„ზუმის უნივერსიტეტს“ ალტერნატივა გამოუჩნდა

photo – Allie

სწავლების უახლესი მოდელი „ზუმის უნივერსიტეტი“ 2020 წლის შემოდგომიდან უკონკურენტო აღარ იქნება. სულ მალე მისი ალტერნატივა – სწავლების შერწყმული მეთოდი გამოჩნდება. მიუხედავად უმაღლესი სასწავლებლების ლიდერთა მისწრაფებისა, ამერიკის საუნივერსიტეტო კოლეჯების უმეტესობა სწავლების ჩვეულ მოდელს შემოდგომიდან სრულად ვერ დაუბრუნდება.

Chronicle of Higher Education-ის უახლესი მონაცემების თანახმად, კოლეჯების მხოლოდ 24% აპირებს, დაუბრუნდეს სწავლების ჩვეულ მოდელს. მონაცემებმა აჩვენეს, რომ ონლაინმეცადინეობების დროს მოსწავლეები/სტუდენტები სწავლობენ გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ტრადიციული ფორმის დროს. წინასწარი კვლევების თანახმად, ონლაინსწავლების კურსის წარმომადგენლებმა ფინალურ გამოცდაზე, საშუალოდ, 4.2 ქულით ნაკლები შეფასება მიიღეს, ვიდრე პირადად სწავლების სექციის შემთხვევაში. კურსი კი მათგან მხოლოდ 54%-მა დაასრულა წარმატებით.

მიუხედავად იმ წარმატებისა, რაც „ზუმის უნივერსიტეტმა“ მსოფლიო პანდემიის პირობებში აჩვენა, გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა. სტუდენტები ვირტუალური გზით მიღებულ განათლებაში სწავლის სრული საფასურის გადახდას აპროტესტებენ.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: ონლაინ და ტრადიციული განათლების მეთოდთა ნაზავი, ე.წ „შერწყმული სწავლება“. ეს არ გულისხმობს ზოგიერთდი კურსის ონლაინ, ზოგიერთის კი პირადად ჩატარებას, როგორც ამას ზოგიერთი კოლეჯი გეგმავს. „შერწმული სწავლების“ დროს თითოეულ ინდივიდუალურ კურსში გაერთიანდება, როგორც ონლაინ, ისე პირადად სწავლების საუკეთესო ელემენტები.

უილიამ ალპერტის, კენეტ კუჩისა და ოსკარ ჰარმონის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს ამ მიდგომის ეფექტურობას. ავტორებმა შემთხვევითობის პრინციპით დაავალეს სტუდენტებს, მიკროეკონომიკის კურსის შესასწავლად აეღოთ სამიდან ერთ-ერთი მეთოდი: სწავლება პირადად, ინტერნეტით ან შერეული.

პირადად სწავლების კურსის მონაწილეები ერთმანეთს კვირაში ორჯერ ხვდებოდნენ, პირველი სესია ლექციას ეძღვნებოდა, ხოლო მეორე – დისკუსიას. ონლაინსწავლების განყოფილებაში სტუდენტები ინტერნეტის საშუალებით გაეცნენ სალექციო მასალებს და მონაწილეობა მიიღეს ასინქრონულ განხილვით ფორუმში. ხოლო სწავლების შერწყმული მოდელის მონაწილეები უყურებდნენ ჩაწერილ ლექციებს ინტერნეტით, მაგრამ პირისპირ მსჯელობებისა და განხილვებისთვის ისინი ერთმანეთს კვირაში ერთხელ ხვდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი მხოლოდ ერთ კურსზე – მიკროეკონომიკაზე იყო განკუთვნილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში სწავლების შერწყმული მეთოდი „ზუმის უნივერსიტეტის“ საკმაოდ ეფექტური ალტერნატივაა. სასწავლებლები სტუდენტებს შორის დისტანციის დაცვას კურსის მონაწილეთა რამდენიმე ჯგუფად დაყოფით შეძლებენ. შერწყმული მეთოდით სწავლების დროს სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ როგორც პირისპირ სწავლების უპირატესობებით, ისე ფიზიკური დისტანცირებითა და ონლაინსავარჯიშოებით.

გარდა ამისა, აღნიშნული უნივერსიტეტების მხრიდან მხოლოდ მოკრძალებულ, დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს.

წყარო: forbes.com