აშშ-ში სკოლებს Zoom-ის გამოყენებას უკრძალავენ

სასკოლო ოლქები აშშ-ში მასწავლებლებს Zoom-ის გამოყენებას უკრძალავენ. ამის მიზეზი კი პროგრამის გარშემო არსებული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის ეჭვქვეშ დაყენებული საკითხებია.

ნიუ-იორკის საგანმანათლებლო დეპარტამენტმა უკვე მოუწოდა სკოლებს, რომ ნაცვლად Zoom-ისა, გამოიყენონ Microsoft Teams ონლაინ სწავლებისათვის. სკოლების გაერთიანების დირექტორმა კი მასწავლებლებს მოუწოდა, რომ თანდათან სხვა სერვისის გამოიყენებაზე გადაერთონ.

აღნიშნულ საკითხს ოფიციალურად გამოეხმაურა Zoom და აცხადებს, რომ უწყვეტ დიალოგშია სასკოლო ოლქებთან, რათა გააგრძელონ აღნიშნული სერვისით სარგებლობა.

„ჩვენ ვამაყობთ როლით, რომელიც გაგვაჩნია გამოწვევებით სავსე პერიოდში. აქტიურად ვესაუბრებით სკოლებსა და ახალ მომხმარებლებს, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ, საუკეთესოდ გამოიყენონ პლატფორმა“ – ამბობს Zoom-ის წარმომადგენელი, „მომხრე ვართ მომხმარებლები აღვჭურვოთ ყველა იმ რესურსით, რაც სჭირდებათ უსაფრთხო და დაცული პლატფორმის გამოყენებისას.“

Washington Post-ის ცნობით, სკოლებს Zoom-ზე წვდომა შეუზღუდეს ნევადას შტატშიც. საქართველოში საჯარო სკოლები დისტანციური სწავლებისთვის Microsoft Teams იყენებენ. Zoom მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილის მიერ გამოიყენება.