Zaha Hadid Architects-მა მსოფლიოს პირველი სრულიად ხისგან შექმნილი საფეხბურთო მოედნის მშენებლობის ნებართვა დეკემბერში მიიღო. მოედანი ინგლისში, გლოსტერშირში აშენდება, ბრიტანული საფეხბურთო კლუბის Forest Green Rovers-სთვის.
პროექტის დასრულების შემდეგ, გლოსტერშირის საფეხბურთო კლუბს ყველაზე „მწვანე“ საფეხბურთო მოედანი ექნება, რადგან იგი არა მხოლოდ ხის მასალით აშენდება, არამედ ენერგომომარაგებისთვის განახლებად ენერგორესურსებს გამოიყენებს. მოედანი 5000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
Zaha Hadid Architects-ს ნებართვის მისაღებად ორი მცდელობა დასჭირდა. პირველად, 2016 წელს მიღებული უარის შემდეგ კომპანიამ პროექტის დიზაინში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რათა ნაგებობას უხეშად არ დაერღვია მწვანე მდელოებიანი ლანდშაფტი და იდეალურად მორგებოდა მას. საბოლოოდ, არქიტექტურულ კომპანიას პროექტი 2019 წლის დეკემბერში დაუდასტურეს.