ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს კერძო სექტორის, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ეკონომიკურ ვითარებასთან გამკლავების მიზნით პროგრამებში ცვლილებები შეაქვს. სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, „სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“

ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა

კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი საფრთხე შეექმნა გამოფენების, კონფერენციების, შეხვედრებისა და წვეულებების ორგანიზატორებს. სწორედ ამიტომ, სააგენტოს განახლებული პროგრამის მიზანია მსგავსი კომპანიებისათვის კომერციული ბანკებისგან სესხის აღების სუბსიდირება. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარი კომპანიების სასარგებლოდ სააგენტოს მიერ გამოყოფილი სუბსიდირების თანხის გამოყენება კომერციულ ბანკებს შეეძლებათ როგორც სესხის ძირის, ისე საპროცენტო სარგებლის დასაფარად. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ კურსში გაცემული სესხის სუბსიდირებას.

საკრედიტო საგარანტიო სქემა

განახლებულ პროგრამას ასევე დაემატა ინდუსტრიული მიმართულების 3 ახალი კოდი: კინოფილმების ჩვენება, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება. აგრეთვე სოფლის მეურნეობის 9 ახალი კოდი: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა, ზეთოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა, სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის

განახლებულია განცხადების მიღების პირობები პროგრამაზე „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება შერეული მიზნობრიობის მქონე სესხების გაცემაც. წინა ეტაპებისგან განსხვავებით პირობების დაკმაყოფილების და დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ იმ მსესხებლებსაც რომელთა მიერ აღებული სესხების  არანაკლებ 80 % მიმართულია სასტუმროს შეძენის /მშენებლობის /გაფართოების /აღჭურვის /რემონტის /რეკონსტრუქციის /სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენისთვის.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერაა, რასაც ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობით ახორციელებს. 6 წლის განმავლობაში სააგენტომ 13 000-ზე მეტ ბენეფიციარს შეუწყო ხელი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში. დღეიდან სააგენტოს მიმართულებას დაემატება კიდევ 2 ახალი ეკონომიკური საქმიანობა: კველევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში; ტექნიკური გამოცდები და ანალიზები.