ზოი სალდანა გახდა პირველი მსახიობი, რომელსაც $2-მილიარდიანი შემოსავლის ოთხ ფილმში უთამაშია

ზოი სალდანა გახდა პირველი მსახიობი, რომელსაც შემოსავლების კუთხით $2-მილიარდიანი ნიშნულის გადამლახავ ოთხ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მსახიობმა ეს სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მონაწილეობით გადაღებული კინოსურათის Avatar: The Way of Water-ის ბილეთების გაყიდვით მიღებულმა თანხამ $2 მილიარდს გადააჭარბა ($2.027 მილიარდი).

ფოტო: Getty Images

გარდა აღნიშნული ფილმისა, ზოი სალდანას მონაწილეობა მიღებული აქვს Avatar-ის პირველ ნაწილში, რომელიც 2009 წელს გამოვიდა და შემოსავლის სახით $2.923 მილიარდის შეგროვება შეძლო. ამ შედეგით ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი კინოსურათის სტატუსს ფლობს. სალდანას ასევე უთამაშია 2018 წელს გამოსულ Avengers: Infinity War-სა ($2.052 მილიარდი) და 2019 წელს გამოშვებულ Avengers: Endgame-ში ($2.798 მილიარდი).

აქვე, აღსანიშნავია, რომ ჯეიმს კამერონი გახდა პირველი რეჟისორი, რომლის სამმა ფილმმა გლობალური შემოსავლებით $2-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა. Avatar-ის ორივე ნაწილთან ერთად ის ასევე არის 1997 წელს გამოსული Titanic-ის რეჟისორიც, რომლის მიერ მიღებული გლობალური შემოსავალი $2.195 მილიარდს შეადგენს.