ასობით ინფიცირებული მედპერსონალი|რა ხდება ბელარუსში

11 აპრილის მონაცემების მიხედვით, ბელარუსში ახალი ტიპის კორონავირუსით 2,226 ადამიანი იყო ინფიცირებული, 23 კი – გარდაცვლილი. ინფიცირებულთა შორის 301 მედპერსონალია.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს, რომ ბელარუსში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბოლო ორ-სამ დღეში განსაკუთრებულად გაიზარდა, რაც ვირუსის შიდა გავრცელებაზე მიუთითებს.

WHO-ის რეკომენდაციების თანახმად, იზოლაციის გამკაცრება, მასობრივი შეკრებებისა და სპორტული ღონისძიებების გადადება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუმცა, მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციებისა, ბელარუსი ევროპის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანაა, რომლის საზღვრებიც ჯერ კიდევ არ ჩაკეტილა. გარდა ამისა, ბელარუსში ფეხბურთის მატჩების გამართვაც გრძელდება.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის კარანტინზე პრიორიტეტული ახლა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. მისი თქმით, ქვეყანა მკაცრ საკარანტინე რეჟიმს ვერ გაუმკლავდება.