელ კოლექციებში გულის, სიყვარულის თემაზეა მთავარი აქცენტი. გამოვიყენე გულის ფორმის აქსესუარები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღილები. არ ვიცი, ალბათ, ეს ქვეცნობიერად ხდება და განწყობის შედეგია. ვცდილობ, კოსტუმს ისეთი დეტალი შევმატო, რომელიც მას დასამახსოვრებელს გახდის.
რა ახალ გამოწვევებს უკავშირდება თქვენთვის პარიზში გადასვლა და რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავარ. დაგეგმილია ორი სეზონი პარიზში, სადაც ჩემს კოლექციებს ვაჩვენებ. მჯერა, რომ აუცილებლად ყველაფერი გამომივა და განსაკუთრებული შედეგებით დასრულდება. ორჯერ უკვე მქონდა ჩვენება პარიზში, საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კი, ეს ყველაფერი თავისთავად გაგრძელდება.
უკვე 17 წელზე მეტია რაც ქართული მოდის ინდუსტრიაში მუშაობთ. თქვენი აზრით, ამ დროის განმავლობაში შეიცვალა თუ არა საზოგადოება, როგორც მოდის, ისე პიროვნული თავისუფლების მხრივ?
პიროვნული თავისუფლების მხრივ ნამდვილად გავიზარდეთ, მიმღებლობაც გაგვიჩნდა. მაგალითად, რაც ადრე საზოგადოებისთვის შედარებით რთულად აღსაქმელი იყო, ახლა მისაღები გახდა. ვგულისხმობ, მაღალფასიან ნაწარმს. გარდა ამისა, ქართული საზოგადოებისგან ძალიან დაფასებულები ვართ როგორც მე, ასევე ჩემი კოლეგები და ეს, ნამდვილად, მოდის კვირეულების დამსახურებაა. შეიცვალა მიდგომებიც ‒ ახლა ნაკლებად ფიქრობენ, რომ მხოლოდ იტალიური ან ფრანგული სამოსი შეიძლება იყოს კომფორტული. ჩვენი კოლექციები საქართველოს ფარგლებს გასცდა და უკვე ევროპაშიც შეგიძლიათ იხილოთ. ქართველი დიზაინერები მონაწილეობას იღებენ „შოურუმებში“ საზღვარგარეთ. თბილისში, მოდის კვირეულების შედეგად, ძალიან დიდი რესურსი იხარჯება ქართული ბრენდების პოპულარიზაციაში. ვამაყობ ჩვენი დიზაინერებით, უამრავმა ბრენდმა შეძლო საკუთარი წვლილის შეტანა დღევანდელ შექმნილ გარემოში.
რაში მდგომარეობს თქვენი ბრენდის უნიკალურობა და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?
თარგის თავისუფლება, კლასიკა, სისადავე, გამორჩეული ელემენტები…
ჩემი მთავარი მიმართულება თანამედროვე, ინდივიდუალური, ელეგანტური ქალია, მაგრამ აუცილებლად, პრაქტიკული. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემი მომხმარებლისთვის ჩემ მიერ შექმნილი კაბები არ იყოს ერთჯერადი და ისინი სხვადსხვა სტილს ერგებოდნენ. თუმცა ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც დეტალებია, რომლითაც კოლექცია აუცილებლად უნდა იყოს გამორჩეული და დასამახსოვრებელი.
მოტივაციასთან ერთად, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა მსოფლიო მასშტაბის წარმატება?
როდესაც შენგან ელოდებიან შედეგს, როდესაც არის ძალიან დიდი მოლოდინი… ეს მართლაც უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე. თუმცა, პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი მოტივაციაც, რადგან პარიზი არის ქალაქი, სადაც გეძლევა შესაძლებლობა, ბოლომდე თქვა შენი სათქმელი. მჯერა, რომ ნებისმიერი სახის შრომა, ადრე თუ გვიან, შედეგს გამოიღებს, უბრალოდ, შენ ამისთვის აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ზოგადად, შრომა და მონდომება არასდროს იკარგება, უბრალოდ, ყველა ადამიანს წარმატების მიღწევის ინდივიდუალური, განსხვავებული გზა აქვს. ყველანი ერთნაირად წარმატებულები ვერ ვიქნებით. ყველაფერს თავისი დრო აქვს; არ უნდა ვიჩქაროთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვიშრომოთ ძალიან ბევრი.
რა რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ მომავალს თქვენს სფეროში ხედავენ?
მთავარია, შრომა და გულწრფელი დამოკიდებულება როგორც საქმისადმი, ისე გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ადვილი არაფერია. მთავარია, რა ამბიცია და მოლოდინი გაქვს. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ ჩვენს შესაძლებლობებსა და სურვილებში, შემდეგ ჩამოვაყალიბოთ მიზნები და თავდაჯერებულად შევუდგეთ მისკენ სწრაფვას.
ჩემი გამოცდილებიდან რომ გითხრათ, მე არასოდეს ვკმაყოფილდები მიღწეულით და ყოველთვის უფრო მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან. თავდაჯერებულობაც და თვითკმაყოფილებაც ზომიერი უნდა იყოს, რადგან ზოგჯერ შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუმცა ასევე არ შეიძლება თვითკრიტიკა თვითგვემაში გადაგვეზარდოს. ვფიქრობ, საჭიროა სხვისი მოსმენაც, რჩევების გათვალისწინება, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცევას.
საქმე ისაა, რომ დიდი მიზნები ერთ დღეში არასოდეს მიიღწევა. ზოგჯერ, ცხოვრება თვითონ გაძლევს შანსს და როცა არ ელოდები, უამრავი, საინტერესო შესაძლებლობები გეძლევა. ზოგ შემთხვევაში იღბლიანი შემთხვევა, გამართლებაც განაპირობებს ადამიანის მომავალს: საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. ჩემს შემთვევაშიც ასე მოხდა: მომეცა შანსი, რომელსაც არ ველოდებოდი. მართალია, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავიწყებდი ამაზე ფიქრს, მაგრამ ამ ეტაპზე არ დავფიქრებულვარ. ახლა კი ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენო.