ვიქტორია სეკრეტი კლიენტებთან მუშაობის სტრატეგიას ცვლის. ახალი კამპანია სახელწოდებით VS Collective კონცენტრირებულია ქალებზე, რომლებიც ცნობილები საკუთარი მიღწევებით გახდნენ და არა – გარეგნული მახასიათებლებით. აღნიშნული კამპანიის იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც ორი წლის წინ ვიქტორია სეკრეტის მისამართით ბრალდებების ტალღა აგორდა იმის შესახებ, რომ ფირმას მიზოგინისტი კაცები მართავენ, რომლებიც ქალების სექსუალურ ობიექტივაციას ახდენენ. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელები მოდელებს სექსუალურად ავიწროებენ, რის გამოც, მათ არ გააჩნიათ ინტერესი, სარეკლამო კამპანიებში სხვადასხვა აღნაგობის მოდელები ჩართონ.
Შავმა PR-მა მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოების ბრენდისადმი დამოკიდებულება. საქონლის ფასი მკვეთრად დაეცა, ასობით საცალო მაღაზია დაიხურა, ხოლო ყოველწლიური სატელევიზიო სამოდელო ჩვენებები – გაუქმდა.
სასოწარკვეთილმა ფირმამ პროდუქციის გასასაღებლად ეფექტური საშუალებების ძებნა დაიწყო და ახალი ხელმძღვანელობა დაამტკიცა. კომპანიას ჰყავს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო გუნდი მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც ვიქტორია სეკრეტი ამ ზაფხულს L Brands-სა და Bath & Body Works-ს შეისყიდის და გაფართოვდება.
როგორც ვიქტორია სეკრეტის გენერალურმა დირექტორმა, მარტინ უოტერსმა New York Times-სთან ინტერვიუში აღიარა, ძველი სარეკლამო კამპანიები, რომელშიც ზედმეტად გამხდარი მოდელები მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და ანგელოზის გიგანტურ ფრთებს ირგებდნენ, მამაკაცების ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად, ხოლო მას შემდეგ, რაც კომპანიამ გააცნობიერა, რომ ბრენდის მთავარი მომხმარებლები ქალბატონები არიან, საჭიროა, კოლექციის რებრენდინგი, რათა მეტი ყურადღება დაეთმოს თავად ქალების სურვილებსა და ისეთი თეთრეულის რეალიზებას, რომელიც ქალებისთვის აღიქმება სექსუალურად და არა – მამაკაცებისთვის.
ის გზავნილები, რომლებიც ვიქტორია სეკრეტის ძველ რეკლამებში ჟღერდებოდა, არა მხოლოდ სტიმულს ართმევდა ქალებს, არამედ საზიანოც იყო მათთვის. კვლევებით მუდმივად დასტურდება, რომ ქალები თავს უარესად გრძნობენ, როდესაც იდეალიზებული, გამხდარი მოდელების ფოტოებს ათვალიერებენ, განიცდიან შფოთვას საკუთარ წონასთან დაკავშირებით და უქვეითდებათ თვითშეფასება. აქედან გამომდინარე, თეთრეულის წარმატებული ქალების მიერ წარდგენა შთამაგონებელია ქალებისათვის, რადგან ეს ამტკიცებს, რომ წარმატების მისაღწევად გენდერული ბარიერების გადალახვა შესაძლებელია და ყველა ტიპის სხეული ერთნაირად ლამაზი და მიმზიდველია.
კამპანიისთვის VS Collective ფირმამ შვიდი წარმატებული და გამორჩეული მიღწევების მქონე ქალი დაიქირავა. მონაწილეებს შორის არიან:
- ადუტ აკეჩი – ლტოლვილი სამხრეთ სუდანიდან, რომელიც სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის კამპანიებშია ჩართული;
- მეგან რაპინოუ – ამერიკელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ ქალ სპორტსმენებს მამაკაცებთან გათანაბრებული ანაზღაურება ჰქონდეთ;
- ეილინ გუ – 17 წლის ჩინელ-ამერიკელი მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით თხილამურობაში;
- პრიანკა ჩოპრა ჯონასი – ინდოელი მსახიობი, მომღერალი და მეწარმე;
- ამანდა დე კადენეტი – ბრიტანელი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ქალთა უფლებების დამცველი;
- პალომა ელსესერი – პლუს ზომის მოდელი, რომელიც იმედოვნებს, რომ ვიქტორია სეკრეტს შთააგონებს, დიდი ზომის ქალის თეთრეული შეკეროს.
- ვალენტინა სამპაიო – ტრანსგენდერი მოდელი და LGBTQIA+ აქტივისტი.
დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ვიქტორია სეკრეტი ახალი სარეკლამო კამპანიის გზით განაწყენებული ქალების გულის მობრუნებას. კომპანიის რებრენდინგი კი იმ ქალთა ინტერესებს ემსახურება, რომლებსაც სურთ, გარეგნობის გარდა, პიროვნული მახასიათებლების თუ პროფესიული მიღწევების გამო იყვნენ საზოგადოებაში აღიარებულნი